რა თანხას ხარჯავენ ცნობილი დედები დასვენებაში და რომელ ქართულ კურორტებზე დაჰყავთ შვილები

75
SHARE

ზაფხულის დადგომასთან ერთად იწყება ფიქრი დასვენებაზე. ჩვენს ქვეყანაში კარგ სასტუმროში გაჩერება იმდენად ძვირად ფასობს, რომ ადამიანი საკუთარ თავს უსვამ კითხვას, ღირს კი ამ თანხის საქართველოს კურორტებში გადახდა, სადაც არც ისე კარგი სერვისი აქვთ, როცა იმავე ფასად, საზღვარგარეთ შეძლებ დასვენებას? ცნობილ დედებს დავუკავშირდით და შვილების დასვენების თემაზე რამდენიმე კითხვა დავუსვით, მათთან ზემოხსენებული საჭირბოროტო საკითხიც განვიხილეთ.

ხატია სიჭინავა: “ზოგჯერ ევროპის დიდ ქალაქებზე ძვირია ქართული სასტუმროები, რაც ძალიან ცუდია”

– მოგეხსნებათ, ივნისის ბოლოს ბაღი მთავრდება, შესაბამისად ივლისის დასაწყისში ბავშვები ქალაქიდან გამყავს, იმიტომ, რომ იწყება აუტანელი სიცხეები. ჩემები ჯერ ძალიან პატარები არიან და საზღვარგარეთ წასვლა მათთვის, ჩემი აზრით, ჯერ ადრეა, ამიტომ კვირის ბოლოს მივდივართ ბათუმში. მართალია, მე და ჩემი მეუღლე ხშირად დავფირნავთ ხოლმე, მაგრამ რამაზმა ამჯერად ბავშვების გამო ფრენაზე უარი თქვა, ეტყობა, მაინც ეშინია. ბავშვებისთვის მანქანით 5-საათიანი მგზავრობა ძალიან დამღლელი იქნება, ამიტომ გადავწყვიტეთ ჩქაროსნული მატარებლით წასვლა. ერთი თვის განმავლობაში ვიქნებით ზღვაზე, აგვისტოში კი უკვე მთაში გადავინაცვლებთ, სავარუდოდ. ბორჯომში. ყოველთვის ასე ვაკეთებთ, ზღვას და მთას ერთმანეთს ვუნაცვლებთ.

– როდესაც ბავშვებთან ერთად მიდიხარ დასასვნებელად, რაზე ამახვილებ ყურადღებას? რა არის შენთვის მნიშვნელოვანი?
– უპირატესობას ვანიჭებ უსაფრთხო გარემოს, აუცილებელია, დახურული სივრცე იყოს, რომ ბავშვების სათამაშოდ გაშვება შევძლო, ასევე უმნიშვნელოვანესი დეტალია პატარებისთვის აუცილებელი საკვები, წვნიანი იქნება ეს თუ სხვა და ჰიგიენა. რომ გითხრა, ბავშვები ძალიან ძვირიან სასტუმროში დამყავს-მეთქი, მოგატყუებ, იმიტომ, რომ არ ვთვლი საჭიროდ, საქართველოში ხუთვარსკვლავიან სასტუმროში გადავიხადო დიდი ფული, მაშინ როცა შეგიძლია იმავე ფასად საზღვარგარეთ წახვიდე და წაიყვანო შვილები. არ მაქვს ის მომენტი, რომ ჩემმა შვილებმა მაინცდამაინც “რიქსოსში” უნდა დაისვენონ. უკვე რამდენიმე წელია ერთსა და იმავე საოჯახო ტიპის სასტუმროში მივდივართ, რომლის მეპატრონესაც ვენდობი ყველანაირად და მათი მომსახურებით ყოველთვის კმაყოფილი ვრჩები.

– ფასებთან მიმართებაში ხშირად ისმის სამართლიანი უკმაყოფილება, იმიტომ, რომ საქართველოში დასვენება ძალიან ძვირია. რომ შეადარო, რამდენად შეესაბამება სერვისი ფასებს?
– სერვისთან მიმართებაში ძალიან დიდი განსხვავებაა. საზღვარგარეთ ყველანაირად გიქმნიან კომფორტს, რომ დაისვენო, ჩვენთან კი საშინელი მენეჯმენტი აქვთ, ყველას ჩამოსტირის სახე და ასეთ პირობებში ვერავინ შეგიქმნის დასვენებისა და განტვირთვის განწყობას. გასაგებია, რომ პრობლემებითაა სავსე ცხოვრება, მაგრამ სამსახურში პირადი პრობლმების გადმოტანა უხერხულობას უქმნის კლიენტსაც კი. მოკლედ, ჩვენთან მენეჯმენტი არ გვაქვს დახვეწილი, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც წინ წავიწიეთ წინა წლებთან შედარებით.

– შენი გამოცდილებიდან გამომდინარე, გვითხარი, რა თანხასთანაა დაკავშირებული ერთ სეზონზე დასვენება?
– თუ გადაწყვეტ, რომ შენი შვილები ძვირად ღირებულ სასტუმროში დაასვენო, ძალიან დიდი თანხა გექნება გადასახდელი. მოგეხსენება, სამი შვილი მყავს, მათთან ერთად დასასვენებლად მიმყავს ორი ძიძა, ამდენი ადამიანის დასვენება საოჯახო ტიპის სასტუმროში სამჯერადი კვებით 5000 ლარი მიჯდება, მაშინ როცა ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ამდენი ადამიანის დასვენება შეიძლება, 20-25000 დაგიჯდეს, ეს კი პატარა თანხა ნამდვილად არაა და ჩემი აზრით, არც ღირს გადახდა, რადგან უფრო ნაყოფიერად შეიძლება გამოიყენო ის ფინანსები.

– როცა მუშაობ, დროის თვალსაზრისით ძალიან რთულია, მოახერხო ბავშვის დასასვენებლად წაყვანა, მაგრამ საბედნიეროდ, გვერდით მიდგას ბევრი ადამიანი და ჩემს შვილს დასვენების პრობლემა არ აქვს. მახსოვს, მთელ ზაფხულს ბებია-ბაბუასთან ვატარებდი, ხან ზღვაზე, ხან სოფელში და ჩემს მშობლებს ჩემი დასვენების პრობლემა არ ჰქონდათ. საბედნიეროდ, მეც ასე ვარ, ხან ბებიას მიჰყავს ჩემი შვილი დასასვენებლად, ხან შეიძლება, ძიძაც გაჰყვეს. მე კი პარასკევი, შაბათ-კვირა ჩავდივარ ხოლმე. ყოველ წელს ივლის-აგვისტოში ვცდილობ, ერეკლე არ იყოს დედაქალაქში. წელს აბასთუმანში იყო ორი კვირით წასული, მერე ერთი კვირით – ბათუმში და ახლა ჩემს სოფელში – თიანეთში ვაპირებ წაყვანას, შემდეგ კი ალბათ ისევ ზღვაზე გადავინაცვლებთ. აბასთუმანში ყოველ წელს დასვენება უკვე წესად გვექცა, ორ-ორი კვირით დავდივართ.

– როგორც ვხვდები, შენს შვილს დედის გარეშე დარჩენის პრობლემა არ აქვს…
– არა, ბებიასთან, ჩემს დედამთილთან რჩება უპრობლემოდ, ასევე ძიძასთან.

– დასასვენებელი ადგილის შერჩევისას ძირითადად რა მოთხოვნები გაქვს?
– გარდა იმისა, რომ ვფიქრობ, როგორი ჰაერი უნდა ისუნთქოს ჩემმა შვილმა და როგორ გარემოში დაისვენოს, დიდ ყურადღებას ვაქცევ უსაფრთხოებას, ჰიგიენას და მერე ყველაფერ დანარჩენს. უყურადღებოდ არ ვტოვებ არც იმას, თუ როგორი გასართობი საშუალებები ექნება, რით გაერთობა.

– რა სახსრებთანაა დაკავშირებული დასვენება ერთ სეზონზე?
– ძირითად შემთხვევაში, სადაც დავდივართ, ქირაობა არ გვიწევს, ყველგან მივდივართ ჩვენს ბინაში, აქედან გამომდინარე, ასე ვერ ვიტყვი, რა თანხა მეხარჯება დასასვენებლად წასულს.

– როცა სასტუმროს თუ ბინის საკითხი მოგვარებული გაქვს, ეს ძალიან დიდი შეღავათია ფინანსურად…
– კი, ასეა.. თუმცა, დიდ თანხას ისედაც არ დავხარჯავდი. როდესაც ზამთარში ბავშვით მიდიხარ ბაკურიანში, აზრი არ აქვს ხუთვარსკვლავიან სასტუმროში გაჩერებას, იმიტომ, რომ მთელი დღე გარეთ ხარ და სასტუმრო გჭირდება მხოლოდ მოსაწესრიგებლად და დასაძინებლად, აქედან გამომდინარე, არ ვფიქრობ, რომ დიდი თანხის დახარჯვა ღირს ასეთ ვითარებაში.

– საზღვარგარეთ ბავშვის დასვენებაზე თუ გიფიქრია?
– ჯერ არ მიფიქრია ამაზე და არც ვყოფილვართ საზღვარგარეთ, მაგრამ ვაპირებთ თურქეთში წასვლას და ვგეგმავ მისთვის ვიზის გაკეთებას, მით უმეტეს, რომ ჩემი ბიჭი ისეთი ხასიათისაა, პრობლემას და დისკომფორტს არ შემიქმნის, ყველგან შემიძლია თავისუფლად წავიყვანო.

– ხშირად ამბობენ, რომ ქართული კურორტები დაბალხარისხიანი სერვისით გამოირჩევა, ფასები კი მაღალი აქვთ, მით უმეტეს საზღვარგარეთთან შედარებით…
– რაღაც მომენტში ვეთანხმები. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კურორტი აბასთუმანია და ძალიან მწყდება გული, რომ იქ ინფრასტრუქტურა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, მაშინ როცა რეალურად მოთხოვნა დიდია ამ კურორტზე, მაგრამ სერვისის მხრივ ძალიან დაბალი დონეა. უფრო მეტად კეთილმოწყობილი რომ იყოს, დამსვენებლების რაოდენობაც გაიზრდება და მეტი ხალხი ისარგებლებს ამ კურორტით. ახლა რაღაც-რაღაც სასტუმროები იხსნება, იმედი მაქვს, ხალხი ჩავა და გამოიყენებს. საერთოდ ძალიან ძვირია მაღალი კლასის სასტუმროებში გაჩერება, ზოგჯერ ევროპის დიდ ქალაქებზე ძვირია ქართული სასტუმროები, რაც ძალიან ცუდია. ამის გამო ნერვები გეშლება და გირჩევნია, მართლა ევროპაში წახვიდე, ამ ფასად იქ დაისვენო და უფრო კარგი ხარისხის სერვისი მიიღო.

წყარო: http://www.mshoblebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი