რა ლექსით ულოცავს მეუღლე შალვა ნათელაშვილს იუბილეს

301
SHARE

ბელა ალანიამ პოლიტიკოს მეუღლეს შალვა ნათელაშვილს დაბადების დღე ლექსით მიულოცა:

გილოცავ შენს დღეს! დიდხანს მყავდე
***
კვლავინდებურად გადმოთოვლავ სახლის სახურავს,
რომ გატეხილი კრამიტიდან არ ჩამოჟონოს იმ ოთახში, სადაც ჩვენ გვძინავს.
მე ჩვეულებრივ, ისევ დაბლა დაგელოდები,
შიშისგან ხელსაც ავიფარებ ორთავე თვალზე,
თითქოს ასე თვალბნელ ხიფათს უსათუოდ გადამირჩები.

გათოშილ ხელებს იორთქლავ და მძულს მე ეს თოვლი,
ნოემბრის მერე რომ ველოდით დიდხანს ნანატრ მეგობარივით.
შეგევედრები, მაგრამ, აბა, ჯერ რას ჩამოხვალ?
– შენ წადიო, ნაყარმა ან ლოლომ ქვეშ არ დაგიტანოსო…
ან მე სად წავალ? აქ უჩემოდ ვინ დაგიფარავს?

ჩემი უტეხი სიჯიუტე ისევ გაჯობებს,
მივეყინები იქვე პანტას, ვიდრე ეზოში ჩამოზვინავ ორი ღამის თოვლს,
მერე, ბიჭივით იმ ზვინებზე გადმომხტარი, ერთს გამომხედავ,
ხელს დამიქნევ და აუყვები ღობეს ტყისაკენ…
მიმატოვებ სხვა თოვლების, სხვა ნატვრების მოგონებებთან.

გამახსენდება წლები, როცა ისე გვიჭირდა,
ლუკმას ერთმანეთს ვუნახავდით და უფრო კი მე, მეძუძურს და დაბალწნევიანს,
ახლა ვხვდები, რომ მიზოგავდი ხშირად ღამესაც –
ფარდას გადასწევდი, ბიჭს გაიყვანდი, რომ ცოტა კიდევ მძინებოდა ღამის იმედად
და მცივანას მატყლის საბანსაც წამაფარებდი.

წახემსებული ხმელაპურით წახვიდოდი დღიურ მთიბავად,
ან საქონელს გაირეკავდი მდინარის გაღმა, ხალხისგან შორს, უკაცრიელში,
თვალსმოფარებით ალბათ კიდეც ჩამოჯდებოდი,
წიგნს გადაშლიდი, ნახირს სულაც დაივიწყებდი
და იკითხავდი, იკითხავდი დაბინდებამდე.

დაგახვედრებდი მოტკბო-მჟავე შინდის შეჭამანდს,
ღარიბულ ვახშამს შემიქებდი. შეჭამდი მშვიდად. (კვლავაც ვერ იტან ამ დროს საუბარს)
განმარტოებით თავისთავთან დღეს იხსენებდი, აფასებდი,
იმახსოვრებდი. თუ რამ ღირდა, სახელს არქმევდი,
ივიწყებდი ან ინახავდი სამარადისოდ.

მე სახვალიოს გიმზადებდი საჭმელს და სამოსს,
სახელდახელოდ გამოგონილს უყვებოდი ბავშვებს ამბებს ძილისპირულებს
და მერე სადღაც პოულობდი უზუსტეს სიტყვებს,
პურზე, წყალზე, ყველანაირ ქონებაზე ძვირად ღირებულს –
სულ სახვალიო ერთი პეშვი იმედით სავსეს.

გავიზარდეთ და დავჭკვიანდით. ცოტა დავმშვიდდით.
წლების, ქარების, ავდრებისა და ბევრზე-ბევრი ნაირგვარი ამბების მერე
გატანისა და ერთგულების ვისწავლეთ ენა,
ობლის კვერიც რომ გვიან მაგრამ კარგად გამოცხვა,
მაინც ძველისკენ, იმ წლებისკენ გაგვირბის ნატვრა.

დღეს ჩვეულად რომ გადმოთოვლავ სახლის სახურავს,
თვალბნელ ხიფათს რომ აგაცდენ და ვიცი, ყველგან უსათუოდ გადამირჩები,
უბისჯიბეში აღმოგიჩენ მთელი დღის ნაძებნ,
თოვლისქვეშ ნაპოვნ სათებერვლო პირველ ენძელას
ძველის კი არა, ხვალინდელ დღის ერთი პეშვი იმედის ნამცეცს.

FB კომენტარები

კომენტარი