რა ინციდენტი მოხდა სტალინის ნადირობის დროს

250
SHARE

ჩემი ახალი თანამდებობის მიუხედავად, სტალინს თითქმის ყოველდღე ვხვდებოდი. მიუხედავად იმისა, რომ პირადი მცველობა აღარ მევალებოდა, მზად ვიყავი, ყოველ წუთს თავი გამეწირა მისთვის. როგორც ეტყობა, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია და თავად დიდი ბელადიც ვერ მელეოდა. ყოველთვის თან მივყავდით, თუკი დასასვენებლად, ვიზიტით ან ქალაქგარეთ სასეირნოდ მიემგზავრებოდა. თავის საქციელს კი ასეთ კომენტარს უკეთებდა თავად სტალინი: „ლენინს რამდენიმეჯერ ძველი, გაცვეთილი ფეხსაცმელების გამოცვლა და ახლის ჩაცმა შესთავაზეს, მაგრამ ილიჩი ყოველთვის უარს აცხადებდა და ასე ასაბუთებდა ხოლმე თავის საქციელს. არა, გეთაყვა, არ მინდა ახალი ფეხსაცმელები, ძველები უფრო მოსახერხებელი და საიმედოაო. ჰოდა, მეც ძველები მირჩევნია (აქ, დიდი ბელადი, ილიჩისგან განსხვავებით ჩვენ, მის პირად მცველებს გვგულისხმობდა) და იმედია, სიძველისგან არ გაცვდით და სიფხიზლე არ მოგიდუნდათ”.
18 მაისს სტალინმა პირადად დამირეკა და მითხრა: გაემზადე, ხვალ დილიდანვე ზავიდოვოში, ტახზე სანადიროდ მივდივართო. ზავიდოვო, მოსკოვიდან 150 კილომეტრით დაშორებული ადგილი იყო, სადაც სტალინისა და პოლიტბიუროს სხვა წევრებისთვის სანადირო მეურნეობა იყო მოწყობილი. ზავიდოვოში დიდი ბელადი ომამდე სულ რამდენჯერმე იყო, ხოლო ომის დროს იქ რა ესაქმებოდა. სანადიროდ იქ ძირითადად პოლიტბიუროს წევრები ჩადიოდნენ. ყველაზე ხშირად იქაურობას ბერია, ხრუშჩოვი და ვოროშილოვი ესტუმრებოდნენ ხოლმე. ისინი ნადირობის დიდი მოყვარულები იყვნენ. ზუსტად დილის 6 საათზე, რამდენიმე ავტომობილისგან შემდგარმა კორტეჟმა ზავიდოვოსკენ აიღო გეზი. სტალინის მანქანაში მე და ვლასიკი ვისხედით, დანარჩენებში კი დაცვის გარდა, ბერია და ხრუშჩოვი მოთავსდნენ, რომლებიც დიდმა ბელადმა, აგრეთვე სანადიროდ დაპატიჟა. „იმედია, მაშინდელივით ცირკს არ მომიწყობთ, ყოველ ხეზე სნაიპერი რომ იჯდა”, – უთხრა სტალინმა ვლასიკს და ერთ-ერთი ნადირობა შეახსენა, როდესაც სტალინის უსაფრთხოების დასაცავად უპრეცედენტო ზომები იქნა მიღებული. ვლასიკს გაეღიმა, თავი გააქნია და ჩაილაპარაკა: „ამხანაგო სტალინ, პირობას გაძლევთ, არავინ მოგხვდებათ თვალში”.
დიდმა ბელადმა არაფერი უპასუხა და ზავიდოვომდე ხმა აღარ ამოუღია. სანადირო მეურნეობაში მისვლისთანავე, სტალინმა ტანზე გამოიცვალა და სათანადოდ გამოეწყო. ასევე, მოიქცნენ ბერია, ხრუშჩოვი, ჩვენც და სხვებიც. სტალინს სპეციალურად მისთვის დამზადებული, ტულის ქარხნის თორმეტკალიბრიანი თოფი მისცეს. სამამულო წარმოების თოფები ეკავათ სხვებსაც, რადგან სტალინს არ მოსწონდა, როდესაც საბჭოთა საქონელს უცხოურს ამჯობინებდნენ. მით უმეტეს, ეს ეხებოდა შეიარაღებას. „ჩვენი არმია ყველაზე ძლიერია მსოფლიოში, ჩვენი შეიარაღება კი – საუკეთესოო”, – ამბობდა ხოლმე ის. ეგერები წინ გაგვიძღვნენ და ჩვენ ტყის შუაგულისკენ გავემართეთ. სტალინმა აქეთ-იქით მიმოიხედა და როდესაც სნაიპერული თოფებით შეიარაღებული მცველები ვერსად აღმოაჩინა, გაეღიმა და ვლასიკს შეხედა. ვლასიკსაც გაეღიმა, თუმცა ხმა არ ამოუღია. სნაიპერები წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულები და ისე შეინიღბნენ, რომ მათ ეშმაკიც ვერ შეამჩნევდა. ამხანაგო სტალინ, – მორიდებით მიმართა დიდ ბელადს მეურნეობის უფროსმა მირონოვმა, – აქ უკვე ტახის ბილიკი იწყება და ყურადღებით იყავით, უმჯობესია, ნომრებად განაწილდეთ, რადგან მალე ტახი უნდა გამოჩნდესო. სტალინმა მირონოვს თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა და ვლასიკთან და ჩემთან ერთად მუხის ხის ძირში ჩაჯდა. ოდნავ მარცხნივ, სულ რაღაც ათიოდე მეტრში, ლავრენტი ბერიამ ჩაიჩოქა, ხოლო ხრუშჩოვი მოშორებით, ოციოდე მეტრში ჩაჯდა ბუჩქებში და ტახის დასახვედრად მოემზადა. ხუთ წუთში კი სრულიად გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა: ბუჩქებიდან, სადაც ნიკიტა ხრუშჩოვი იყო ჩასაფრებული, ხმაური გაისმა. გავიხედეთ და რას ვხედავთ, ხრუშჩოვს დათვის პატარა ბელი ჰყავს ხელში აყვანილი, ხოლო თოფი იქვე მიუყუდებია. ბელით ხელში, ხრუშჩოვი ჩვენკენ გამოემართა, ალბათ, უნდოდა, რომ სტალინისთვის ეჩვენებინა. უეცრად, საშინელი ღრიალის ხმა გავიგონეთ და სანამ რომელიმე ჩვენგანი რამეს მოიფიქრებდა, სტალინის თოფის გასროლის ხმა გაისმა. დიდმა ბელადმა დუპლეტი (ორი გასროლა) ესროლა უზარმაზარ დედა დათვს, რომელიც ხრუშჩოვის ზურგს უკან აღიმართა და მის დატორვას აპირებდა. უზარმაზარი მხეცი მიწაზე დაენარცხა, დუპლეტი თვალებში ჰქონდა მოხვედრილი. ასეთი ჭრილობისგან წამში აეხადა თავის ქალა და მოკვდა. ხრუშჩოვს ღიმილი პირზე შეეყინა და ბელი ხელიდან გაუვარდა – ვერ მიხვდა, რა მოხდა და იფიქრა, რომ სტალინმა მას ესროლა. დიდი ბელადი კი ხრუშჩოვის აზრებს მიხვდა, ირონიულად გაიღიმა და თქვა: „ეჰ, ნიკიტა, ნიკიტა, როდის ისწავლი ჭკუას,” – შემდეგ კი თავისთვის ჩაილაპარაკა, მაგრამ მე და ვლასიკმა ნათლად გავიგონეთ მისი სიტყვები: ახლა სიკვდილს გადაგარჩინე და ნეტავ, შეცდომა ხომ არ დავუშვიო? რატომ თქვა ეს სტალინმა, არ ვიცი, მაგრამ მისი სიტყვები რომ გამართლდა, ეს ახლა უკვე ყველასთვის აშკარაა. შესაძლოა, სტალინმა ხრუშჩოვის თვალებში, იმ წუთას დაუფარავი ზიზღი და სიძულვილი ამოიკითხა და სწორედ ამან ათქმევინა ეს ფრაზა. ყველანი მოკლულ დათვს მისცვივდნენ. ხრუშჩოვი შეტრიალდა და როდესაც უზარმაზარი მხეცი დაინახა, ჯერ ფერი ეცვალა, რადგან მიხვდა, რომ სიკვდილს ერთი ნაბიჯი აშორებდა, შემდეგ კი სტალინისკენ გამოიქცა, მის წინ მუხლებზე დაიჩოქა და აქვითინდა. სტალინს ხმა არ გაუცია, მხოლოდ ის თქვა: „დათვი ქოხში წაიღეთ, ტახზე ნადირობა კი გრძელდება”. თხუთმეტი წუთის შემდეგ დიდი ხნის ნანატრი ტახიც გამოჩნდა, რომელსაც უკვე ლავრენტი ბერიამ ესროლა და ძირს დასცა. ცხოველი საკმაოდ დიდი იყო და რომ ავწონეთ, 160 კილოგრამი გამოვიდა. ნაშუადღევს, მზარეულებმა შესანიშნავი კერძები მოგვიმზადეს და მთელი კამპანია სადილად დავსხედით. ხორცს თაფლის არაყს ვაყოლებდით, რომელიც საქართველოდან ჩამოიტანეს”.

სტალინის პირადი დაცვის უფროსის მოადგილის მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით

წყარო: “თბილისელები ”

 

FB კომენტარები

კომენტარი