რა თანხას გამოიმუშავებენ ტაქსისტები საქართველოში და რა კრიტერიუმებით არჩევენ კომპანიები მძღოლებს

77
SHARE

ტაქსი გამოძახებით – მათი რაოდენობა სულ უფრო იზრდება და შესაბამისად, ტაქსის მომსახურების კომპანიებს შორის კონკურენციაც მაღალია.
Ambebi.ge დაინტერესდა, თუ რა მოგება რჩებათ კერძო კომპანიებთან მომუშავე ტაქსისტებს, როგორ არჩევენ კომპანიები ტაქსის მძღოლებს და რამდენად აკმაყოფილებს მათი ავტომობილები უსაფრთხოებისთვის საჭირო სტანდარტებს.

ტაქსი “200 200” უკვე 15 წელია ამ სფეროში მოღვაწეობს და როგორც კომპანიის მენეჯერი გივი გვინჩიძე ამბობს, მძღოლების მიმართ ძირითადი მოთხოვნა არის მოწესრიგებული მანქანა, დედაქალაქის ქუჩების ცოდნა და შეძლებისდაგვარად, უცხო ენის ცოდნა.

“ჩვენ გვაქვს ავტოსადგომი ე.წ. გარაჟი, სადაც ჩვენს ტაქსებს რაციებს უყენებენ და ამოწმებენ თუ რამდენად გამართულია მანქანა იმისათვის, რომ გამოძახებაზე გავიდეს. ახლა პლანშეტების სისტემაზე გადავედით. პლანშეტზე ინტერნეტის საშუალებით შედის მისამართი, შემდეგ მგზავრს მიუვა შეტყობინება, რომ მანქანა მასთან გასულია და როცა ტაქსი დანიშნულების ადგილას მივა, ჩვენი ოპერატორი ურეკავს მგზავრს და მანქანის მონაცემებს ეუბნება. პლანშეტით მომსახურება ბევრად გაადვილებულია, მძღოლს მიმართულებასაც უჩვენებს, რომ გამოძახების ადგილს ზუსტად მიაგნოს.

რაც შეეხება ჩვენთან მომუშავე მძღოლების ანაზღაურებას, ტაქსისტი კვირაში ერთხელ გარკვეულ თანხას იხდის ავტოსადგომზე, აქ შედის რაციისა და პლანშეტის ფული. დანარჩენი რჩება მას”, – ამბობს გივი გვინჩიძე. მისივე თქმით, უკვე ორი თვეა კომპანიაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 9 პირია დასაქმებული.

შპს “ტრანსკომს” ავტომობილები თავად ჰყავს და როგორც კომპანიაში გვითხრეს, მძღოლებს თავად არჩევენ.

მიხეილ ბასილაშვილი შპს ტრანსკომი: “მძღოლების შერჩევა რთული და მნიშვნელოვანი პროცესია. პირველ რიგში მძღოლს საბუთები წესრიგში უნდა ჰქონდეს, უნდა ვიცოდეთ მისი მისამართი, ცხოვრობდეს თბილისში, რომ გაუგებრობისგან თავი დავიზღვიოთ. ასევე, აუცილებელია ჯანმრთელობის ცნობა და ცნობა ნარკოლოგიურიდან. შემდეგ ვაძლევთ გამოსაცდელ ვადას, ერთი თვის განმავლობაში ვაკვირდებით, თუ როგორ მუშაობს მძღოლი, მანქანაში სისტემა გვიყენია, რომელიც ყველანაირ ინფორმაციას გვაწვდის ავტომობილის შესახებ, ანუ რა სიჩქარით მოძრაობს, რომელ უბნებში დადის და ა.შ. როცა დავრწმუნდებით, რომ მძღოლი კარგად მუშაობს, არის კეთილსინდისიერი და მოწესრიგებული, უკვე აგვყავს სამსახურში.
გვყავს მეიჯარეებიც, ვინც მძღოლად მუშაობს. მანქანის იჯარა მას შემოაქვს, თუმცა გარკვეული პერიოდის,  2,3 ან 4 წლის შემდეგ მანქანა რჩება მას.”

კომპანია “თბილისის ტაქსი” ბაზარზე უკვე 15 წელია მუშაობს. კომპანიის მენეჯერის, თამთა ნებიერიძის თქმით, მთავარი მოთხოვნაა ავტომობილის წესრიგში ყოფნა და ჰიგიენის ნორმების დაცვა.

“სასურველია, მძღოლმა იცოდეს უცხო ენა, რუსული ან ინგლისური. მანქანა მძღოლის საკუთრებაშია, თუმცა ხშირად ხდება მათი შემოწმება. ტაქსის მძღოლებს ოპერატორები გამოძახებს რაციით გადასცმენ. ბოლო პერიოდში გამოძახებების რაოდენობა შემცირდა და ამის გამო ტარიფი ოდნავ გაიზარდა. თავიდან ტარიფი მაღალი იყო, თუმცა ახლა ტაქსის მძღოლობა იმდენად მარტივი გახდა და იმდენად დიდი კონკურენციაა, რომ რაღაც პერიოდი ტარიფი შემცირდა, თუმცა ახლა ისევ გაიზარდა. რაც შეეხება იმას, თუ რამდენი რჩება ტაქსის მძღოლს, ჩვენ მხოლოდ მომსახურების, ანუ რაციის თანხას ვიღებთ, კვირაში ერთხელ, დაახლოებით 15-20 ლარს, დანარჩენი რჩება მძღოლს.

ტაქსის გამოძახების სამსახური Maxim-ის მენეჯერის თქმით, კომპანია თითო გამოძახებაზე 10%-ს იღებს, დანარჩენი კი მძღოლს რჩება, ასევე მძღოლი პასუხისმგებელია საწვავისა და ავტომობილის სხვა ხარჯებზე.
კომპანიაში

გამოძახების ახალი მეთოდი დაინერგა. რაციის ნაცვლად ყველა მძღოლს ტელეფონში ჩაწერილი აქვს სპეციალური პროგრამა, სადაც ინტერნეტის საშუალებით მძღოლს მისდის შეტყობინება შეკვეთილი ადგილის შესახებ, ხოლო კლიენტს მისდის შეტყობინება, თუ რა მარკის ავტომობილი მივა მასთან. როცა მძღოლი გამოძახებულ ადგილზე მიდის, კლიენტს ურეკავს ავტომატი და არა ოპერატორი და ატყობინებს, რომ მასთან მივიდა მანქანა.

როგორც კომპანიაში გვითხრეს, პირველ რიგში ყურადღება ექცევა მანქანის ტექნიკურ და ვიზუალურ მხარეს. სალონში უნდა იყოს სისუფთავე და ჰიგიენის ნორმები დაცული.

ტაქსოკომპანიებისგან განსხვავებით, რომლებმაც არ დაგვიკონკრეტეს, თუ საშუალოდ, რა თანხას შეადგენს ტაქსის მძღოლების დღიური შემოსავალი, გულწრფელები აღმოჩდნენ თავად ტაქსის მძღოლები. Ambebi.ge-სთან საუბრისას რამდენიმე მათგანი აღნიშნავს, რომ დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ “სუფთა მოგება” მინიმუმ 20 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება ტაქსისტების რაოდენობას, იმ პერიოდამდე, ვიდრე ტაქსზე ლიცენზია გაუქმდებოდა, დედაქალაქში 15 000 ტაქსი იყო აღრიცხული. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ტაქსისტების შემოსავალი არ იბეგრება, შესაბამისად არც ის არის ცნობილი, თუ რამდენი ტაქსისტია დასაქმებული დღეისათვის.

წყარო: ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი