რა კავშირი აქვს „ფერად ხინკილებს“ „ლგბტ“-თან – რესტორნის მფლობელის კომენტარი

700
SHARE

თბილისში ფერადი ხინკლების გამოჩენამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ ფერადი ხინკლების „წარმომავლობას“. ვებმომხმარებლების ნაწილმა მას „ლგბტ“ ხინკალი უწოდა და რესტორანი ერის გარყვნაში დაადანაშაულა, ნაწილი მისი მომზადების წესით დაინტერესდა, ნაწილმა კი მისი სასწრაფოდ დაგემოვნების სურვილი გამოთქვა.

„კვირა +“ ფერადი ხინკლების იდეის ავტორსა და იმ რესტორნის მფლობელს დაუკავშირდა, სადაც ზემოთხსენებული ხინკლების დაგემოვნებაა შესაძლებელი. თიკო კორაშვილმა საუბარი იმით დაიწყო, რომ რესტორან „ექსტრანოში“ მომზადებულ ფერად ხინკლებს, „ლგბტ“ თემასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ჩვენი „ფერადი ხინკლები“ ასეთი პოპულარული თუ გახდებოდა. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ფერად ხინკილებს არანაირი კავშირი არ აქვთ „ლგბტ“ პირებთან, ეს არის ჩვეულებრივი, ოდნავ ინოვაციური და ფერადი ხინკალი, ამ ლოგიკით მაშინ ყველანაირი ფერადოვნება უნდა ჩავკლათ საქართველოში და ცისარტყელის ფერებს საერთოდ არ უნდა გავეკაროთ. მინდა აღვნიშნო რომ ჩვენი რესტორანი ღიაა ყველა ადამიანისთვის, განურჩევლად კანის ფერის, რასის, სქესის, ენის, რელიგიისა თუ სხვა პოლიტიკური შეხედულებისა“,- აღნიშნა „კვირა +“-თან საუბრისას „ექსტრანოს“ მფლობელმა.

მისივე თქმით, ფერადი ხინკილები არ შეიცავს დანამატებს, ბუნებრივი და ნატურალურია, – „ეს არის ქართული-ტრადიციული გემოვნური თვისებებით, ფერადი და სახალისოდ მისართმევი, რომელმაც, სხვათაშორის, ბავშვებისა და ახალგაზრდების დიდი აღფრთოვანება გამოიწვია“.

აღსანიშნავია, რომ რესტორანი „ექსტრანო“ მომხმარებელს 24 საათიან მომსახურებას სთავაზობს და ფერადი ხინკილების გარდა, სხვა უამრავი ქართული თუ ევროპული კერძების მრავალფეროვანი არჩევანით გამოირჩევა.

R

FB კომენტარები

კომენტარი