რა გადახდა მოქალაქეს პატრულთან: “ისტორია დაიწყო ასე”…

5525
SHARE

მოქალაქე დავით დანელია პატრულის თანამშრომლებს, ვახტანგ ქავჟარაძესა და გიორგი ტლაშაძეს მადლობას უხდის. სამართალდამცველების მიმართ კეთილგანწყობა მან სოცქსელში გამოხატა:

“ისტორია კი დაიწყო ასე: ჩემმა პატარა ბიჭმა – ნოემ უნებლიედ თვალში პლასტმასის მახვილი თავსახური მოირტყა. ბევრი არ უტირია, მაგრამ თვალის გარსზე მცირე სიწითლე შევნიშნეთ.

ყოველი შემთხვევისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოვიძახეთ, ჩაცმა და მოწესრიგება ვერ მოვასწარით, რომ სასწრაფო დახმარებაც მოვიდა.
გადაწყდა, რომ კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალში” გადავეყვანეთ. იქაც მალევე მივედით (ქუჩები ხომ ცარიელია).

საბედნიეროდ გადავრჩით და მცირედი სისხლჩაქცევა აღმოჩნდა.

რომ გამოგვწერეს, მერე მოვედი გონს, რომ ფეხით ვიყავი, რომ ტაქსები აღარ დადიან და წვიმს!
თან კრწანისიდან პეკინზე მისვლა ფეხით?! დავრეკე 112-ზე და ოპერატორს ავუხსენი სიტუაცია. ოპერატორმა შემომთავაზა – საპატრულო ეკიპაჟს გამოგიგზავნითო.

სიმართლე გითხრათ, ძალიან მეუხერხულა, მაგრამ სხვა გზაც არ იყო. ამასობაში მოვიდა საპატრულო ეკიპაჟი, გამოგვკითხეს, რა მოხდა, ხომ მშვიდობა გვაქვს და ა.შ.
ვუხადე ბოდიშები, რომ შევაწუხე, მართლა უხერხულად ვიგრძენი თავი…

მოკლედ, მოგვაგრიალეს სახლში! ნოე ამ გასეირნებით იყო აღტაცებული… ორივე გზაზე ციმციმებით მივქროდით და რაც მთავარია, ეს ის შემთხვევა იყო, როცა დედ-მამა გვერდით ეჯდა! (სხვა დროს, უკან იჯდა თავის სავარძელში და დედ-მამა წინ).

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა დახმარებისთვის და ამ ორ ადამიანს ვუსურვებ, პირველ რიგში, ჯანმრთელობას და შემდეგ უკვე გამძლეობასა და მხნეობას, ამ რთულ პერიოდში”, – წერს მოქალაქე.

FB კომენტარები

კომენტარი