რა შემთხვევაში იკრძალება ნათლობით დაკავშირებულ ადამიანებს შორის ქორწინება

100
SHARE

იმასთან დაკავშირებით, თუ რა საეკლესიო კანონები მოქმედებს ნათლია-ნათლულებს შორის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი, გიორგი (სხირტლაძე) საუბრობს:

“სულიერი ნათესაობის მიხედვით ქორწინების აკრძალვა თავდაპირველად ბიზანტიაში გვხვდება იმპერატორ იუსტინეს კანონებში. მე–6 მსოფლიო საეკლესიო კრების მიხედვით, სულიერი ნათესაობა ხორციელს უტოლდებოდა და დაუშვებელი იყო ქორწინება. მე–19 საუკუნეში კი საეკლესიო კანონებში არ იყო მოხსენიებული მეორე თაობის შემდგომ სულიერი კავშირის გამო ქორწინების აკრძალვის აუცილებლობა. ამგვარ სიტუაციაში ქორწინების უფლება დაეკისრა ადგილობრივი ეკლესიების კანონმდებლებს თუ ეპისკოპოსებს. ანუ საეკლესიო კანონიკით, განსაზღვრული წესის მიხედვით, მირონით ნათესავებს შორის ქორწინების უფლება მიენიჭა ეპისკოპოსს ან ადგილობრივი ეკლესიის წმინდა სინოდს, რომელსაც შეუძლია გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაუშვას ასეთი ქორწინებები. ამას ეწოდება იკონომია, ანუ შეწყალება, განგება.
შეუძლიათ თუ არა ერთი ნათლიის მიერ მონათლულ ადამიანებს, ანუ სულიერ და–ძმებს ქორწინება, ყველა ქვეყნის მართლმადიდებლური ეკლესია ინდივიდუალურად წყვეტს. მაგალითად, საბერძნეთის და რუმინეთის თანამედროვე მართლმადიდებლური ეკლესია ამგვარ ქორწინებებს უშვებს. რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში კი შეუღლება იკრძალება მხოლოდ ნათლიასა და ნათლულის მშობელს შორის. სწორედ ამგვარი კანონი არსებობს ძველ ქართულ საეკლესიო სამართალშიც, სადაც მხოლოდ ნათლიასა და ნათლულის მშობელს შორის ქორწინება იკრძალება.
საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის 2007 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე კათოლიკოს–პატრიარქის ნათლულებთან დაკავშირებით დაწესდა საეკლესიო იკონომია, ანუ შეწყალება და მომავალში თუ ამის პრეცედენტი შეიქმნება, მათ შორის ქორწინება დაიშვება. მოყვანილი ისტორიულ–კანონიკური ფაქტებიდან გამომდინარე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის ასეთი გადაწყვეტილება სავსებით სწორი, საფუძვლიანი და კანონიკურად გამართლებულია.”

წყარო: sana.ge

FB კომენტარები

კომენტარი