რის გამო აკრიტიკებს მეუღლე დავით ნარმანიას?

90
SHARE

ქვეყნის დედაქალაქის მერის პოსტზე დავით ნარმანიას მუშაობის დაწყებიდან წელიწადი და 3 თვე გავიდა. ჟურნალისტებს ქვეყნის პირველ პირებთან, მათი ოჯახის წევრებთან ინტერვიუების შესათანხმებლად ყოველთვის დიდი ძალისხმევა გვჭირდებოდა და ზოგიერთ შემთხვევაში, ახლაც გვჭირდება. უპასუხოდ დარჩენილ ზარებს მაღალჩინოსნები და მათი მეუღლეები იშვიათად აქცევენ ყურადღებას. სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნო, რომ ამ მხრივ დავით ნარმანიას მეუღლე – თინათინ თინიკაშვილი გულისხმიერებით გამოირჩევა.
როგორ აფასებს მეუღლის საქმიანობას, რას მიიჩნევს მის მთავარ მიღწევად, როგორ რეაგირებს მერის მისამართით გამოთქმულ კრიტიკაზე და რის გამო აძლევს მეუღლეს შენიშვნებს? – პასუხებს ამ და სხვა კითხვებზე ჩვენი დიალოგიდან შეიტყობთ.

– თიკა, პირველ რიგში, გულისხმიერებისთვის შეგაქებთ.
– ასე გამზარდეს და უყურადღებოდ არასდროს არავის ვტოვებ. ეს ადამიანის კულტურის ნაწილია. რომ მირეკავდით, იმ წუთში ვერ გიპასუხეთ და როგორც კი საშუალება მომეცა, დაგიკავშირდით. ჩემი მეუღლის მაღალ თანამდებობას, ჩემში (და არც მასში) პიროვნულად არაფერი შეუცვლია. მხოლოდ ცხოვრების სტილი და რეჟიმი შეგვეცვალა. დათო ახლობლებთან, ნათესავებთან, მეგობრებთანაც კი ურთიერთობებს ვერ ახერხებს, რადგან საამისოდ დრო ნაკლებად რჩება. ხშირად ვერ ნახულობს ბებია-ბაბუასაც, არადა, ისეთ ასაკში არიან, შვილიშვილების მხრიდან ყურადღება ყველაზე მეტად, ახლა სჭირდებათ. ვიდრე საჯარო მოხელე გახდებოდა, დათო მათ ხშირად ნახულობდა. მოხუცები უყვარს და ისინიც, თავისი ყურადღებით განებივრებული ჰყავდა.

– დროის გამონახვას ბავშვებისთვის მაინც, რამდენად ახერ­ხებს?
– მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცდილობს, დროის გამონახვას ნაკლებად ახერხებს. მხოლოდ შაბათს ან კვირას აქვს შესაძლებლობა, დღეში 1 საათი შვილებთან გაატაროს და ესეც ყოველთვის არ გამოსდის. თავდაპირველად, ბავშვები მამის ეკრანზე გამოჩენას დიდი აღტაცებით ხვდებოდნენ, ახლა იმდენად შეჩვეულები არიან, ეს მათში დიდ აღტაცებას აღარ იწვევს. ელენიკო ჯერ ძალიან პატარაა, მაგრამ ტელევიზორიდან მამის ხმა რომ ესმის, ცნობს და უყურებს.

– მზრუნველი მამაა?
– ვიდრე დათო მინისტრი გახდებოდა, მხოლოდ უფროსი შვილი გვყავდა. კოკოსთან ურთიერთობა მოასწრო და ამას ახლაც ვგრძნობ, მას მამასთან გამორჩეულად თბილი ურთიერთობა აქვს. დათო მზრუნველი მამაა. მაგისტრატურაში რომ ჩავაბარე, სწორედ იმ პერიოდში, კოკო 1 წლის იყო და მე რომ ლექციებზე მივდიოდი, ბავშვს დათოს ვუტოვებდი – ის აჭმევდა, საფენებს უცვლიდა…
კოკო წელს სკოლაში მივიდა. დათომ გამონახა ნახევარი საათი, რომ შვილს პირველ დღეს გაჰყოლოდა. ილია-დენისი 2 წლისაა და ბაღში მივიყვანეთ. იქაურობასთან შეგუება ცოტათი გაუჭირდა, ამიტომ მეც მთელი თვე ბაღში ვიყავი. ელენიკო ჯერ მხოლოდ 9 თვისაა.

– სამსახურიდან შინ დაბრუნებულს შთაბეჭდილებების გაზიარება თუ სჩვევია? სამსახურის საქმეზე სახლში ლაპარაკობს?
– სახლში ღამის პირველ საათზე, დაღლილი და მშიერი ბრუნდება.

– მისი საყვარელი კერძი რომელია?
– ამ მხრივ, დიდად პრეტენზიული ნამდვილად არ არის. გამორჩეულად საყვარელი კერძი არც აქვს. შინ რომ ბრუნდება, იმის დრო და სურვილიც ნაკლებად აქვს, სამსახურის საქმეებზე ილაპარაკოს. მთელი დღის განმავლობაში იმდენად დაკავებულია და ისეთ რეჟიმში უწევს მუშაობა, რომ მინდა, სახლში ყოფნა მისთვის განტვირთვა იყოს.

– ბოლო პერიოდში ქალაქის მერის მისამართით კრიტიკა ხშირად ისმის. ამაზე როგორ რეაგირებთ?

– სასიამოვნო მოსასმენი ნამდვილად არ არის.

ადამიანებმა, რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამენ, არ იციან, რა ხდება შიდა სამზარეულოში. რა არის რეალური მიზეზი იმისა, რასთან დაკავშირებითაც უკმაყოფილოები არიან. როცა ვიცი, პრობლემა რაში მდგომარეობს, კრიტიკა განსაკუთრებით მტკივნეულია. ცუდია, ყველაფერი დათოს რომ ჰბრალდება.

– თავადაც ასე მტკივნეულად განიცდის?
– იმ მომენტში, როდესაც მისი მისამართით კრიტიკა მესმის, ჩემ გვერდით არასდროს არის და მის რეაქციას ვერ ვხედავ.

– თავად თუ აკრიტიკებთ და რის გამო?
– უმეტეს შემთხვევაში, იმის გამო ვაკრიტიკებ, რომ ზედმეტად ჰუმანურია.

– `ზედმეტ ჰუმანურობაში” რას გულისხმობთ?
– ეგ ჩვენ ვიცით, დეტალებზე ლაპარაკი კი არ მინდა. სხვა არაფრის გამო არ ვაკრიტიკებ.

– აბა, როგორ უნდა მოიქცეს?
– ჰუმანური უნდა იყოს, მაგრამ ზომიერების ფარგლებში. მე არ ვამბობ, რომ კაცთმოძულე გახდეს. თუმცა, ზედმეტი ჰუმანურობაც არ ვარგა.

– დამთმობია?
– ჩემთან დამთმობია, მაგრამ იმ საკითხებში, რომლებიც საქმეს, სამსახურს ეხება, პრინციპულია.

– წელიწადზე მეტი გავიდა, რაც მერის პოსტზეა. მის მთავარ მიღწევად რას მიიჩნევთ?
– ჯერ ამაზე ლაპარაკი ძალიან რთულია. მიღწევები მისი მერობის ვადის დასრულების შემდეგ უფრო მეტად გამოჩნდება. არის საქმეები, რომლებსაც აკეთებ, მაგრამ შედეგს მეორე დღეს ვერ ხედავ. თვეები და წლებია საჭირო იმისთვის, რომ შედეგი მოსახლეობისთვის საგრძნობი გახდეს. ერთი ხელის მოსმით მოსაგვარებელი პრობლემები ქალაქში ალბათ, არც არსებობს. ყველაფერს დრო სჭირდება. სახლის მშენებლობას რომ იწყებ, ჯერ საძირკველს უმზადებ, რომელიც არ ჩანს. მოვა დრო და დათოს გაკეთებული საქმეები გამოჩნდება!

– მერის მისამართით კრიტიკას მისი გუნდის წევრებიც არ იშურებენ. არც მათ იციან `მერიის სამზარეულოში” რა ხდება?
– ვინც მერიაში არ მუშაობს, მან ალბათ, არ იცის. თუნდაც, ავიღოთ ყბადაღებული თემა მილიონი ნერგის შესახებ: ამის შედეგს დღეს და ხვალ ხომ ვერ მივიღებთ?

– როდის მივიღებთ?
– წლების შემდეგ, როცა ეს ნერგები ხეებად იქცევა, ამას ჩვენი შვილები მიიღებენ. ბუნებრივია, ჯერ ყველა ნერგი არ დარგულა.

– მეუღლის სატელევიზიო გამოსვლებს თვალს რამდენად ადევნებთ და რა შენიშვნას აძლევთ?

– რა თქმა უნდა, შეძლებისდაგვარად თვალს ვადევნებ და რჩევებსაც ვაძლევ.

– უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ?
– უმეტეს შემთხვევაში, ეს დაპირებების გაცემასთანაა დაკავშირებული.

– არარეალურ დაპირებებს იძლევა?
– არარეალურს არაფერს ამბობს, მაგრამ ამ დაპირებებს ხომ სხვების მეშვეობით ასრულებს? სხვები რამდენად შეასრულებენ დავალებას, ამის 100%-იანი გარანტი დათო ვერ იქნება. ჰოდა, ასეთ დროს ყოველთვის მაქვს შიში. მიუხედავად თავისი დიდი სურვილისა, შესაძლოა, ყველაფერი ისე არ გამოუვიდეს, როგორც მას უნდა. სოციალურ ქსელში წერილებს მწერენ. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა მომწერეს, რომ დათოსთვის მათი სახელით მადლობა გადამეხადა. ერთი წერილის ავტორი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მშობელი იყო. მადლობას მწერდა იმისთვის, რომ დათოს მერობის პერიოდში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატარებისთვის ბევრი რამ გაკეთდა. მისი შვილი ბაკურიანში, ბანაკში ჰყავდათ წაყვანილი. ასეთი წერილები და ადამიანებისგან გამოხატული მადლიერება ძალიან მახარებს. ეს დიდი სტიმულია.

– სოციალურ ქსელში თხოვნებით მოგმართავენ?

– რა თქმა უნდა! ვცდილობ, ყველას შესაძლებლობის ფარგლებში დავეხმარო, მაგრამ არის შემთხვევები, როცა თხოვნის ასრულება ჩემს ძალებს აღემატება. ამ დროს უკმაყოფილოები რჩებიან, მაგრამ რა ვქნა? ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ყველას ავუსრულებდი სურვილს.GzaPress

– თქვენ შესახებ რას გვეტყვით? ამჟამად რას საქმიანობთ?
– ერთ-ერთ უნივერსიტეტში ეკონომიკაში ლექციებს ვკითხულობ. ჩართული ვარ ძუძუს კიბოს წინააღმდეგ გამართულ აქტივობებში. ახლახან სკრინინგის პროგრამის ანგარიში მოვისმინე და მიხარია, რომ ძალიან კარგი შედეგი გვაქვს. მოეწყო მოდის ჩვენება, რომელშიც ამ პრობლემის მქონე ქალბატონები იყვნენ ჩართულები. ეს დაავადება ადრეულ სტადიაში განკურნებადია, მთავარია, ქალბატონებმა ექიმთან ვიზიტი არ დააგვიანონ.

– ემოციურად ყველაზე მეტად, რა დაგამახსოვრდათ?

– ერთ დღეს სიმსივნით დაავადებულ ქალბატონებთან ერთად, ფოტოები გადავიღე. მაშინ მესამე შვილზე ფეხმძიმედ ვიყავი. სულში ჩამწვდომი ფოტოები გამოვიდა. მახსოვს, ერთი ქალბატონი განიცდიდა, – ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარების შემდეგ, წონაში ძალიან მოვიმატეო. ვეცადე, დამემშვიდებინა. ავუხსენი, რომ ეს მისი დროებითი მდგომარეობა იყო და მაგალითისთვის დედაჩემის გამოცდილება გავუზიარე. ერთ დროს დედასაც ჰქონდა ეს პრობლემა და დღეს სრულიად ჯანმრთელია… მოგვიანებით, ბევრი მათგანი, ვისთან ერთადაც ფოტოები გადავიღე, უკვე სრულიად გამოჯანმრთელებული ვნახე.

– თქვენი თვალით დანახული დავით ნარმანია როგორია?
– ამ ადამიანმა ყველაზე მეტად, იმით მომხიბლა, რომ ძალიან კეთილი, პატიოსანი და თბილია. დღევანდელ საზოგადოებაში ამ ყველაფრის დეფიციტია. დათო ძალიან უშუალოა. გადაწყვეტილებებს მშვიდად იღებს, ცივი გონებით გათვლის და არ ჰყვება ემოციებს. წონასწორობიდან არ გამოდის, არ ახასიათებს სიფიცხე და ემოციების გამო ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება. ეს არის ადამიანი, რომელსაც შეგიძლია, დაეყრდნო.

– თქვენს ჩაცმულობაში თუ ერევა?
– საერთოდ არ ერევა. ეს თვისება არც ადრე ჰქონდა და არც – ახლა აქვს.

– ჩაცმულობის გამო არაერთხელ გაგაკრიტიკეს. ბოლოს, თბილისობის დღის ჩაცმულობა დაგიწუნეს. გაბრაზდით?
– ვთვლი, რომ გამოხმაურების 90% დადებითი იყო და ერთი-ორი ისეთი ადამიანი, ვისაც არ მოეწონები, ყოველთვის მოიძებნება. ამაზე იმუნიტეტი გამომიმუშავდა. ბევრი უცხოელი სტუმარი გვყავდა, დაგეგმილი იყო სხვადასხვა დონის შეხვედრა და ამ დღესასწაულზე ჯინსით ვერ მივიდოდი.

წყარო:http://www.gzapress.ge

FB კომენტარები

კომენტარი