რა არ უნდა გავაკეთოთ, როცა ბავშვი გაციებულია!

137
SHARE

წლის ცივ თვეებში გაციება თითქმის ყველა პატარას სტუმრობს. ამ დროს მშობლები ხშირად უშვებენ შეცდომებს. თუ ბავშვს ცხვირს არასწორად გამოურეცხავთ, სერიოზულ გართულებებს მიიღებთ.
ყელ-ყურის ექიმები ამბობენ, რომ ამ დროს შესაძლოა, ბავშვს ოტიტი (შუა ყურის ანთება) განუვითარდეს. ექიმები გაციებისას ცხვირის სანაციას, ძირითადად, ფიზიოლოგიური ხსნარით და ზღვის წყლით ნიშნავენ. ბავშვი ზურგზე უნდა დააწვინოთ და რამდენიმე წვეთი სითხე ნელ-ნელა ჩააწვეთოთ ჯერ ერთ, მერე მეორე ნესტოში.
რამდენიმე წუთის შემდეგ გათხელებული ლორწო ცხვირის სპეციალური ასპირატორით უნდა გამოიღოთ.
ცხვირის გამორეცხვა მაშინ ხდება, როდესაც ნესტოები ნაკლებად არის გაჭედილი და ბავშვი სუნთქავს. თუ ბავშვს ცხვირი ძალიან აქვს გაჭედილი და ვერ სუნთქავს, ვიყენებთ სისხლძარღვების გამაფართოებელ პრეპარატს, რომელსაც ექიმი ნიშნავს.
ერთდროულად ორივე ნესტოს გამორეცხვა არ შეიძლება, ამ დროს შესაძლოა, ინფექცია გავრცელდეს და ოტიტი გამოიწვიოს. ექიმთან ყოველთვის დააზუსტეთ წამლის მიღების დოზა.
ხშირად მშობლები ყიდულობენ წამლებს, სახლში მიდიან და როდესაც უნდა გახსნან და ბავშვს დაალევინონ, აღარ ახსოვთ, რა დოზა უნდა მისცენ.
მშობელმა ექიმს დაწვრილებით უნდა გამოჰკითხოს რამდენჯერ, რა დოზით, როგორი ინტერვალით უნდა მისცეს ბავშვს წამალი. ხშირად მშობლებს ერიდებათ ექიმთან დარეკვა და დოზების საკითხს ინტერნეტფორუმებზე არჩევენ, სხვა დედებს ეკითხებიან, რა დოზით ასმევდნენ ისინი ამ წამალს ბავშვებს. ეს დაუშვებელია! დაურეკეთ თქვენს ექიმს და როდესაც ნამდვილად დარწმუნდებით, როგორ და რა დოზით მისცეთ ბავშვს წამალი, მხოლოდ ამის შემდეგ დაალევინეთ.
სიფრთხილე გმართებთ ანტიბიოტიკების გამოყენებისას. ზუსტად უნდა დაიცვათ დროის შუალედი და არავითარ შემთხვევაში თვითნებურად არ დაალევინოთ ის ბავშვს. უბრალო გაციების დროს ანტიბიოტიკის მიღება საჭირო არ არის. ამან შესაძლოა, ძალიან ბევრი პრობლემა გამოიწვიოს. არც წამლის თვითნებური დალევა შეიძლება. კონკრეტულ სიტუაციაში ექიმი კონკრეტულ წამალს ნიშნავს და რაც წინა ვირუსის დროს გამოგადგათ, ის შეიძლება ამ შემთხვევაში სულაც არ იყოს ეფექტური.
ყოველთვის დააკვირდით სახლში ჰაერის ტენიანობას. როცა ბავშვი გაციებულია, კიდევ უფრო ცუდ გარემოს ქმნის ბაქტერიების გასამრავლებლად სახლში არსებული მტვერი და მეტისმეტად მშრალი ჰაერი. ბავშვი  სხვა ოთახში გაიყვანეთ და ერთი წუთით გაანიავეთ ოთახი. ეს ორ-სამჯერ მაინც გააკეთეთ დღეში, რომ პატარამ სუფთა ჰაერი ისუნთქოს.

წყარო: mshoblebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი