რა მოხდა, როდესაც კესარია ჯარში გამოიძახეს? – ტრანსგენდერების პრობლემური საბუთები

816
SHARE

 

  რომელი სქესი უწერიათ პასპორტში ტრანსგენდერებს, – ამ სათაურით სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს. გამოცემასთან უმცირესობის წარმომადგენელი კესარია აბრამიძე და უფლებადამცველები საუბრობენ პრობლემებზე, რომლებიც ტრანსგენდერებს სხვადასხვა სახის დოკუმენტაციებში ექმნებათ. ერთ-ერთ პრობლემას პირადობაში სქესის შეცვლა წარმოადგენს. როგორც აღმოჩნდა, იმისთვის, რომ ტრანსგენდერმა შესაბამისი პირადობის მოწმობა, ან საზღვარგარეთის პასპორტი აიღოს, საჭიროა რამდენიმეწლიანი ფსიქოლოგიური ტესტის გავლა, რაც დიდ ფინანსებს უკავშირდება.
უფელებადამცველ თამარ გურჩიანის განმარტებით, სახელმწიფო ქირურგიულ ჩარევასთან დაკავშირებულ საბუთებს ითხოვს იმისთვის, რომ პირადობაში, პასპორტში სქესის ცვლილება შევიდეს.
„გარდა იმისა, რომ მათ სამედიცინო სერვისებზე ხელი არ მიუწვდებათ, ისედაც დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან როგორც შრომით, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში. მათ სერიოზული პრობლემები აქვთ დოკუმენტაციებთან დაკავშირებითაც“, – ამბობს გურჩიანი.
„ქალთა ინიციატივის მხარდამჭერთა ჯგუფის“ წარმომადგენელი ნათია გვიანიშვილი კი ამბობს, რომ ტრანსგენდერი ადამიანები ვერ ახერხებენ დასაქმებას ისეთ სამსახურებში, სადაც დოკუმენტაციას ითხოვენ.
„იქიდან გამომდინარე, რომ ტრანსგენდერ ადამიანებს სქესის სამართლებრივ აღიარებაზე ხელი არ მიუწვდებათ, ისინი ვერ ახერხებენ დასაქმებას ისეთ სამსახურებში, სადაც დოკუმენტაციას ითხოვენ“, – ამბობს გვიანიშვილი.

მისივე განმარტებით, ტრანსგენდერს საზღვარგარეთ გამგზავრებისას სჭირდება დროს იმისთვის, რომ ამტკიცონ, საბუთი, რომელიც თან აქვს, ნამდვილად საკუთარია. გვიანიშვილი ტრანსგენდერი პირის ჯარში გამოძახების შემთხვევას და მასთან დაკავშირებულ პრობლემასაც იხსენებს.
„გვყავდა რესპონდენტი, რომელიც ჯარში 2008 წელს ნებაყოფლობით მსახურობდა. იმ შემთხვევაში, თუ ამ ადამიანებს აქვთ ჭეშმარიტი ტრანსსექსუალის ცნობა, რომელსაც გასცემს ტრანსექსუალური კლინიკა, მათ შეეძლებათ, ჯარში წასვლაზე უარი განაცხადონ. გვქონდა მსგავსი შემთხვევა, როდესაც ტრანსგენდერმა აიღო ასეთი ცნობა და ჯარში აღარ წაიყვანეს“, – აღნიშნავს „ქალთა ინიციატივის მხარდამჭერთა ჯგუფის“ წარმომადგენელი.
ტრანსგენდერი კესარია აბრამიძე კი ჯარში მისი გამოძახების ამბავს იხსენებს.
„როდესაც ჯარში გამომიძახეს და მივედი, ვერ მიხვდნენ, რა უნდა დაეწერათ. ბოლოს ერთმა კომისარმა მითხრა, უნდა წაგიყვანო ჯარშიო. მე თავად ვასწავლე, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. ავუხსენი, რომ ჩემს შემთხვევაში იყო სქესის იდენტიფიკაციის არევა, ანუ ბიოლოგიური სქესი არ ემთხვეოდა ფსიქოლოგიურ სქესს. არც ვიცოდი, ზუსტად ვისთან ან რომელ ექიმთან უნდა მივსულიყავი, მივედი ფსიქიატრიულში, ავუხსენი ექიმებს ჩემი პრობლემა და იქ მომცეს ცნობა. თუმცა ის ექიმიც დაიბნა, ვისთანაც მივედი. მითხრა, უნდა ჩავიხედო წიგნებში, წავიკითხო და რამდენიმე დღე მომეცი, რომ ზუსტად გავიგო, კონკრეტულად რა დავწერო ცნობაშიო. საბოლოოდ ეს დასკვნა ავიღე, თუმცა ამის საშუალება ყველა ტრანსგენდერს არ აქვს და, შესაბამისად, დიდი შანსია, რომ ჯარშიც წაიყვანონ“, – ამბობს კესარია აბრამიძე.

FB კომენტარები

კომენტარი