როგორ გამოიყურება კანქვეშა ტატუ, რომელიც ჯერ ადამიანებზე არ შეუმოწმებიათ

61
SHARE

გერმანელმა მეცნიერებმა შექმნეს კანქვეშა ტატუ, რომელიც ფერს იცვლის ორგანიზმში გლუკოზის, პლაზმის ცილისა და pH-ის ცვლილების საპასუხოდ. ტატუები ჯერ ადამიანებზე არ შემოწმებულა, თუმცა ღორის კანის ნაჭერზე ტესტირებისას ტატუ ფერს სხვადასხვა დიაპაზონში იცვლიდა, როცა მეცნიერები საკვანძო ბიომარკერთა კონცენტრაციას ცვლიდნენ.
მკვლევართა განცხადებით, ტატუს ხელოვნებისა და კოლორიმეტრიული ბიოსენსორების კომბინირების გზით შეიქმნა ფუნქციონალური კოსმეტიკური ტექნოლოგია. კანის ტატუ-სენსორებმა დიაგნოსტიკური როლი შეასრულეს — pH-ის, გლუკოზისა და ალბუმინის კონცენტრაციის ცვლილებასთან ერთად, მათ ფერი ხილულ სპექტრშიც შეიცვალეს. სამი ბიომარკერი შეარჩიეს იმიტომ, რომ ხშირად სწორედ ისინი მიუთითებს – რაღაც წესრიგში ვერ არის. ალბუმინი სისხლის პლაზმის ცილაა. მისი დაბალი დონე შეიძლება თირკმლისა და ღვიძლის პრობლემების ნიშანი იყოს, მაღალი დონე კი – გულის პრობლემების.
დიაბეტების მართვისთვის საჭიროა გლუკოზის დონის აქტიური მონიტორინგი. გლუკოზის დონე ორგანიზმის მიერ შაქრის მეტაბოლიზების უნარზე მიუთითებს. რაც შეეხება pH-ის დონეს სისხლში – მისი დაბალი მაჩვენებელი აციდოზის, ანუ ორგანიზმში მჟავა-ტუტოვანი მდგომარეობის დარღვევის ნიშანია, მაღალი კი ალკალოზის, ორგანიმზში მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევაა.
მკვლევართა ჯგუფმა შექმნა სხვადასხვა ფერში ცვალებადი საღებავი, რომელსაც შეუძლია, შუალედური სითხეში დააფიქსიროს ცვლილება ნებისმიერ ამ ბიომარკერში. ეს სითხე კაპილარებიდან ჟონავს და ავსებს უჯრედებს შორის სივრცეს, ასევე, გადააქვს ჟანგბადი და გლუკოზა.
ალბუმინის სენსორი ყვითელი საღებავია, რომელიც ალბუმინის არსებობის შემთხვევაში მწვანდება — რაც უფრო მეტია ეს ცილა, საღებავი მით უფრო მწვანე ხდება.
გლუკოზის კონცენტრაციის ცვლილების დროს, ყვითელი საღებავი მუქი მწვანე ხდება, ხოლო pH-ის საღებავი, ამ უკანასკნელის დონის მომატების შემთხვევაში ლურჯდება.
როცა ღორის კანის ნაჭრის შუალედურ ითხეში ამ ბიომარკერთა დონე შეიცვალა, შეიცვალა ტატუს ფერებიც. თუმცა, ეს ტექნოლოგია ადამიანებში გამოსაყენებლად ჯერ მზად არაა.
მკვლევართა თქმით, შემდეგი ნაბიჯი ტატუების ცოცხალ ცხოველებზე გატესტვა იქნება, რათა გაირკვეს, იწვევს თუ არა საღებავები უარყოფით რეაქციებს.
უკვე რეალური ტატუების საშუალებით პაციენტებსა და ექიმებს შესაძლოა, ისეთი ქრონიკული დაავადებების რეალურ დროში მონიტორინგის საშუალება მისცეს, როგორებიცაა დიაბეტი და თირკმლის დაავადებები .ეს ტექნოლოგია შეიძლება, გარდამავალი აღმოჩნდეს პერსონალიზებულ მედიცინაში.
მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ჯგუფმა ქიმიური ინჟინრის, ალი იეტისენის ხელმძღვანელობით, კონცენტრაციები უზუსტესად შეაფასა.
კვლევა ჟურნალ Angewandte Chemie International Edition-ში გამოქვეყნდა.

FB კომენტარები

კომენტარი