რა უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც სახლში შინაური ცხოველებიც გვყავს

77
SHARE

პედიატრის რჩევები

ხშირად მომისმენია პოლემიკა იმის შესახებ, უნდა ჰყავდეთ თუ არა შინაური ცხოველები სახლში, სადაც ბავშვები არიან; მავნებელია თუ არა ეს პატარების ჯანმრთელობისთვის და არიან თუ არა შინაური ცხოველები ზიანის მომტანები. პედიატრი, მედიცინის დოქტორი, ბლოგერი თამარ ობგაიძე გვესაუბრება იმის შესახებ, თუ რა რისკი შეიძლება შეუქმნან შინაურმა ცხოველებმა პატარებს და როგორ ავიცილოთ თავიდან მათთან კონტაქტით რიგი დაავადებები.

– ბევრი ადამიანი ამ გატაცებას სისულელედ მიიჩნევს, ბევრიც – ახირებად, ზოგს კი ვერ გაუგია, ზედმეტად დატვირთული დღის რეჟიმის შემდეგ როგორ შეიძლება ოთხფეხა მეგობრების მოვლაც მოახერხო. პატარა პაციენტების მშობლები ხშირად მეკითხებიან, აჩუქონ თუ არა შვილებს შინაური ცხოველი, ხომ არ არის ეს საშიში მათი ჯანმრთელობისათვის. ბევრი თვლის, რომ ცხოველმა შესაძლებელია, ალერგია ან ინფექციური დაავადება გამოიწვიოს და ბავშვთან ერთად მათი სახლში ყოფნა დაუშვებელია. საფიქრალი და ასაწონ-დასაწონი მართლაც ბევრია.

– პირველ რიგში, რა უნდა გავითვალისწინოთ?
– უსაფრთხოება უნდა დავიცვათ, მაგრამ თუ ამ წესების ზედმიწევნით დაცვას ვერ შევძლებთ, ცხოველი შინ არც უნდა მივიყვანოთ. მან შესაძლოა, დაკაწროს ან დაჰკბინოს პატარა. ზოგს შეიძლება ალერგია გამოუვლინდეს ცხოველის ნერწყვზე, ქერცლსა და ორგანულ გამონაყოფებზე, მაშინ ცხოველის სახლში ყოლა ყოვლად დაუშვებელია. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ბეწვი გაცილებით ნაკლებად ალერგიულია, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი. სხვათა შორის, ალერგიის შემთხვევაში საფრთხეს მამრი ცხოველები უფრო ქმნიან, ვიდრე მდედრები. უნდა გქონდეთ ინფორმაცია ზოონოზური დაავადებების შესახებაც – ეს არის ინფექციები და ჭიებით ინვაზია, რომელიც ცხოველიდან ადამიანს გადაედება, განსაკუთრებით მაშინ, როცა არ ხდება ჰიგიენური წესების სრულფასოვნად დაცვა და ცხოველის სათანადოდ მოვლა. ამიტომაც, სანამ ცხოველის აყვანას გადაწყვეტთ, კარგად უნდა დაფიქრდეთ, შეძლებთ თუ არა მის მოვლას, რადგან პასუხისმგებლობა მის მოვლა-პატრონობაზე, ცხოველისა და ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე თქვენ გეკისრებათ. სჯობს წინასწარ გაესაუბროთ ექიმსაც, ხომ არ აქვს პატარას რაიმე უკუჩვენება, მაგალითად, ალერგია.
– კიდევ რას ურჩევდით მშობლებს?
– კარგი იქნება, თუ ცხოველს ვეტერინარს შეამოწმებინებთ და დარწმუნდებით, რომ ის ჯანმრთელია; თუ სისტემატურად ჩაუტარებთ საჭირო აცრებს და გამოცხადდებით ვეტერინართან წინასწარ დაგეგმილი პერიოდულობით; ასევე, თუ სისტემატურად დაამუშავებთ ჭიებსა და გარეგან პარაზიტებზე. ბავშვი ცხოველთან უმეთვალყურეოდ არ უნდა დატოვოთ. ცხოველისათვის განკუთვნილი საკვები, წყალი და წვრილი სათამაშოები მიუწვდომელი უნდა იყოს ბავშვისათვის. კარგია, თუკი ავადმყოფი ცხოველი გამოჯანმრთელებამდე ბავშვისგან იზოლირებული იქნება. პატარამ კი უნდა იცოდეს, რომ ცხოველთან და მის კუთვნილ საგნებთან შეხების შემდეგ, ხელების დაბანა აუცილებელია. მისი საკვები და სათამაშოები განცალკევებულად უნდა შეინახოთ…
თუ შინ ორსული გყავთ, ტოქსოპლაზმოზის თავიდან ასაცილებლად უნდა მოერიდოს ისეთ კატას, რომელიც დღის ნაწილს გარეთ ატარებს.
– ბარემ ისიც გვითხარით, რა არის ტოქსოპლაზმოზი და რა იწვევს მას, მხოლოდ კატები არიან ამაში დამნაშავენი?
– ტოქსოპლაზმოზი არის თOღჩ კომპლექსის შემადგენლობაში შემავალი ინფექციური დაავადება. უმეტესწილად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მკურნალობასაც არ მოითხოვს, მაგრამ ეს ინფექცია თუ ორსულს დაემართა, შესაძლოა, სერიოზული გართულებების მიზეზადაც კი იქცეს. ტოქსოპლაზმოზს იწვევს უჯრედშიდა პარაზიტი, რომლის საბოლოო მასპინძელი კატაა. კატა თაგვებისგან, ვირთხებისა და ფრინველებისგან ინფიცირდება, ფეკალიებთან ერთად გამოყოფს გამომწვევებს, რომელთა ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას ტოქსოპლაზმოზი ვითარდება. დაავადება უმეტესობას განსაკუთრებული სირთულეების გარეშე, უსიმპტომოდ გადააქვს, მაგრამ ორსულის ტოქსოპლაზმით ინფიცირებამ შესაძლოა, ნაყოფის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე შეუქმნას. ინფიცირება სხვადასხვა გზით ხდება, უმეტესად, კატასთან კონტაქტისას. ასევე, ხშირია დაუმუშავებელი ხორცის, გაურეცხავი ან ცუდად გარეცხილი მწვანილის, ბოსტნეულისა და ხილის მეშვეობით დასნებოვნებაც. ინფიცირება ხდება სისხლის გზით, ორგანოთა ტრანსპლანტაციისას და ა.შ.

– რა დადებითი მხარეები აქვს შინაურ ცხოველებთან თანაცხოვრებას?
– არ შევჩერდები კომპანიონი ძაღლების როლზე იმ ადამიანებისთვის, რომელთაც რაიმე უნარშეზღუდულობა აქვთ, არც სამსახურებრივ ძაღლებზე, რომლებიც მესაზღვრეებისა და პოლიციელების შეუცვლელი დამხმარენი არიან. მხოლოდ იმ სამეცნიერო კვლევების შესახებ გეტყვით, რაც შინაური ცხოველების მიერ ადამიანების ჯანმრთელობაზე ზეგავლენას ეხება. სტატისტიკით, 71 მლნ ამერიკელს შინ ცხოველი ჰყავს და მათ ოჯახის წევრად მიიჩნევენ. 2002 წელს შესწავლილ და შედარებულ იქნა ადამიანთა 2 ჯგუფი – შინაური ცხოველების მფლობელები და ისინი, ვისაც ცხოველები არ ჰყავდა. პირველ ჯგუფს სტატისტიკურად დაბალი გულისცემა და არტერიული წნევა ჰქონდა, ამასთანავე, დატვირთვის შემდეგ, მეორე ჯგუფთან შედარებით, ორივე ეს მაჩვენებელი სწრაფად უბრუნდებოდა ნორმას. ავტორები მივიდნენ დასკვნამდე, რომ შინაური ცხოველების მფლობელებს აქვთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა განვითარების უფრო დაბალი რისკი და ისინი უფრო ეფექტურად უმკლავდებიან სტრესს.
1997 წელს 3-დან 6 წლამდე ასაკის ჯანმრთელ ბავშვებში საინტერესო ექსპერიმენტი განახორციელეს – პედიატრთან პირველი ვიზიტისას და გასინჯვისას ოთახში ძაღლიც იყო, მეორე ვიზიტი კი ძაღლის გარეშე ჩატარდა. აღმოჩნდა, რომ პირველ ვიზიტზე ბავშვების გულისცემა, არტერიული წნევა და ქცევითი დისტრესი უფრო დაბალი იყო, ვიდრე იმ შემთხვევაში, როცა გასინჯვას ძაღლი არ დაესწრო. ეს და კიდევ სხვა მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ ცხოველებთან ურთიერთობა ადამიანს უფრო მშვიდს ხდის და სტრესს ამცირებს.
კვლევათა შედეგები ალერგიისა და ასთმის კავშირის შესახებ შინაურ ცხოველებთან არაერთგვაროვანია. ზოგიერთი კვლევა ადასტურებს კატების როლს ალერგიული სენსიტიურობის ზრდაში მაშინ, როცა სხვა კვლევათა შედეგები საწინააღმდეგოს ამტკიცებს.
ამ კვლევის შედეგი ეხმიანება ე.წ. ჰიგიენურ თეორიას, რომელიც ამტკიცებს, რომ რაც უფრო მეტი შეხება ექნება ბავშვს სიცოცხლის ადრეულ ეტაპზე გარემომცველ სამყაროსთან, მათ შორის, ალერგენებთან, მით უფრო მეტადაა ტრენირებული მისი ორგანიზმის იმუნობიოლოგიური დაცვის სისტემა. მატულობს ორგანიზმის ამტანობა გარემო ფაქტორებზე და იშვიათად ემართება ალერგია. რაც უფრო სტერილურ პირობებში ზრდით პატარას, მით მეტია იმისი ალბათობა, რომ მას ცხოვრების შემდგომ ეტაპებზე ალერგიული დაავადება განუვითარდება. თუმცა, თუ პატარას შინაური ცხოველის მოყვანის შემდეგ ალერგია უდგინდება, სამწუხაროდ, მისთვის ეს კონტაქტი სასარგებლო ვერ იქნება.
ალერგიული დაავადების მკურნალობის მთავარი პრინციპი ხომ ალერგენის მოცილებაა. 2015 წელს აშშ-ში ჩატარებული კვლევების თანახმად, მოზარდებს, რომელთაც ძაღლი ჰყავდათ, უფრო იშვიათად აღენიშნებათ სიმსუქნე, ვიდრე იმ ბავშვებს, რომელთაც შინაური ცხოველი არ ჰყავთ. ახსნა მარტივია – მას, ვისაც ძაღლი ჰყავს, უფრო მეტი ფიზიკური აქტივობა უწევს და დიდ დროს ატარებს გარეთ. ცნობილია ისიც, რომ ბავშვი, რომელსაც ცხოველი ჰყავს, უფრო იოლად ეჩვევა სხვაზე ზრუნვასა და პასუხისმგებლობას.
ხშირად მიფიქრია, იქნებ ბევრი ჩატარებული კვლევის ოპტიმისტური შედეგი იმითაა განპირობებული, რომ შინაურ ცხოველებს მეგობრებად ჯანმრთელი და ბედნიერი ადამიანები ირჩევენ. ადამიანებს ჯანმრთელობის პრობლემებით კი ხშირად არა აქვთ არც ხალისი და არც უნარი მოუარონ ცხოველს. შესაბამისად, არ ცდილობენ აიყვანონ ისინი.
ჯანმრთელი და ბედნიერი ადამიანები ალბათ ხალისითაც ერთვებიან სამეცნიერო კვლევებში და იქნებ, სწორედ ისინი უზიარებენ მკვლევრებს იმ ეფექტებს, რაც შინაური ცხოველის აყვანის შემდეგ აქვთ. იქნებ ასეცაა. მაგრამ ფაქტია – ადამიანი, რომელსაც ძაღლი ჰყავს, სუფთა ჰაერზე უფრო მეტ დროს ატარებს, უფრო მეტს სეირნობს, უფრო მეტ ახალ ნაცნობს იძენს ქუჩაში და მეტი სოციალური კავშირებიც აქვს მსგავსი ინტერესების მქონე სხვა ადამიანებთან. იქნებ სწორედ ფიზიკურ სიჯანსაღესა და მორალურ კმაყოფილებასთანაა დაკავშირებული ლეგენდებიცა და ფაქტებიც ცხოველის დადებითი ზეგავლენის შესახებ პატრონზე? შეიძლება, რატომაც არა. ასე რომ, თუ შინ შინაური ცხოველი გყავთ, მოუარეთ მას ისე, რომ ჯანმრთელი იყოს, ასწავლეთ პატარას ხელების ხშირი დაბანა, მკაცრად დაიცავით ჰიგიენის წესები. ასეთ პირობებში თქვენი ოთხფეხა მეგობრები ბევრ სიხარულსა და ხალისს მოგიტანენ.

წყარო:http://gza.kvirispalitra.ge

FB კომენტარები

კომენტარი