რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ საახალწლო ფეიერვერკები და “ასაფეთქებლები” უბედური შემთხვევის მიზეზი არ გახდეს

339
SHARE

ეს თემა უკვე ისე მწვავედ დგას, ალბათ ახსნაც არ სჭირდება, რატომ უნდა ვისაუბროთ ამაზე. უბედური შემთხვევები არ წყდება და ამიტომ კიდევ ერთხელ ვეცადოთ, ცოტათი მაინც დავიცვათ თავი. თუ მაინც იყიდეთ და ახალ წელს აპირებთ პიროტექნიკის გამოყენებას, ელემენტარული უსაფრთხოების წესები მაინც დავიცვათ ყველამ, რომ ახალი წლის დღესასწაული სადარდებლად არ გვექცეს.

ბაზარი სავსეა ამ პროდუქციით და მის რეალიზაციის პროცესს არავინ აკონტროლებს. რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ საახალწლო ფეიერვერკები და “ასაფეთქებლები” უბედური შემთხვევის მიზეზი არ გახდეს. კითხვებს პიროტექნიკოსი ბადრი ფარცვანია პასუხობს.

– რას ნიშნავს ხარისხიანი და უხარისხო პიროტექნიკა?

– ხარისხიანი პიროტექნიკა გარკვეულ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს. პირველ რიგში, არ უნდა იყოს დარღვეული შენახვის პირობები. ეს მასალა გემით შემოდის და შესაძლოა, ნესტი შეეპაროს. დაზიანებული ტკაცუნა შემდეგ დაგვიანებით ფეთქდება და შეიძლება გაუთვალისწინებელი შედეგები მოიტანოს. ან საერთოდ არ აფეთქდეს და თანხა დაკარგული აღმოჩნდეს. გარდა ამისა, გასართობ პიროტექნიკას აქვს შენახვის ვადა, დაახლოებით 2 წელი. ეს ვადებიც დაცული უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგი იგივე იქნება, რაც წეღან ვახსენე. ხარისხიან ნაწარმს აუცილებლად უნდა ეწეროს მოხმარების წესები.

გარდა ამისა, არსებობს დენთის დოზის სტანდარტი, რაც დარღვეული არ უნდა იყოს.

– ჩვენ, მომხმარებლებმა როგორ უნდა განვასხვავოთ, რომელია უსაფრთხო და რომელი საშიში ასაფეთქებელი. რაიმე პრინციპი არსებობს, რაც უნდა გავითვალისწინოთ ამ პროდუქტის შეძენისას.

– შეძენისას საკმარისია დააკვირდეთ წარწერას და გაითვალისწინოთ, რომელი ასაკიდან არის დაშვებული მისი გამოყენება. ნესტში და წვიმაში დაწყობილი არ უნდა შეიძინოთ, რისი მიზეზიც უკვე ავხსენი. შეძენის შემდეგ კი მთავარია ის სწორად გამოიყენოთ. ცეცხლის მოკიდებისთანავე აუცილებლად გადააგდეთ და სანამ არ აფეთქდება, ახლოს არ მიხვიდეთ. სხვის უსაფრთხოებაზეც იზრუნეთ – არავის ესროლოთ, ჯიბეში არ ჩაუდოთ, ღუმელში არ შეაგდოთ. აკრძალულია ამ ასაფეთქებლების ბოთლებში, ქილებში და სხვა ნებისმიერ ჭურჭელში აფეთქება. თუ წესებს დაიცავთ, საშიში არაფერი მოხდება.

– ასაფეთქებლებს ახალ წლამდეც ვყიდულობთ და დღესასწაულის მერეც შემოგვრჩება ხოლმე სახლში. ახლაც ერთი ყუთი პატარა ასაფეთქებლები ჩემს შვილს სახლში აქვს შენახული. თავისით რომ აფეთქდეს, ამის საშიშროება არსებობს?

– ნაპერწკლის გარეშე არაფერი ფეთქდება, სამაგიეროდ ყურადღებით იყავით, რომ ნაპერწკლის კერასთან ახლოს არ აღმოჩნდეს. მოარიდეთ ნესტს, რომ შემდეგ პრობლემები არ შეგექმნათ.

– თუ რომელიმე სახლიდან გამოსროლილი ტკაცუნა ჩემს ბინაში მოხვდება, არსებობს საშიშროება, რომ ხანძარი გამოიწვიოს?

– ხანძარი შეიძლება გამოიწვიოს ე.წ. რომაულმა ასეფეთქებელმა, რომელიც ჰაერში სკდება და ნაპერწკლებს ისვრის. ნაპერწკალი ყოველთვის საშიშია, ამიტომ მფლობელმა წესების დაცვით, ზევით უნდა ისროლოს და არა ირიბად.

– გამიგია: „ხლოპუშკა“ “ხელში აუფეთქდა”… რა შემთხვევაში ხდება ეს?

– თავისით და ცეცხლმოუკიდებლად, არ აფეთქდება. ფეთქდება მაშინ, როცა ნაპერწკალი წარმოიქმნება, ტკაცუნა კი ისევ ხელში უჭირავთ. გასკდომის ყველაზე დიდი საშიშროება აქვს რომაულ ასაფეთქებელს. ეს მილის ფორმის “ხლოპუშკაა”, რომელიც ჯერ გაისვრის, შემდეგ გასროლილი ნაპერწკალი ჰაერში სკდება. თითო “ხლოპუშკა” 6-8 ასეთ გასროლას აკეთებს. წელს ბაზრობაზე ძალიან ბევრი ასეთი ასფეთქებელი გაიყიდა. ისინი პატარა ზომისაც არსებობს, მაგრამ წელს მასობრივად გამოჩნდა მსხვილკალიბრიანი მილები. მათ სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები სჭირდებათ. კატეგორიულად აკრძალულია ამ მილების ხელში ჭერა, როცა ისვრის. ის ვერტიკალური მიმართულებით უნდა დაამაგროთ რამეზე, მოუკიდოთ და რამდენიმე მეტრით მოშორდეთ, თავად გაისვრის. ჩვენთან კი ეს მილები ბავშვებს ხელში უჭირავთ და ერთმანეთსაც უმიზნებენ. შეიძლება რომელიმე გასროლა დაყოვნდეს და ბავშვმა შიგნით ჩაიხედოს, თუ გაისროლა, თვალს დაკარგავს. ხელში ჭერის დროსაც შეიძლება გასკდეს. ამიტომ აუცილებლად დამაგრებული უნდა იყოს. როცა ეს პროდუქცია შემოგვაქვს, მწარმოებელის სერტიფიკატში აღნიშნულია, რომ მათი 10% დაზიანების რისკს შეიცავს. ანუ რისკი ამ მოწყობილობებს დამზადებისთანავე ახლავს, ამიტომ წესების დაცვა აუცილებელია.

– შუშხუნას ძალიან სპეციფიკური სუნი აქვს. რით არის ეს სუნი გამოწვეული და ხომ არ არის ტოქსიკური?

– სუნი წვის და აფეთქების ნებისმიერ პროცესს ახლავს. სანთელიც არ იწვის უსუნოდ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ არცერთი ტკაცუნა ოთახში და დახურულ სივრცეში აფეთქებისთვის არ არის გამიზნული. მკითხველს და განსაკუთრებით მშობლებს კი კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ: მაქსიმალურად გააკონტროლეთ ბავშვები, რომ პეტარდები და ასაფეთქებლები მათ ხელში არ აღმოჩნდეს. არ მისცეთ ფული, თუ იცით, რომ პეტარდებს იყიდის და კარგად აუხსენით, რა საფრთხეების შემცველია ეს ”გასართობი”.

წყარო:ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი