როგორ ვებრძოლოთ ბოლო დროს გავრცელებულ ვირუსს? – პედიატრის რჩევები

704
SHARE

ბოლო დღეებში გავრცელდა ვირუსი, რომელიც სიმპტომურად ძალიან ჰგავს ქონთრუშას. როგორ უნდა ამოვიცნოთ რასთან გვაქვს საქმე, რამდენად საშიშია ვირუსი და როგორ უნდა დავიცვათ თავი, ამის შესახებ პედიატრი მანანა ნანობაშვილი გვესაუბრება.

– ენტეროვირუსული ჯგუფის კოკსაკის ვირუსს მიეკუთვნება ენტეროვირუსული ეგზანთემა – ანუ, ხელ-ფეხ-პირის ვირუსი. მას ძირითადად, ახასიათებს სეზონურობა, თუმცა, შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაშიც აქტიური იყოს.
– როგორ ხდება ვირუსის გადაცემა?
– გადაცემა ხდება ფეკალურ-ორალური, რესპირატორული ან ვერტიკალური გადაცემის გზით (დედიდან ბავშვზე). ვირუსი ძირითადად ადამიანიდან ადამიანზე გადადის. მისი გავრცელების პირველწყარო ჭუჭყიანი გარემოა. გადაცემა ძირითადად ხდება დახურულ სივრცეში, ბაღებში, სკოლებში. ვირუსისგან თავის დაცვა შესაძლებელია ხელების ხშირი დაბანით და სისუფთავით.
– რა სიმპტომები ახასიათებს ვირუსს?
– არსებობს ამ ვირუსის ქვეჯგუფები, რომლებსაც სხვავასხვა კლინიკური გამოვლინება ახასიათებს. მაგალითად: კონიუქტივიტით, სხვადასხვა ტიპის გამონაყარით, დიარეით, მენინგიტით. კონკრეტულ ვირუსს, რომელიც ამ ეტაპზეა გავრცელებული, ახასიათებს პირის ღრუში, ლორწოვანზე, ენაზე, ხახაზე და ლოყის შიგნითა ზედაპირზე ბუშტუკოვანი გამონაყარი, 4-8 მმ-ის დიამეტრით. დაავადება მიმდინარეობს ძირითადად დაბალი ტემპერატურით და მსუბუქად. ახასიათებს ბუშტუკოვანი გამონაყარი ხელის და ფეხისგულებზე, დიამეტრით 3-7 მმ. გამონაყარი ძირითადად, 1 კვირაში ქრება. ახასიათებს ქავილი, და ხშირად, გენერალიზებული მიმდინარეობაც, რაც ძირითადად ქმნის პრობლემას ქუნთრუშასთან დიფირენცირებაში. ქუნთრუშა არის ბაქტერიული ინფექცია, ხასიათდება მეტად აგრესიულობით, ტემპერატურის მატებით, ძლიერი ინტოქსიკაციით, გამონაყარით. ქუნთრუშა განსხვავდება ზემოთ აღნიშნული კოკსაკის ვირუსგან, მისი დიფერენცირება და დიაგნოსტიკა ექიმის პრეროგატივაა.
– როგორ ისმება დიაგნოზი და როგორ ხდება მკურნალობა?
– დიაგნოზი ისმება ობიექტური გასინჯვის შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ ხელ-ფეხ-პირის ღრუს, ანუ ენტეროვირუსს განსაკუთრებული მკურნალობა არ სჭირდება, განსხვავებით, ქუნთრუშისგან, ჯობს მგდომარეობა ექიმის მიერ იქნას შეფასებული და არ მოხდეს თვითნებური მკურნალობა. ზემოთ აღნიშნულ ვირუსს სჭირდება სიმპტომური მკურნალობა, ხოლო ქუნთრუშას – ანტიბიოტიკოთერაპია. აუცილებელია ბავშვს ჩაუტარდეს სისხლის საერთო ანალიზი, რათა დიფერენცირდეს დაავადება, ბაქტერიულია თუ ვირუსული და ამის საფუძველზე მოხდეს დროული და სწორი მკურნალობა. პროფილაქტიკა არ არსებობს, ძირითადად რეკომენდაციაა ისევ და ისევ პირადი ჰიგიენის დაცვა, ხელების ხშირი დაბანა, მოარიდეთ ბავშვები ხალხმრავალ ადგილებს. დაავადება თვითგანკურნებით მიმდინარეობს, პროგნოზი კეთილსაიმედოა.

 

წყარო: mshoblebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი