როგორ რეაგირებს თინი გალდავას პოპულარობაზე მისი შეყვარებული

145
SHARE

თინი გალდავა სერიალ ”ჩემი ცოლის დაქალებში” ცოტნე ცოტაშვილის თანაგუნდელ ეკაკოს როლს თამაშობს. კამერასთან მუშაობა ამ გმირის შექმნისას ისწავლა. პოლიტიკისგან ძალიან შორსაა, მაგრამ ბოლო პერიოდში საქმიდან გამომდინარე დაიწყო პოლიტიკოსებზე დაკვირვება. თინი შეყვარებულია და მისი რჩეულიც ასევე მსახიობი გახლავთ.

– წლების განმავლობაში ბალეტს ვცეკვავდი, საბალეტო სკოლა მაქვს დამთავრებული, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩამებარებინა. არ მქონდა საბალეტო მონაცემები, წონის პრობლემას ვაწყდებოდი და სულ დიეტაზე ყოფნა მიწევდა. ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ არტისტული ვიყავი, ვიფიქრე, რომ ეს ყველაფერი თეატრალურში გამომადგებოდა და ჩავაბარე კიდეც. მიმაჩნია, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. რაც შეეხება ჩემს ოჯახს, დედა – მარიამ ჟღენტი, მხატვარია, მამაჩემი დეკანოზია, ასევე მყავს ძმები – ლუკა და ლაზარე.

– ბალეტზე შენი შეყვანა ვისი იდეა იყო?
– ადრე მამაჩემი აბასთუმანში ეკლესიის წინამძღვარი გახლდათ, ამიტომ ცოტა ხანს იქ ვცხოვრობდით. დედა მიყვება ხოლმე, ცისფერი კაბა შეგიკერე, მაშინ არც იცოდი, რა იყო ბალეტი, მაგრამ ამ კაბით თოვლში ზუსტად ბალერინასავით მოძრაობდი, ლამაზად ცეკვავდიო. აქედან გაჩნდა ჩემი ბალეტზე შეყვანის იდეა, რომელიც ბებიამ განახორციელა. მამას არ უნდოდა, ბალეტზე მევლო, თვითონ გიტარაზე უკრავს და სურდა, მეც მესწავლა, მთხოვა კიდეც, დაუკარი, სცადე და მერე გადაწყვიტე, ბალეტი გინდა თუ გიტარაო. ვეცოდებოდი ამხელა შრომისთვის, მაგრამ მერე რომ ნახა, როგორ ვცეკვავდი, მგულშემატკივრობდა.

– ამ ყველაფრის შემდეგ შენს პროფესიულ არჩევანს ოჯახი როგორ შეხვდა?
– დედაც ხატავს, მამაც, ორივეს სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული და ფიქრობენ, რომ მეც მაქვს ხატვის ნიჭი, ამიტომ მირჩევდნენ სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებას, თუმცა მე მაინც თეატრალურზე შევაჩერე არჩევანი. ჩემს გადაწყვეტილებას ნორმალურად შეხვდნენ, გვერდით მიდგანან.

– ოჯახი და განსაკუთრებით მამა შენი ნამუშევრის როგორი შემფასებელია?
– დედა უფრო კრიტიკულია, ვიდრე მამა. გული რომ არ მატკინოს, მამა ძირითადად კარგ რაღაცებს მეუბნება, ხომ იცით, გოგონებს მამებთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ და ჩვენც ასე ვართ.

– მოძღვარი მამის ფაქტორი გზღუდავს რამეში?
– არა, პირიქით, მამასთან ხშირად ვსაუბრობ ნებისმიერ საკითხზე, ყველაფერს მიხსნის, ყველაფერზე აქვს პასუხი და სასარგებლო რჩევებსაც ვიღებ მისგან.

– თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ, სანამ ”ჩემი ცოლის დაქალებში” მოხვდებოდი, რა ხდებოდა შენს ცხოვრებაში?
– ჩვენი რეჟისორები, ნუკრი ქანთარია და ვატო ჯუღელი ფიქრობდნენ, რომ სწავლის პერიოდში სხვაგან თამაში დროის თვალსაზრისით სახარბიელო არ იყო, ამიტომ ძირითადად სწავლაზე ვიყავი ორიენტირებული. სადიპლომოზე მუშაობისას ჯგუფელებს სერიალიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ კასტინგი იყო. მანამდე კამერასთან მუშაობის გამოცდილებაც კი არ მქონია. საცდელად გადაგვიღეს და რამდენიმე დღის შემდეგ როლზე დამამტკიცეს.

– გქონდა ინფორმაცია შენი გმირის შესახებ?
– არა, მერე გავიგე, ვინ უნდა მეთამაშა. მითხრეს, რომ აქტივისტი გოგო უნდა ვყოფილიყავი. ვერ ვიტყვი, რომ გმირზე მუშაობა გამიჭირდა, რადგან ჩემი ასაკის გოგონას ვთამაშობ, თითქმის ერთნაირი ინტერესები გვაქვს, უბრალოდ, მას პოლიტიკოსობა უნდა, მე – მსახიობობა. ვგავართ ერთმანეთს, ისიც მიზანდასახულია და მეც, თან ორივეს გვიყვარს ჩვენი საქმე, უბრალოდ, ეკაკოსგან იმით განვსხვავდები, რომ უფრო მხიარული და ლაღი ვარ.

– ახლა პოლიტიკოსებს უფრო მეტად ხომ არ აკვირდები?
– კონკრეტული პროტოტიპი არ მყავს, თუმცა მას შემდეგ, რაც ეკაკოს ვასახიერებ, ვცდილობ, მეტად ვადევნო თვალი პოლიტიკოსებს, დავაკვირდე, ვუყურო ფილმებს ამ თემა-ტიკაზე და ა.შ. თავიდან გადაღებებზე ძალიან ვნერვიულობდი. ცოტნეს რომ სოფელში ჩავაკითხეთ, მაგ ეპიზოდს რომ ვიღებდით, მთლიანად ვკანკალებდი, მაგრამ ნელ-ნელა გავთავი-სუფლდი და ახლა უკვე სიამოვნებით ვმუშაობ.

– თინი, ვიცი, რომ შეყვარებული ხარ. რამდენი ხანია, ერთად ხართ?
– მე და ნიკა ჩხაიძე 3 წელია, ერთად ვართ, ჩემი ჯგუფელია, მსახიობი გახლავთ, ვმეგობრობდით და მერე გადაიზარდა სიყვარულში.

– მამა თუ იცნობს შენს რჩეულს?
– კი, კი. დადებითად შეხვდა ყველაფერს, ალბათ იმიტომ, რომ ნიკა მოეწონა და მიხვდა, რომ მასთან ბედნიერი ვიქნები.

– შენი შეყვარებული სერიალ ”შუა ქალაქში” თამაშობდა, ორივენი დაკავებულები ხართ, რომანტიკისთვის დრო გრჩებათ?
– მიუხედავად იმისა, რომ ორივე ძალიან დაკავებული ვართ, გვიან მაინც ვახერხებთ ერთმანეთის ნახვას. რასაკვირველია, ამ ყველაფერს რომანტიკაც ახლავს. აი, მაგალითად, რამდენიმე დღის წინ სახლში მივედი, სადარბაზო და კიბეები ვარდის ფურცლებითა და ყვავილებით მოფენილი დამხვდა, არანაირი განსაკუთრებული თარიღი არ იყო, მოუნდა და გამიკეთა ასეთი სიურპრიზი, რამაც მართლა ძალიან გამახარა. თან არც ნაჩხუბრები ვიყავით და არც არაფერი, უბრალოდ, გამახარა.

– რაზე კამათობთ?
– კონკრეტულსა და სერიოზულზე არაფერზე. სამი წლის განმავლობაში არ გვქონია შემთხვევა, ერთმანეთს გავბუტვოდით, დავშორებოდით და მერე შევრიგებულიყავით. კი ვკამა-თობთ, მაგრამ შეიძლება, მიზეზი ძალიან უაზრო იყოს.

– შენს პოპულარობაზე ნიკა როგორ რეაგირებს?
– არ შემიმჩნევია, რომ დაძაბულიყო, არც დაჟინებულ მზერას და მსგავს რაღაცებს აქცევს ყურადღებას, ბუნებით არაა ეჭვიანი და ეს ყველაზე მთავარია.

– რაიმეს გეგმავთ?
– ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული გეგმა არ გვაქვს, რადგან ორივეს ჯერ ბევრი საქმე გვაქვს მოსაგვარებელი, ამიტომ ამ თემაზე ჯერჯერობით არც ვსაუბრობთ.

წყარო: რეიტინგი

FB კომენტარები

კომენტარი