რა ღირს ცნობილი ბრენდების სამოსი და აქსესუარი თბილისში?

122
SHARE

ბოლო პერიოდში ადგილობრივ ბაზარზე ბევრი ახალი, ძვირად ღირებული ბრენდი გამოჩნდა და შესაბამისად კონკურენციაც გაიზარდა.

bpn.ge დაინტერესდა, რა ღირს ცნობილი ბრენდის სამოსი თუ აქსესუარი, რამდენად ხშირად ცვლიან კოლექციას, კმაყოფილები არიან თუ არა მომხმარებელთა რაოდენობით და არის თუ არა ამ ბრენდებზე ფასდაკლებები? bpn.ge რამდენიმე ცნობილი ბრენდული მაღაზიის მარკეტინგის მენეჯერს ესაუბრა.

შედარებით ხელმისაწვდომი ბრენდის, Diesel-ის სამოსი საქართველოს ბაზარზე 2010 წელს გამოჩნდა. მათი პროდუქცია ძირითადად საშუალო სეგმენტზეა გათვლილი და საშუალოდ ფასები 200-300 ლარის ფარგლებში მერყეობს. მარკეტინგის მენეჯერის თქმით, კოლექციას თითქმის სულ ანახლებენ, მაგრამ ძირითადი განახლება წელიწადში ორჯერ, შემოდგომა-ზამთარისა და გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე ხდება. ფასდაკლებები ძირითადად ძველ კოლექციაზე ცხადდება. Diesel-ის მაღაზიაში სამოსი იტალიიდან შემოდის და მაღაზიის წარმომადგენელთა განცხადებით, პროდუქცია არის ორიგინალი. ამჟამად დიზელის მაღაზიები გახსნილია თბილისსა და ბათუმში. სულ მალე თბილისში Diesel-ის მეორე მაღაზიის გახსნა იგეგმება.

Versace-ს იტალიური მოდის სახლის კოლექცია უკვე თბილისშიც იყიდება. მაღაზიის მარკეტინგის მენეჯერის თქმით, მედიასთან კომუნიკაცია მათ პოლიტიკაში არ შედის. როგორც ბრენდის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციიდან ირკვევა, საქართველოში ბრენდის შემომტანი კომპანია NG Georgia-ა. კომპანიას საქართველოში შემოაქვს ისეთი ცნობილი ბრენდების კოლექციები, როგორ არის VERSACE, VERSUS, ROBERTO CAVALLI, JITROIS, ALEXANDER MCQUEEN, ETRO, RALPH LAUREN, GAETANO NAVARRA, BLUMARINE, BARBARA BUI, CASADEI და სხვა. ფასები სამოსსა და აქსესუარებზე საკმაოდ შთამბეჭდავია და ძირითადად ოთხნიშნა რიცხვებშია გამოსახული. მაგალითად, მიმდინარე კოლექციაში ერთ-ერთი კაბის ფასი 6000 ლარს აჭარბებს, ხოლო ქამრის ფასი 2 ათასს ლარს აღწევს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ადგილობრივი მომხმარებლის გარდა, ცნობილი სამოდელო სახლების სამოსის შესაძენად საქართველოში აზერბაიჯანიდან და სომხეთიდანაც კი ჩამოდიან, რადგან ცნობილი ბრენდების პროდუქცია საქართველოში უფრო ხელსაყრელ ფასად იყიდება, ზოგიერთ ბრენდს კი მათ ქვეყანაში ოფიციალური წარმომადგენლობა არ ჰყავს.

2012 წლიდან თბილისში წარმოდგენილია ერთ-ერთი ცნობილი ბრიტანული ბრენდი BURBERRY, რომელიც ფუფუნების მოყვარულ ძვირადღირებულ ადამიანებს სამოსს, აქსესუარებსა და სუნამოს სთავაზობს. ფასები აქაც შთამბეჭდავია და ძირითადად რამდენიმე ათასი ლარის ფარგლებში მერყეობს.

115 ლარიდან იწყება და 29 000 ლარამდე ადის საათის ფასები Arttime-ში. კომპანია 19 უცხოური ბრენდის საათებისა და სამკაულების იმპორტს ახდენს. ძირითადი პროდუქტი შვეიცარული საათები და საიუველირო ნაკეთობებია. კომპანიის მარკეტინგის მენეჯერის თქმით, 2008 წლამდე ბევრად მეტი მომხმარებელი ჰყავდათ, ვიდრე დღეს. კოლექციის განახლება წელიწადში ორჯერ ხდება. ძველ კოლექციაზე კი ცხადდება აუთლეტი, რა დროსაც ძველი კოლექცია შედარებით დაბალ ფასში იყიდება და მოქმედებს 20%-დან 50%-მდე ფასდაკლებები.

P.S: ბრენდულ მაღაზიებში სამოსი და აქსესუარები იმდენად ძვირი ღირს, ხშირ შემთხვევაში, მაღაზიები მომხმარებელს საკუთარ პროდუქციას განვადებით სთავაზობენ.

 

წყარო

FB კომენტარები

კომენტარი