რა ხდება, როცა თბილისში უცნობ ადამიანს გაუღიმებ…

462
SHARE

არ ვიცი, გჯერათ თუ არა ახალი წლის საოცარი ღამის, ბედობის, მამლის წლის და ათასგვარი ჰოროსკოპის, მაგრამ ის კი ზუსტად ვიცი, რომ სადღესასწაულო სუფრას შლით, საჩუქრებს ყიდულობთ და ასტროლოგებსაც მაინც – ყოველი შემთხვევისთვის – უსმენთ. 🙂 ჩვენ, სხვა პარადოქსებთან ერთად, ალბათ, ესეც გვჭირს: თან მორწმუნეები ვართ და შობის მარხვას ვინახავთ, თან მამლის წელს წითელი სამოსით ვეგებებით და სუფრასაც მამლის კაპრიზების გათვალისწინებით ვაწყობთ. 🙂
მაგალითად მე, გაგეცინებათ და, როცა მოვისმინე, ახალ წელს ცირცელი აუცილებლად უნდა გქონდეთო, მთელი კვირა ენაგადმოგდებული დავრბოდი, მაგრამ მაინც ვერ ვიშოვე. აი, საჩუქრების საყიდლად კი მაღაზიების უზარმაზარ რიგებში ვერა და ვერ შევძვერი. მაინც რა იყო ეს, ა?! – თავპირის მტვრევა, კისრისტეხა, საერთო ისტერიკა და ღრიანცელი… თითქოს, მხოლოდ ამ ერთი დღისთვის უნდა გეცოცხლა და მერე თუ გინდ მომკვდარიყავი! ხალხი ისეთი სახეებით დარბოდა, გეგონებოდა, დღესასწაული კი არა, საშინელი განსაცდელი ახლოვდებოდა. საცივსა და გოჭზე აღარ შევჩერდები – ამის ნერვები მარტო მე კი არა, მგონი, აღარავის შერჩა…

ჰოდა, იმას ვამბობდი, ზოგს ბედობის სჯერა და ზოგს კიდევ მეკვლის „ კარგი ფეხის“. იცით, მე რისი მჯერა? – მჯერა სიცოცხლის სიყვარულის, სიკეთისა და ღიმილის… და მგონია, რომ ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სწორედ ეს აკლია. დაკვირვებიხართ ადამიანების სახეებს ქუჩებში, ტრანსპორტსა და სხვა საზოგადო ადგილებში? – ყველგან თვალში მოგხვდებათ ერთიანად მკაცრი, მოღუშული და ხშირად ნატანჯი გამომეტყველება. რა თქმა უნდა, ეს კარგი ცხოვრებისგან არ გვჭირს, მაგრამ ერთხელ ერთმა პერუელმა ტურისტმა მითხრა: ჩვენი ხალხიც სიღარიბეში ცხოვრობს, მაგრამ ჩვენთან სოცოცხლე მაინც უხარიათ, რადგან გვჯერა, რომ თუ სულ ცუდ ხასიათზე ვიქნებით, ამით მაინც ვერ გავმდიდრდებითო! 🙂 ალბათ, არის ლოგიკა მის ნათქვამში.

Image result for christmas girl , street

შობის საღამოს, მეგობრებთან მიმავალს, უცებექსპერიმენტის ჩატარება მომინდა და ტაქსის გაჩერების ნაცვლად მეტროში ჩავედი. გადავწყვიტე, უცნობი ადამიანებისთვის შობა მიმელოცა და პირველივე შემხვედრს, მეტროს თანამშრომელს, რომელიც ბარათებზე ანგარიშს ავსებს, ღიმილით მივმართე. უცებ თავი ასწია და დაკვირვებით შემომხედა… მილოცვაზე სწრაფად და სერიოზული გამომეტყველებით მიპასუხა, თითქოს, ერთი სული ჰქონდა, დროზე გავცლოდი და ჩვეულ რუტინაში ხელი არ შემეშალა…
ვაგონში შევედი და იქ მყოფებს თვალი მოვავლე. შობის საღამოა, ყველა განათებული, ბედნიერი სახით უნდა გიყურებდეს. აქ კი, ჩაფიქრებული, სერიოზული, დაღვრემილი სახეები – არ ვაჭარბებ! მართლა დაღვრემილი და ნაღვლიანიც კი… გავიღიმე და ყველას მივულოცე. ზოგს არც კი შემოუხედავს, ზოგიერთმა კი მხოლოდ ცნობისმოყვარე მზერა შემავლო, კანტი-კუნტად, დაბალი ხმით ჩაილუღლუღა ერთი-ორმა, თითქოს, პასუხის გაცემის რცხვენოდა…. შევნიშნე, რომ რამდენიმე მამრი, რომელიც მანამდე მუშტრის თვალით მიმზერდა და გამოსალაპარაკებლად საბაბს ეძებდა, ჩემმა საქციელმა გვარიანად დააფრთხო…

შემდეგ ერთ-ერთ ბრენდ-მაღაზიაში საკუთარი „განუმეორებლობის“ ხიბლში მყოფმა ახალგაზრდა გოგონამ ისეთი მანერით მიპასუხა, თითქოს, ის ბრიტანეთის დედოფალი ყოფილიყოს, მე კი ვიღაც მაწანწალა…

მხოლოდ მოწყალების მთხოვნელ მოხუცებს გაუხარდათ გულწრფელად, ზოგი მათგანი დიდხანს მლოცავდა…
ამ „ექსპერიმენტის“ შემდეგ ერთი დარწმუნებით შემიძლია გითხრათ: ჩემი საქციელი ყველას, აბსოლუტურად ყველას გაუკვირდა. მათ სახეებზე გარკვევით იკითხებოდა: „ვერ არის, ხო იცი!“ „ნეტა, შენ, მოგცლია!“ „დროზე გაიარე, ხალხი მელოდება!“ და ა.შ.
მე კი, ვერ წარმოიდგენთ, როგორი კმაყოფილი, მხიარული და ბედნიერი მივედი მეგობრებთან!.

შორენას ბლოგი

FB კომენტარები

კომენტარი