როგორ მოილხინა ქართველ მსახიობებთან ერთად რობერტ დე ნირომ – რობერტ სტურუა სახალისო ისტორიას იხსენებს

299
SHARE

რეჟისორი რობერტ სტურუა მსახიობ რობერტ დე ნიროსთან შეხვედრას იხსენებს და ფეისბუქის პირად გვერდზე სახალისო ისტორიას ჰყვება. რეჟისორი იმის შესახებ წერას, თუ როგორ მოილხინა ქართველ მსახიობებთან ერთად რობერტ დე ნირომ.

„დღეს რეპეტიცია არ მაქვს, თანაც გრიპი შემეყარა და ამიტომ ვზივარ და რაღაცებს ვიხსენებ – ალბათ სიბერის ბრალია, მემუარების სენმაც დამჯაბნა. უცხოეთში მიმავალი დასი ზის ჩემს დიდ ნომერში სასტუმრო “მოსკოვში”…ისევ ვქეიფობთ, ისევ ლერია თამადა. კარები ღია გვაქვს – ძალიან ცხელა და იმიტომ… უეცრად ლერი გაოგნებული ჩურჩულებს: “რობერტ დე ნირო, რობერტ დე ნიროოო!” გავხედეთ და თვალებს არ ვუჯერებთ – რობერტ დე ნირო კარებში დგას და ჩვენს სიმღერას უსმენს… წამოვხტით, მოვიპატიჟეთ, ოცი წუთი ჩვენთან მოილხინა, ავუხსენით ვინ ვართ, რანი ვართ – გაეხარდა, მაშინ სსრკ-ში მისი ფილმები, “ირემზე ნადირობის” შემდეგ, აკრძალული გახლდათ… გაეხარდა, რადგან მოსკოვის ფესტივალზე არავინ იცოდა ვინ არი ეს დე ნირო… და, თუ არ ვცდები, კმაყოფილი წავიდა. ჩვენც მეორე დღეს საფრანგეთში გავემგზავრეთ…

ერთ კვირაში ვბრუნდებით ავინიონიდან, ისევ იმ ნომერში, იმპროვიზებულ სუფრასთან, ისევ ლერის თამადობით, ისევ მრავალჟამიერს ვმღერით… და…ისევ, კარებში გაოგნებული რობერტ დე ნირო დგას. გათამამებული ლერი: ო, რობერტ, კარგ დროს მოგვისწარი, სწორედ ახლა შენს სადღეგრძელოს ვსვამდითო. კი მაგრამ გასტროლები?- გვეკითხება რობერტი. რად გვინდა გასტროლები, ქეიფი არ ჯობია?..აქ ვართ და შენ გიცდიდითო…გაეცინა და შემოგვიერთდა…აპა“, – წერს რობერტ სტურუა.

FB კომენტარები

კომენტარი