რა არის ფობია და როგორ დავძლიოთ ამოუხსნელი შიშები

43
SHARE

ფობია (ბერძ. φόβος „ფობოს“ — შიში) — რაიმე სიტუაციის, ობიექტის, საქმიანობის ან ადამიანის (ან ცხოველის) მიმართ ძლიერი, პანიკური შიშია. ამ ანომალიის ძირითადი სიმპტომია შიშისმომგვრელი ობიექტისგან თავის არიდების გადამეტებული, გაუმართლებელი სურვილი, მოთხოვნილება. როდესაც ამგვარი შიში კონტროლს აღარ ექვემდებარება, ან როდესაც ეს შიში ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობაში ხელისშემშლელი ხდება, დიაგნოზი კეთდება ნერვულ გადახრა/ანომალიის ერთ-ერთ ნაირსახეობაში.
​რა იწვევს ფობიას — საზოგადოდ აღიარებულია, რომ ფობიებს განაპირობებენ გარეგანი მოვლენები და შინაგანი მიმართებები ამა თუ იმ მოვლენებსა თუ საგნებთან. თუმცა ისეთი ფობიები, როგორებიცაა, მაგალითად, არკანოფობია (ობობის შიში) და ოფიდიოფობია (გველების შიში) ევოლუციისთვის დამახასიათებელი თავისებურებაა, სწორედ ევოლუციამ განაპირობა გარკვეული არსებების მიმართ ადამიანების შიში – ის შიში რომელსაც რაიმე ზიანის მიყენება შეეძლო. ცნობილმა მეცნიერმა, მარტინ ზელიგმანმა ერთ-ერთ ექსპერიმენტში ყვავილებისა და გველების ფობიების დადგენის კლასიკური მეთოდი გამოიყენა. ცდის შედეგმა აჩვენა, რომ გველის სურათის ხილვა გაცილებით უფრო ადვილად იწვევდა უარყოფით განცდას, ვიდრე – ყვავილის. ამიტომაც, მეცნიერი მივიდა დასკვნამდე, რომ ზოგიერთ ობიექტში იმთავითვე იგულისხმება გენეტიკური წინასწარი განწყობა, რაც შიშთან იგივდება. ზოგიერთი სპეციფიკური ფობია შეიძლება, სათავეს ტრავმატული გამოცდილების შედეგად, წარსულში გამომწვევი მოვლენებიდან იღებდეს. სოციალურ ფობიებსა და აგორაფობიას (ღია სივრცის შიში) გაცილებით რთული გამომწვევი მიზეზები აქვს, რომელთა დადგენა, ამ ეტაპზე, ბოლომდე ვერ ხერხდება. აღიარებულია, რომ მემკვიდრეობა, გენეტიკა და ტვინის ემოციური წყობა, ცხოვრებისეულ ემოციებთან ერთად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს შიშით გამოწვეული დარღვევებისა და ფობიების განვითარებაში.

ფობიის მკურნალობა – ფობიების მკურნალობა მისი სპეციფიკიდან გამომდინარე საკმაოდ რთულია და სხვადასხვა დარგის სპეციალისტები საკუთარი მეთოდებით მკურნალობენ. ფსიქოანალიტიკოსები ამ ტიპის ავადმყოფებს თავისუფალი ასოციაციის მეთოდით მკურნალობენ, ფსიქოთერაპევტები უპირატესობას შთაგონებასა და ჰიპნოზს ანიჭებენ, ფსიქიატრები კი მედიკამენტური მკურნალობისკენ იხრებიან.

ფსიქოთერაპევტები ფობიებს დაავადებულისთვის შიშის ობიექტის დემონსტრირების გზით მკურნალობენ (მაგალითად, არაქნოფობებს მათთვის უსაფრთხო გარემოში უჩვენებენ ობობებს). ნიუ იორკელ მეცნიერთა ჯგუფი გამოსაკვლევ პირებს აიძულებდა, გაეხსენებინათ, თუ რასთან იყო ასოცირებული მათი შიში, მერე კი თავის ტვინში მოგონებათა არქივაციის პროცესზე დაიწყეს ზემოქმედება. ჯგუფის ხელმძღვანლის თქმით: “მთავარია, მოგონების ტვინში ჩანერგვისთანავე მოხდეს მასზე ზემოქმედება და იმგვარი რედაქტირება, რაც ადამიანს იმის გაცნობიერებაში დაეხმარება, რომ საფრთხე არ ემუქრება”.

გავრცელებულია, რომ ფობიის თვითმკურნალობაც შესაძლებელია, მაგალითად თვითჰიპნოზით. თუ ისწავლით საკუთარი სუნთქვისა და პულსის მართვას, შეძლებთ მოდუნებას და თავს დააღწევთ პანიკის შეტევებს, თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ ფობია არცთუ ისე მარტივი, შეიძლება ითქვას, დაავადებაა, მისი მკურნალობა უმჯობესია, სპეციალისტებს მიანდოთ.

FB კომენტარები

კომენტარი