როგორ მოვწყვიტოთ ბავშვი კომპიუტერსა და მობილურს – გამოცდილი ფსიქოლოგის საჭირო რჩევები მშობლებს

168
SHARE

– რა ფსიქოლოგიური პრობლემებია ბოლო დროს ყველაზე მეტად გავრცელებული ბავშვებში და თუ დაასახელებთ რამდენიმე ყველაზე გავრცელებულ მიზეზს ამისას…
– ბოლო დროს ყველაზე გავრცელებულ ფსიქოლოგიურ პრობლემებად, ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, ალბათ შეიძლება მივიჩნიო მეტყველების განვითარების ჩამორჩენა, ინტერნეტზე და გაჯეტებზე მიჯაჭვული ბავშვები, აუტისტური სპექტრის აშლილობა და აგრესია.
ჩემთვის, როგორც აქტიური, პრაქტიკოსი ფსიქოლოგისთვის ეს საკითხები საკმაოდ აქტუალურია, ეს არის პრობლემები, რის გამოც ყველაზე ხშირად მომმართავენ მშობლები. ყურადღების დეფიციტი, ყოველთვის აქტუალური იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო დროს შეიმჩნევა ზრდის ტენდენცია. რაც შეეხება ტელევიზორს, კომპიუტერს, გაჯეტებს, ეს თანამედროვე საზოგადოების სენად იქცა, რამაც გაწყვიტა კავშირი დედასა და შვილს, და-ძმასა და თანატოლებს შორის, ჩაანაცვლა ცოცხალი ურთიერთობები, შეზღუდა ფიზიკური აქტივობა, მთლიანად აითვისა ბავშვის ყურადღება, დრო და ინტერესი, რის შედეგადაც მივიღეთ უამრავი ქცევის დარღვევა, გონებრივი განვითარების შეფერხება და კიდევ უამრავი პრობლემა. ასევე აქტუალურია შიშები, რომელიც ხშირად ბავშვების ინტერნეტსივრცეში უკონტროლო მოგზაურობის შედეგია. ინტერნეტსივრცე დატვირთულია ზედმეტად ხმაურიანი, ძალადობის ელემენტებით გაჯერებული რეკლამებით, რაც ხშირად ბავშვის ფსიქიკაზე უარყოფითად აისახება.
– რას ურჩევთ მშობლებს, როგორ უნდა ჩამოაშოროს ბავშვი ვირტუალურ სამყაროს – როცა 2-3 წლის პატარასთანაც ვერ ახერხებენ ხშირად ამას და ხშირად მოგვმართავენ მშობლები შეკითხვით, როგორ და რით დააინტერესონ ბავშვი, რომ მოაცილონ მობილურს თუ კომპიუტერს?
– ხშირია, როცა მშობლები ძალიან აღელვებული არიან იმით, რომ ბავშვს არ ესმის მათი ინსტრუქციები, არ ემორჩილებიან, არ სცილდებიან ტელევიზორს, კომპიუტერს, ტელეფონს, მთხოვენ დახმარებას და თვლიან, რომ ეს ყველაფერი ბავშვის ძალიან ჯიოუტი ხასიათის ბრალია (ხშირად ამას გენეტიკასაც აბრალებენ, ,,მე ვიყავი ჯიუტი,” მამას გავს, მასაც ასეთი ჯიუტი ხასიათი აქვს…”). მე ვეკითხები: “რას სთავაზობთ ბავშვს ამის სამაგიეროდ, რა უნდა გააკეთოს?”
ამ დროს ცოტა იბნევიან და ხშირად მპასუხობენ, დაისვენოს, დაჯდეს, წამოწვეს, იმეცადინოს, მაგრამ ბავშვს სულ სხვა რამ სჭირდება, მან უნდა იგრძნოს, რომ ჩვენ მასთან ერთად ვართ, გვაინტერესებს, რას ფიქრობს, რას გრძნობს, რა აინტერესებს, რას უყურებს, როგორ აღიქვამს გმირებს, რომლებიც მის ცხოვრებაში შემოიჭრნენ ტელესივრცის და გაჯეტების საშუალებით. მე ხშირად ვთავაზობ მშობლებს, თითოეული თავისუფალი წუთი გამოიყენონ ბავშვთან ურთიერთობისთვის, ისეირნონ მასთან ერთად, მისცენ თავისუფლება არჩევანში, ირბინონ, ითამაშონ მასთან ერთად, ერთად დასხდნენ და დახატონ, ან როცა ბავშვი ნახატს აჩვენებს, მოუსმინონ, რა ემოცია ამოძრავებდა ხატვისას, რას გრძნობს ახლა… ბავშვი ვერ შეელევა იმ ფერად, მომხიბვლელ და საინტერესესო სამყაროს, რასაც ტელევიზია და გაჯეტები სთავაზობს, თუ ალტერნატიულ აქტივობას არ შევთავაზებთ და არ დავეხმარებით სიძნელეების დაძლევაში.
ბავშვები უნდა დავაკავოთ სპორტით, ხელოვნებით და ეს უნდა იყოს მათ მიერ არჩეული აქტივობა, რომელიც სიამოვნებას მიანიჭებს და არა ის, რაც ჩენ მოგვწონს. აუცილებელია ბავშვს ჰქონდეს გაწერილი დღის რეჟიმი, რომელსაც დაიცავს ყოველდღიურად, რეჟიმში, გაჯეტებისთვის და ტელესივრცისთვის გათვალისწინებული დრო, ბავშვისთვის საკმარისი იქნება, თუ დანაჩენ დროს საინტერესოდ გაატარებს.

– რამდენიმე რჩევის სახით რას ურჩევთ მშობლებს, მოკლედ?
– მშობლებს ისევ და ისევ ვურჩევდი, მეტი დრო გაატარონ შვილებთან, მოუსმინონ მათ, გაითვალისწინონ მათი აზრი, მისცენ არჩევანის საშუალება და მოაცილონ ეკრანს. ასევე ვთხოვდი მათ, ხშირად ასეირნონ ბავშვები, მისცენ საშუალება შეეხოს პატარა ბუნებას, შისწავლოს ის, ზოგჯერ საქმეში გართულებს გვავიწყდება, რომ პატარა არსებას, ჩვენი ყურადღება უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე საგულდაგულოდ დალაგებული სახლი…

ასევე მინდა ვურჩიო მოზარდების მშობლებს, მიიღეთ თქვენი შვილები, ისეთები როგორებიც არიან, ნუ გააკრიტიკებთ ყველა წვრილმანთან დაკავშირებით, ნუ ეტყვით, რომ გარცხვენთ, შეეცადეთ ყოველთვის აღნიშნოთ, რაც კარგად გამოსდის, რითაც გასიამოვნებთ, მუდმივად შენიშვნების მიცემით შეუძლებელია მოზარდთან ურთიერთობის დალაგება, ნუ აპროტესტებთ ცვლილებას მათ გარეგნობაში, ჩაცმის სტილში, ეს მათ თვითდამკვიდრებაში ეხმარება, ხშირად მოუსმინეთ მათ და დაინტერესდით მათი მიკრო სოციუმით.

წყარო:https://www.mshoblebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი