რატომ მოუბოდიშა მატილდას მეუღლემ – „ნამტირალევი დამხვდა, სახლში რომ მივედი“

389
SHARE

​მატილდა ტატალია – ასე წარდგა „იქს ფაქტორის“ მაყურებლის წინაშე 44 წლის ლელა ჯავახია. პატარა, მორიდებული, მოკრძალებული ქალბატონი მუსიკის ჩართვისთანავე ნამდვილ ვარსკვლავად გადაიქცა, სიმღერაც არ ჰქონდა დაწყებული, რომ მისმა მანერებმა ჟიურიც და მაყურებელიც დადებითად განაწყო. საბოლოოდ, ლელამ თავისი შესრულებით შოკში ჩააგდო ყველა. ბოლოს, თავადაც ვერ შეიკავა ემოცია და ცრემლიც გვანახა. ლელა წურწუმია სცენაზე ავიდა, მოსახელეს რომ ჩახუტებოდა, გიორგი გაბუნია მაგიდაზე დადგა და იქიდან უკრავდა ტაშს. ერთი სიტყვით, მატილდამ ფურორი მოახდინა „იქს ფაქტორის“ სცენაზე.

დღეს ლელა „პრაიმტაიმის“ სტუმარია. – ლელა, ნამდვილი სახელი და გვარი რატომ დაგვიმალე?

– არ დამიმალავს, უბრალოდ, ამოჭრილი იყო ეგ ნაწილი. საქმე ისაა, რომ სოციალურ ქსელში ამ სახელითა და გვარით ვიყავი დარეგისტრირებული. ვიდეოც ამ პროფაილით გავაგზავნე პროექტში. როცა პრეკასტინგზე მივედი, სიაში უკვე ამ სახელითა და გვარით ვეწერე. როცა ნამდვილი სახელი და გვარი ვუთხარი, მირჩიეს, შოუს მოუხდება თქვენი ფსევდონიმი და ასეთად დარჩითო.

– ლელა, გვიამბეთ თქვენზე, სიუჟეტში მწირი იყო ინფორმაცია…

– რა არის ცხოვრებაში მთავარი? იყო კარგი, წარმატებული ოჯახიდან. ამას ვერ დაგეგმავ, ეს შენი ხვედრია და აქ, საბედნიეროდ, გამიმართლა. პედაგოგების ოჯახში გავიზარდე. ეს კომუნისტების დროს ელიტარულ ოჯახად ითვლებოდა. ახლაც, ალბათ. მეტი აკრძალვები მქონდა, სხვა ბავშვებთან შედარებით, მკაცრად მზრდიდნენ. სადღაც ხომ უნდა აიწყვიტო ადამიანმა. სიმღერა იყო ის, რაშიც ვიწყვეტდი (იცინის). ჩავიკეტებოდი ჩემთვის ოთახში, ხან სავარცხელს ვიყენებდი მიკროფონად, ხან ფლომასტერს და ვიდექი ეს ხუთოსანი მოსწავლე ჩემს “სცენაზე”.
– მშობლებს არ უნდოდათ, რომ გემღერათ?
– მეც არ მომითხოვია ასე გადაჭრით. ბავშვობაში კი ვმღეროდი სკოლის ღონისძიებებზე (სენაკში გავიზარდე), არ ჩაივლიდა ღონისძიება ჩემ გარეშე. მაშინ ოლიმპიადები ტარდებოდა, მედალიც მაქვს, მაგრამ ამას არ მიეცა სერიოზული სახე, პროფესიად არ გავიხადე.
– რატომ?
– როგორც მორჩილი შვილი, დავყევი მშობლების სურვილს. საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობებისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი დავამთავრე. სიმღერა ჰობად დარჩა.
– მუსიკალური განათლება არ გაქვთ?
– შვიდწლედი დავამთავრე, ფორტეპიანოს განხრით, სენაკში.
– სად იყავით აქამდე, რატომ არ გამოხვედით მუსიკალურ კონკურსებზე?
– სურვილი იყო მუდმივად, მაგრამ სულ ვითრევდი ფეხს. ვფიქრობდი, რომ არ ვარ პროფესიით მუსიკოსი, იქნებ ეს ამბიციაა ჩემი და მეტი არაფერი. კი მაქებენ ჩემი მეგობრები, ახლობლები, ოჯახის წევრები, მაგრამ მათ ვუყვარვარ და მარტივად ასახსნელია, რატომ მოსწონთ ჩემი სიმღერა. მერე უკვე ასაკის კომპლექსი გაჩნდა. მე კი ვერ ვგრძნობ, რომ 44 წლის ვარ, მაგრამ ხომ ჩანს… ბოლოს ვიფიქრე, რომ ამ სურვილს მაინც ვერ დავძლევდი და მართლა 60 წლის ხომ არ გავიდოდი სცენაზე და გავრისკე. არანაირად არ ველოდი ასეთ რეაქციას. ვფიქრობდი, რომ გავიდოდი სცენაზე, მივიღებდი ოთხ არას და წამოვიდოდი სახლში.
– მართლა ასე ფიქრობდით, თუ თავმდაბლობას თამაშობთ ახლა?

– არა, არა, როგორ ფიქრობთ, ოთხ „კისა“ და გაბუნიას მაგიდაზე ასვლას ველოდი? ოცნებაც არ შემეძლო ამაზე.

– რატომ იტირეთ?

– სწორედ მოულოდნელმა ემოციამ გამოიწვია ეს ტირილი. იმხელა სითბო წამოვდა დარბაზიდან და ჟიურისგან, თავი ვერ შევიკავე. სიმღერა დაწყებულიც არ მქონდა, ხელი გვერდზე რომ გავწიე, იმხელა ოვაცია იყო, არ ვიცი, რა გააკეთა ამ ჟესტმა (იცინის), დაინგრა ლამის დარბაზი, ფეხზე იდგა ხალხი და მთელი სიმღერის განმავლობაში, ოვაციები არ შეწყვეტილა. ეს გულგრილად როგორ უნდა გადამეტანა?!

– მეუღლე იყო დარბაზში?

– არა. ნამტირალევი, დასიებული თვალებით დამხვდა, სახლში რომ მივედი, როცა უკვე ნახა ეს ყველაფერი ეკრანზე. ბოდიში არ უთქვამს, მაგრამ, არ ვიცოდი, თორემ ადრე გაგიშვებდიო, მითხრა. ფაქტობრივად ბოდიში იყო მისი მხრიდან.

– არ უნდოდა, რომ გასულიყავით?

– წინააღმდეგი იყო. ახლა მეუბნება, რომ მხოლოდ იმიტომ იყო წინააღმდეგი, რომ მე არ გავწბილებულიყავი, ტკივილი არ მიმეღო, დასაცინი არ გავმხდარიყავი. მხოლოდ ამიტომ არ შემიწყო ხელი. განა მე არ შემეძლო, ვყოფილიყავი ჯიუტი და გავსულიყავი მაინც? ჩვენ იმხელა სიყვარული გვაქვს, ეს ნაბიჯი ჩვენს ოჯახს არ დაანგრევდა, მაგრამ მე მისი თხოვნა გავითვალისწინე.

– რა შეცვალა შენმა გამოჩენამ ეკრანზე?

– ქუჩაში მაჩერებენ და ტირიან. ერთ რამეს მივხვდი – ეს ხალხი გულწრფელობასა და უბრალოებას მოწყურებულია. დაიჯერეს, რომ მართლა გულწრფელი იყო ეს ყველაფერი. არ მაქვს ნიღბები, დიპლომატიაც კი არ გამომდის, არადა, საჭიროა ურთიერთობებში. ყველასთან ერთნაირი ვარ. იმიტომ არა, რომ მაგარი გოგო ვარ. არა, ასეთი ვარ ბუნებით, ასეთი ვიყავი 5 წლისაც. ეს რომ დაინახეს, ყველაზე მეტად ეს მახარებს. იმდენი თბილი წერილი მომდის სოციალურ ქსელში, არ ვიცი, რა უნდა მოიგოს ამ პროექტში ადამიანმა ამაზე ძვირფასი.

წყარო:primetime.ge

FB კომენტარები

კომენტარი