როგორ ცხოვრობს გერმანიაში ოთარ რამიშვილის შვილიშვილი

96
SHARE

17 წლის ლიზი რამიშვილი გერმანიაში, კრონბერგის აკადემიაში სწავლობს. ვიოლონჩელოზე დაკვრა 7 წლის ასაკიდან დაიწყო და მას შემდეგ ხშირი რეპეტიციები და კონცერტები მისთვის ცხოვრების ჩვეული რიტმია. თავის საქმეში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ და ახალგაზრდა ჩელისტის მთავარი საფიქრალიც სწორედ ესაა…

– ჩემი მშობლები და ოჯახის წევრები მუსიკოსები არიან. მათ გადაწყვიტეს, მუსიკალური განათლება მეც მიმეღო. ამის წინააღმდეგი არ ვყოფილვარ, პირიქით, დედაჩემი ორკესტრში მუშაობდა, ბავშვობიდან დავყავდი ოპერასა და ბალეტზე და ძალიან მომწონდა ეს სფერო. თავიდან ფორტეპიანზე შემიყვანეს. ერთი წელი ვსწავლობდი დაკვრას, მაგრამ მერე მშობლებმა გადაწყვიტეს, სიმებიან საკრავებზე გადავეყვანე და 7 წლის ასაკში ჩელოზე დაკვრის შესწავლა დავიწყე. ჩემი პედაგოგი გახლდათ თამარ გაბარაშვილი, რომლის ძალიან მადლიერი ვარ.
– სკოლა უკვე დაამთავრე?
– 1997 წელს დავიბადე, სკოლის ექსტერნად დამთავრების უფლება არ მქონდა. აქედან გამომდინარე, 11-წლიანი განათლება არავითარ პრობლემას არ წარმოადგენდა, რომ აქ სკოლის ატესტატის გარეშე მივეღეთ. კრონბერგის აკადემია დაახლოებით 20 წელია არსებობს, ის რამდენიმე ცნობილმა მუსიკოსმა დააარსა და მათ შორის არის როსტროპოვიჩი. აქ მსტისლავ როსტროპოვიჩის ფონდის, კერძოდ, ოლგა როსტროპოვიჩის მეშვეობთ მოვხვდი. ყოველ სექტემბერს ტარდება დიდი ფესტივალი, რომელშიც მუსიკოსები მთელი მსოფლიოდან მონაწილეობენ. ზოგჯერ მხოლოდ ჩელისტების ფესტივალია, ზოგჯერ შერეული – სხვა დანარჩენ ინსტრუმენტზე ყველა შემსრულებელი იკრიბება. ამ ფესტივალში მონაწილეობა სამჯერ მივიღე, რის შემდეგაც აკადემიამ ამიყვანა.
– დედმამიშვილი გყავს?..
– 8 წლის ძმა მყავს, რომელმაც ახლახან დაიწყო ფორტეპიანოზე დაკვრა. რამდენიმე სპორტზე დადიოდა, ახლა მხოლოდ ფარიკაობაზე დადის.
– შენ, მუსიკის გარდა, სხვა წრეზე დადიოდი?
– კი, რამდენიმე წრეზე დავდიოდი. მათ შორის იყო ცეკვა და სიმღერა. მუსიკაზე ვინც დადის, მათ შორის უმთავრესად არიან ისეთი ბავშვები, რომლებიც მხოლოდ მუსიკაში არიან ჩართულნი და 24 საათს უკრავენ, მაგრამ მე ასე არ ვყოფილვარ. ყოველთვის მრავალფეროვნება მქონდა, ეს ჩემი მშობლების დამსახურებაა. ისინი ბევრ რამეზე მატარებდნენ და ამით ძალიან ბედნიერი ვარ (იღიმის).
– ლიზი, ოთარ რამიშვილის შვილიშვილი ხარ. ინტერნეტში განთავსებულია მისი სიმღერები. გერმანიაში ნაცნობებსა და თანატოლ კოლეგებს თუ მოასმენინე ეს მელოდიები?
– პირველ რიგში, გეტყვით, რომ აქ ჩემხელა არავინაა. 20 სტუდენტიდან ყველა ჩემზე დიდია, 19 წლიდან – 25 წლამდე. მათთან ყოველდღიური შეხება არ მაქვს. თან, ყველას კონცერტები აქვს, რომლებსაც სხვადასხვა ქალაქში მართავენ და სულ გადაადგილება უწევთ. ჩვენ არ გვაქვს ისეთი ურთიერთობა, რომ დავსხდეთ, ჩვენზე ან ჩვენი ოჯახების შესახებ ვისაუბროთ და ერთმანეთს რამე მოვასმენინოთ. თუმცა ზოგადად იციან, რომ ჩემი ოჯახის ყველა წევრი მუსიკოსია და განსაკუთრებით, ბაბუაჩემი ცნობილი ადამიანი იყო საქართველოში.
– დღეს გერმანიაში მარტო ცხოვრობ? რა რეჟიმი და გრაფიკი გაქვს?
– მარტო ვარ (იღიმის). ძალიან რთულია, ძალიან, ძალიან… თავისუფალი დრო მაქვს, არ ვარ ძალიან გადატვირთული. ვფიქრობ, სექტემბრამდე აქ ვიქნები, შემოდგომიდან ან ისევ გერმანიაში გავაგრძელებ სწავლას, ანდა სხვაგან, ჯერ არ გადამიწყვეტია. პერიოდულად ჩამოვდივარ საქართველოში, ახლა თებერვლის ბოლოს ვგეგმავ, ცოტა განვიტვირთები და შემდეგ, აპრილში ჩამოსვლისას, უკვე კონცერტი მექნება.
– ლიზი, 17 წლის ხარ და ალბათ, უცხო ქვეყანაში დამოუკიდებლად ცხოვრება რთულია შენთვის…
– ყოველთვის მინდოდა, მარტო ვყოფილიყავი, მაგრამ მას შემდეგ, რაც აქ ჩამოვედი, ვფიქრობ, რომ მარტოობაზე არავინ არ უნდა იოცნებოს. ყველა მეხმარება, მაგრამ მაინც გამიჭირდა 17 წლის ასაკში მშობლების გარეშე ყოფნა. თვალწინ არ არიან, ცუდად რომ ხარ, ვერ ადგები და ვერ ჩაეხუტები. მართალია, რთულია, მაგრამ ვეჩვევი. თავიდან უფრო მიჭირდა, ახლა ნელ-ნელა მოვდივარ გონზე (იღიმის). მშობლებთან 24-საათიანი კონტაქტი მაქვს, ჩემები ყველანაირად მეხმარებიან და რჩევებს მაძლევენ, მაგრამ რაც მეტს ვესაუბრები, მით უფრო მენატრებიან და მერე ამაზე ნერვები მეშლება. აქედან გამომდინარე, ვცდილობ, მშობლებთან კონტაქტი შევამცირო, რადგან მიჭირს ჩემების გარეშე.
– გერმანული ენა იცი, თუ ინგლისურად ლაპარაკობ?
– გერმანული არ ვიცი, მაგრამ ვსწავლობ. ინგლისურად ვსაუბრობ და სხვებთან ასე ვურთიერთობ. აკადემიაში მხოლოდ ორი გერმანელი სწავლობს, დანარჩენი მსოფლიოს წარმომადგენლები ინგლისურად ლაპარაკობენ.
– ისევ შენს ოჯახს დავუბრუნდეთ. რამდენი წლის იყავი, ბაბუა რომ გარდაიცვალა?
– 14 წლის. ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. ოთარი გიტარაზე დაკვრას მასწავლიდა. რამდენიმე წლის განმავლობაში ვაკეში ყველანი ერთად ვცხოვრობდით, შემდეგ ჩვენ საბურთალოზე გადავედით. ბებია-ბაბუამაც შეიცვალა ბინა და ოთარი და გულნაზი ჩვენგან ორ ნაბიჯში ცხოვრობდნენ. ძალიან ხშირად ვიყავი მათთან და ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა ბაბუასთან.
– ქალბატონი გულნაზი გულჩვილი ქალია. წარმომიდგენია თქვენი შეხვედრა, როცა თბილისში ჩამოდიხარ, ალბათ ემოციებისგან ტირის…
– არა მხოლოდ ამ დროს, არამედ თბილისშიც რომ ვარ და მასთან მივდივარ, ჩემს დანახვაზე მაშინაც ტირის. სულ ტირის, ძალიან საყვარელი ქალია (იღიმის). ძალიან ვუყვარვარ და მეც ძალიან მიყვარს. ვმეგობრობთ. სულ რაღაც ჩანაწერებს აკეთებს ოთარზე და მასთან რომ ვრჩები, არ მაძინებს, მიკითხავს ხოლმე.
– ოთარ რამიშვილის სიმღერებიდან პირადად შენ ყველაზე მეტად რომელი მოგწონს?
– ბაბუაჩემის ყველა სიმღერასა და ლექსს დიდ პატივს ვცემ. ოთარის ყველა მელოდია განსხვავდება ერთმანეთისგან, ამიტომ ერთის გამორჩევა გამიჭირდება, ყველა მომწონს.
– ლიზი, სცენაზე გასვლის უწინდელი განცდები დღეს შეიცვალა? თუ ისევე ღელავ, როგორც პირველად?
– არ ვიცი, როგორ გითხრათ, სცენა ძალიან მიყვარს და სულ მინდა, კონცერტი მქონდეს. რაც შეეხება განცდებს, მგონი, არ შეცვლილა. უბრალოდ, სულ უფრო მეტი და მეტი კონცერტი მინდა მქონდეს.
– როგორ წარმოგიდგენია შენი კარიერა და სად ხედავ თავს ათი წლის შემდეგ?
– ვერ გიპასუხებთ. ოცნებებში არ დავფრინავ. კი, ზოგჯერ მომავალზე ვიფიქრობ, მაგრამ არ მაქვს გათვლილი, სად და როგორ ვიქნები. რაც დანამდვილებით ვიცი ისაა, რომ მინდა, წარმატებული მუსიკოსი ვიყო და მქონდეს ბევრი კონცერტი. ვიყო არა ცნობილი, არამედ ჩამოყა-ლიბებული, კარგი, პროფესიონალი მუსიკოსი.

წყარო: რეიტინგი 

FB კომენტარები

კომენტარი