რა საფრთხე მოაქვს ინტერნეტს თქვენი შვილებისთვის და როგორ უნდა დაიცვათ ისინი საშიში ინტერნეტთამაშებისგან

314
SHARE

კიბერ-სივრცეში გარკვეულწილად ყველა ჩვენგანი დაუცველია, განსაკუთრებით კი არასრულწლოვნები, რომლებიც არცთუ იშვიათად, ბულინგისა თუ ინტერნეტთამაშების მსხვერპლი ხდებიან ხოლმე.
ამ საფრთხისგან ბავშვების დაცვა, როგორც წესი რთულია, რადგან ოჯახის წევრებს უჭირთ მუდმივად კონტროლი, თუ რას საქმიანობენ მათი შვილები ინტერნეტ სივრცეში.
UNICEF-მა ბავშვებისა და ციფრული სამყაროს შესახებ, ცოტა ხნის წინ კვლევა გამოაქვეყნა, სადაც ყურადღება ინტერნეტსივრცის მიერ ბავშვის ცხოვრების ცვლილებებზეა გამახვილებული. გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელის, მაია ქურციკიძის განმარტებით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ინტერნეტით სულ უფრო და უფრო მეტი ბავშვი სარგებლობს, რასაც კვლევაც ადასტურებს:
მსოფლიოში სამი ინტერნეტმომხმარებლიდან ერთი 18 წლამდე ასაკის ბავშვია, ხოლო მომხმარებელთა 71%-ს 15-24 წლის ახალგაზრდები წარმოადგენენ.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტი მოზარდების განათლებისთვის მნიშვნელოვანია, ის გარკვეულ საფრთხეებსაც შეიცავს. სწორედ ამ საფრთხეებზე მაია ქურციკიძე Allnews.ge-ს ესაუბრა.
ძირითადად, რა პრობლემები არსებობს ბავშვების მიერ ინტერნეტის მოხმარებასთან დაკავშირებით საქართველოში?
უპირველეს ყოვლისა კარგი იქნება, რომ საქართველოში ჩატარდეს ბავშვებსა და ინტერნეტთან დაკავშირებით კვლევა, რათა გავიგოთ, ჩვენს ქვეყანაში ბავშვები ინტერნეტს როგორ მოიხმარენ. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ქვეყანამ ერთიანი ხედვა და სტრატეგია შეიმუშაოს, თუ როგორ უნდა იყვნენ ბავშვები დაცული ინტერნეტში და არამარტო დაცული, არამედ როგორ მიუწვდებოდეს ყველა ბავშვს ხელი ინტერნეტთან.
ინტერნეტზე ხელი ყველა ბავშვს თანაბრად უნდა მიუწვდებოდეს, რამდენადაც ეს განვითარებისათვის აუცილებელია და ამის გარეშე ბავშვების განათლება და განვითარება წარმოუდგენელია. სადაც ბავშვს ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ აღნიშნულით უზრუნველყოფა მოახდინოს.
ასევე, კერძო სექტორის პასუხისმგებლობაა, რომ საკუთარ ინტერნეტ მისამართებზე შექმნას ისეთი მექანიზმები, რომლებიც ბავშვებს გარკვეული საფრთხეებისაგან დაიცავს, ეს შეიძლება იყოს როგორც ეთიკური სტანდარტების შემუშავება, ისე უსაფრთხოების სხვა მექანიზმების შემუშავება, რაც მაგალითად, სოციალური ქსელების მომხმარებლების, მათ შორის არასრულწლოვნების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ასევე, კერძო კომპანიებმა მშობლებს უნდა შესთავაზონ სხვადასხვა ტიპის ისნტრუმენტი, მაგალითად, როგორიც არის პაროლის დაცვის მექანიზმი, კონტაქტების ბლოკირება, ასაკის გარკვევა და ფილტრაცია და სხვა. ეს მშობლებს საშუალებას მისცემს, თავიანთ შვილებს უფრო უსაფრთხო ონლაინ გარემო შეუქმნან.
ბავშვების მიერ ინტერნეტის მოხმარების თვალსაზრისით, მსოფლიოში რა პრობლემები არსებობს?
გარდა იმისა, რომ ინტერნეტსივრცე განათლებისთვის მნიშვნელოვანია, ციფრულმა ტექნოლოგიებმა ბავშვები კიდევ უფრო მეტი საფრთხის წინაშე დააყენა. ის საფრთხეები და არსებული რისკები, რასაც ბავშვები სხვა სივრცეში აწყდებოდნენ, მაგალითად, ბულინგი, ბავშვზე ძალადობა, სექსუალური ძალადობა, ამ ყველაფერმა უკვე ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა და ისინი ამ პრობლემების, თუნდაც აზარტული თამაშების საფრთხის წინაშე აქაც არიან.
ეს აუცილებლად გასაცნობიერებელია და ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ბავშვები ამ საფრთხეებისაგან დაცული იყვნენ.
მათ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ეს არ არის რომელიმე ერთი მიმართულების უწყების პასუხისმგებლობა, ზოგადად, სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ ბავშვები ონლაინ საფრთხეებისგან დაცულები იყვნენ. ასევე მშობლებისა და კერძო სექტორის პასუხისმგებლობა არის ძალიან დიდი, რადგანაც სწორედ მათ უნდა შექმნან დაცვის ისეთი მექანიზმები, რომლებიც ბავშვებს ამ ონლაინ საფრთხეებისგან თავის არიდებაში დაეხმარება.
რასაკვირველია, ასეთი საფრთხეებთან საბრძოლველად მთავარი იარაღი არის განათლება, ბავშვების ინფორმირება. თვითონ მათ უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ტიპის საფრთხეები შეიძლება არსებობდეს ინტერნეტში და მათ უნდა იცოდნენ, როგორ დაიცვან თავი, ვის მიმართონ. სწორედ ამიტომ, რომ ბავშვს ამის შესახებ უნდა ვესაუბროთ, განსაკუთრებით მშობლებმა, მასწავლებლებმა, რომლებიც მსგავსი საფრთხეების შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად თვითონ უნდა ვიყოთ ინფორმირებულები.
მნიშვნელოვანია მშობლების მხრიდან მეთვალყურეობა, რას აკეთებენ ბავშვები კიბერ სივრცეში.
ხშირად ისმება ხოლმე შეკითხვა, რამდენ დროს უნდა ატარებდეს ბავშვი ინტერნეტთან, თუმცა ამაზე კონკრეტული რეკომენდაცია არ არსებობს, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ბავშვის ინდივიდუალობაზე, მის ინტერესებზე, გარემოზე, რომელშიც ბავშვი ცხოვრობს. მთავარი ის კი არ არის, ინტერნეტთან და კომპიუტერთან რა დროს ატარებს, არამედ მთავარია, რას აკეთებს, რა ტიპის მასალაზე მიუწვდება ხელი და რა აქტივობებითაა დაკავებული. თუ ეს მის სწავლასა და განვითარებას უკავშირდება, ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და უკვე ძალიან ბევრ ქვეყანაში, მაგალითად, ესტონეთსა და ფინეთში, აქტიურად იყენებენ სასწავლო რესურსად ინტერნეტს.
რა მექანიზმებით უნდა გააკონტროლოს მშობელმა და სახელმწიფომ არასრულწლოვანი რა ტიპის კიბერ აქტივობებშია ჩართული?

ამისათვის ბავშვებთან მუშაობა და მათი მეთვალყურეობაა საჭირო, რომ თუ არასრულწლოვანი რაღაც საფრთხის წინაშე დგას, დროულად შეეძლოს მისი იდენტიფიცირება და შემდეგ დახმარებისთვის მშობელს და მასწავლებელს მიმართოს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვების იდენტობა ინტერნეტში დაცული იყოს და ბავშვს თავისი ასაკისათვის შეუფერებელ კონტენტზე ხელი არ მიუწვდებოდეს. ამ მხრივ პასუხისმგებლობა აკისრია როგორ სახელმწიფოს, ასევე მშობელს და რაც მთავარია, კერძო კომპანიებს, რომელთაც გარკვეული კონტენტი აქვთ და სწორედ მათ უნდა დაიცვან ბავშვების პირადი მონაცემები და მათი იდენტობა. კომპანიას კონკრეტული მექანიზმები უნდა ჰქონდეს და აიკრძალოს პირადი მონაცემების ადვილად გავრცელება.
მეორე მნიშვნელოვანი მექანიზმი არის ის, რომ დაცვის ისეთი მექანიზმების შემუშავება უნდა მოხდეს, რომელიც ბაშვებს ასეთი საფრთხეებისგან დაიცავს.
ეს შეიძლება იყოს გარკვეული ფილტრები, რომ ბავშვების მიერ კონკრეტულ ვებგვერდზე შესვლის შემთხვევაში, კომპანიამ ასაკის დაფიქსირება მოითხოვოს.
ამის მეშვეობით შევძლებთ, რომ ბავშვებს ხელი რაღაც ვეგბვერდებზე არ მიუწვდებოდეთ, რაც მსოფლიოს სხვადასხვა განვითარებულ ქვეყანაში ხდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბავშვი უნდა ენდობოდეს მშობელსა და განათლების სისტემას, მასწავლებელს, რომ მას შეეძლოს თუნდაც კიბერ ბულინგზე თუ კიბერ სივრცეში არსებულ სხვა პრობლემაზე თავისუფლად საუბარი და შემდგომ ის მშობელმა უნდა დაიცვას.
როგორ უნდა მივაწოდოთ ბავშვს კიბერუსაფრთხეების შესახებ ინფორმაცია?
ინფორმაციაც, როგორც მედია წიგნიერების, ისე ინტერნეტ წიგნიერების შესახებ თვითონ სკოლებში უნდა ისწავლებოდეს და კურიკულუმის შემადგენელი ნაწილი იყოს. უკვე 21-ე საუკუნეა, ამიტომ ბავშვებს სჭირდებათ ისეთი კომპეტენციების განვითარება, რომლებიც ახლანდელი ეპოქისთვის არის შესაფერისი. ეს ინტერნეტის გარეშე შეუძლებელია, ამიტომ ბავშვები ზოგადადაც უნდა ერკვეოდნენ ციფრულ ტექნოლოგიებში და უნდა იცოდნენ, რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ კიბერსივრცეში.
ყველაზე მეტად უპრიანი იქნება, რომ მსგავსი ინფორმაციის მიწოდება განათლების სისტემაში ინსტიტუციონალიზებული იყოს და ამას ბავშვები სასწავლო პროგრამების საშუალებით იღებდნენ.
განაგრძეთ კითხვა:https://www.allnews.ge

FB კომენტარები

კომენტარი