როგორ “აბამენ” ქართველი ვაჟკაცები უკრაინელ გოგონას პლაჟზე

57
SHARE

საქართველოს შავიზღვისპირეთში წელს განსაკუთრებით ბევრი დამსვენებელია. საზღვაო სეზონი პიკს აგვისტოში აღწევს და აჭარის ცნობილ კურორტებს სულ უფრო მეტი ადგილობრივი და ჩამოსული ტურისტი სტუმრობს. უცხოელებს შორის არიან როგორც მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული დამსვენებლები, ასევე მეგობარი სახელმწიფოს, უკრაინის მოქალაქეები. ზღვის სანაპიროზე გამოსულ ქართველ მამაკაცებს, განსაკუთრებით ახარებთ უკრაინელი გოგონების გამოჩენა, რომლებიც ადგილობრივი დამსვენებლებისგან პირველ რიგში თამამი საცურაო კოსტიუმებით გამოირჩევიან. ეს კი საკმარისი საბაბია საკურორტო ნაცნობობის დასაწყებად, მაგრამ ყველა მცდელობა წარმატებით როდი მთავრდება.

ქობულეთის ზღვის სანაპიროზე გამოსული დამსვენებელი, ყოველი შემთხვევისთვის მათ, ვინც ჩემს გვერდით ეფიცხებოდა მზეს, შეამჩნევდა ახალგაზრდა ქერათმიან გოგონას, რომელიც სანაპიროზე მარტო გამოდიოდა და თანაბარი რუჯის მისაღებად სხეულის პიკანტური ადგილების გამოჩენასაც არ ერიდებოდა. ეს არც მის გვერდით მოკალათებული მამაკაცების სამეგობროს გამოპარვია და რადგან ხელისშემშლელი არავინ ჰყავდათ, შინაური ქალბატონების გარემოცვის სახით, ხანმოკლე ფიქრის შემდეგ მოქმედებაზე ტრადიციული ხერხების გამოყენებით გადავიდნენ: ჯერ გოგონას ცივი გამაგრილებელი სასმელი გაუგზავნეს, შემდეგ ცხელი სიმინდი და მას შემდეგ რაც ქალისგან “სპასიბა” მოისმინეს, ახლოსაც მიუცუცქდნენ.

როგორც მათი საუბრიდან გაირკვა, დიანა მეგობარ გოგონასთან ერთად უკრაინიდან ჩამოსულა და რადგან მეგობარს ნამზეური აწუხებდა, საპანიროზე მარტო უწევდა გამოსვლა. ქართველ ბიჭებსა და უკრაინელ გოგონას შორის უფრო მჭიდრო კომუნიკაციის პრობლემას მხოლოდ ის ქმნიდა, რომ მათ შორის რუსული მხოლოდ ერთმა იცოდა, სხვები კი თავბედს იწყევლიდნენ: გვესწავლა სკოლაში რუსულიო. “თარჯიმანი” კი ენის ცოდნას ოსტატურად იყენებდა თავის სასარგებლოდ და უკრაინელ გოგონას ბიჭების კომპლიმენტების მხოლოდ ნაწილს უთარგმნიდა. ისინი რომ უკრაინელი ქალების სილამაზეს ასხამდნენ ხოტბას, “თარჯიმანი” კიევში მიმდინარე მოვლენებით დაინტერესდა და ივანე მრისხანეც კი ახსენა, ალბათ საკუთარი ერუდიციის ხაზგასასმელად.

უკრაინელ მანდილოსანს მეტად ეამა ქართველი კაცების ასეთი თავშეკავება და შეაქო კიდეც: არადა მაფრთხილებდნენ, ქართველი კაცები არ მოგასვენებო. დაიწუწუნა კიდეც: ეგვიპტეში ვარ ნამყოფი და ქუჩაში ვერ გავდიოდი
არაბების შიშითო. არადა იმ დროს, როცა “თარჯიმანი” უკრაინელ სტუმარს მაღალ მატერიებზე ელაპარაკებოდა, მისი მეგობრები უკვე ბატკნის დაკვლაზე ფიქრობდნენ. დარწმუნებული ვარ, თითქმის ყველამ იცის გამონათქვამი ბატკნისა და მისი თანმდევი პროცესების შესახებ, ამიტომ მისი შეხსენებით აღარ შეგაწუხებთ.

მოკლედ, ქართულ-უკრაინული მეგობრობა ლამის კულმინაციამდე იყო მისული, როცა სამეგობროდან ერთ-ერთმა ზღვაში გაგრილება გადაწყვიტა და თარჯიმანს მიაძახა: საღამოს შეხვედრაზე შეუთანხმდი, უთხარი დაქალიც წამოიყვანოს, მაგრამ იცოდე, მე ეს მომწონს და “პერეხვატებს” არა ვართო. “პერეხვატის” გაგონებაზე კი იურისტ დიანას გამომეტყველება შეეცვალა, “თავშეკავებულ” ბიჭებს მოუბოდიშა და მას შემდეგ სანაპიროზე “ნივიჟუს” ურტყამდა.

აი ასე იცის, როცა “პერეხვატი” ქართული სიტყვა გგონია და როცა ქართველი ქალების ცხვირისა და თეძოების ფორმებს უკრაინელ გოგოსთან ერთად განიხილავ. დიანა კიევში გაფრინდა, ეს ფოტო კი თქვენ სახსოვრად ჩემგან!

წყარო:http://www.ambebi.ge

Comments

comments