როგორ მივხვდეთ, რომ მოზარდი თამაშობს და რით ვუშველოთ – ქართველი ფსიქოლოგის რჩევები

118
SHARE

აზარტულმა თამაშებმა უამრავი ადამიანისა და ოჯახის ტრაგედია განაპირობა. სამწუხაროდ, ამ გატაცების მსხვერპლნი უფროდაუფრო ხშირად ხდებიან მოზარდებიც. თავიდან მშობელი ვერც ამჩნევს, რა საშიშ მახეში ებმება მისი შვილი, მოგვიანებით კი უძლური ხდება ამ პრობლემის წინაშე. თამაშზე დამოკიდებულება უკვე მთელი თაობის პრობლემა ხდება. როგორ დავიცვათ მოზარდები ამ სენისგან, რა ეტაპზე შეუძლია მშობელს ვითარების გამოსწორება და როგორ უნდა შენიშნოთ, რომ მოზარდი თამაშობს. ამ საკითხებზე ფსიქოლოგი ანა მურვანიძე გვესაუბრება

– გემბლინგის, იგივე ლუდომანიის – აზარტული თამაშების პრობლემა არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად კაცობრიობის რეალობად იქცა. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება საფრანგეთიდან იღებს დასაბამს. საკმაოდ სერიოზული და ძნელად გასამკლავებელი პრობლემაა, რადგან ნარკომანიის მსგავსი გამოვლინებები ახასიათებს, ფიზიკური და ფსიქიკური დამოკიდებულება, რაც ავადმყოფურ ლტოლვას იწვევს. საერთოდ, სათამაშო ბიზნესის წესია, მოთამაშეს დროის შეგრძნება დაკარგული ჰქონდეს, ამიტომაც კაზინოში შუქი არსაიდან არ შედის და ვერ იპოვით საათს. მათ უნდა დაავიწყდეთ ყველაფერი ამქვეყნად, თამაშის გარდა, რომლის დროსაც ფულს ხარჯავენ – ამდიდრებენ სათამაშო დაწესებულებას, თავად კი თავებს იღუპავენ.
ფსიქოლოგები ამ პრობლემას ფსიქიკურ პათოლოგიად განვიხილავთ, არიან ისეთებიც, რომლებიც ქრონიკულ დაავადებადაც მიიჩნევენ და არცთუ უსაფუძვლოდ.

– რეალურად, რა პრობლემებს უქმნის აზარტული თამაშები მოზარდებს გარდა იმისა, რომ ამაში ფულს ხარჯავენ, რომელსაც სხვადასხვა გზით შოულობენ…
– სამწუხაროდ, ახალგაზრდების დიდი ნაწილი თამაშზე დამოკიდებულია და ეს ხდება მათი ძირითადი საფიქრალი. ეს აფერხებს მათ პიროვნულ განვითარებას და პრობლემას უქმნის მათ სოციალიზაციას.

– თქვენი აზრით, რატომ გახდა ეს ასე პოპულარული და ასე ხშირი, სოციალური პრობლემის ბრალია, უსაქმურობის თუ კიდევ რაიმე სხვა მიზეზია?
– აღვნიშნე, რომ ეს არის ქრონიკული მიდრეკილება, თუმცა რეალობა და გარემო ხელს უწყობს, უდაოდ.

– როგორ უნდა შეატყოს მშობელმა, რომ ბავშვი რაღაც აზარტულ თამაშებშია ჩართული, რა სიმპტომებით უნდა შეამჩნიოს?

– პირველ რიგში, ინტერესის დაკარგვით ადრე დაკავებული საქმიანობებისადმი, სწავლისა და

გერემოს მიმართ ინდიფერენტულობით და მთავარი – ტყუილის ფენომენის დამკვიდრებით.

– რა შეიძლება მოიმოქმედოს მშობელმა, რომ ბავშვი დაიხსნას ამ “მონობისგან”? რას ურჩევთ მათ?
– ახსნა , რომელიც დაანახვებს რეალურ კრიზისს, ფინანსური თუ მორალური კუთხით პატივსაცემი პირისგან და არამენტორული, დამრიგებლური ტონი. უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ადამიანს გაუჩნდეს სურვილი, გამოვიდეს ამ მანკიერებისგან, უნდოდეს აქედან თავის დახსნა, უნდა გავააზრებინოთ, რომ უნებისყოფო ადამიანი ვერც ერთ ბრძოლას ვერ იგებს და მხოლოდ და მხოლოდ წაგებული დარჩება ყოველთვის. უნდა მოვუყვანოთ ცნობილი მაგალითები და მაქსიმალურად ვეცადოთ, დავაინტერესოთ სხვადასხვა საქმიანობით, ჯანსაღი ჰობით, თუნდაც გართობით, ოღონდ ჯანსაღით.

– თავად მოზარდებს რას ურჩევთ, რით შეიძლება ჩაანაცვლონ აზარტული თამაშები?
– აზარტული თამაშების ჩანაცვლება – ეს მცდარი შეხედულებაა, ამ მანკიერებას ვერანაირი სახე საქმიანობისა ვერ ჩაანაცვლებს. ვეტყოდი არამარტო მოზარდებს, ისწავლონ საკუთარი თავის მართვა, სურვილი საკუთარ თავზე გამარჯვებისა და შეეცადონ დაინახონ, ან დავანახოთ ის გარდაუვალი შედეგი, რომელსაც ეს ლტოლვა გვაძლევს.

წყარო:http://www.mshoblebi.ge

Comments

comments