რატომ ვერ გაიყიდა ჰიტლერის ნახატები და რას სწავლობს პროკურატურა (ფოტო)

26
SHARE

ადოლფ ჰიტლერის მიერ დახატული 5 აკვარელი, აუქციონების სახლმა Weidler-მა გასაყიდად, სავარაუდოდ, ქალაქ ნიურნბერგში გაიტანა. გერმანული მედიის ცნობით, ნახატები არ გაიყიდა. მათი სასტარტო ფასი 19 ათასიდან 45 ათას ევრომდე მერყეობდა. ნახატების ყიდვის სურვილი არავის გამოუთქვამს, ხოლო „სპეციალური აუქციონი“ ათი წუთიც კი არ გაგრძელდა.
აუქციონზე 34 ნახატის და სხვა იმ ნივთების გატანა იგეგმებოდა, რომლებიც ჰიტლერს ეკუთვნოდა. თუმცა, აუქციონების სახლის მოქმედებაში პროკურატურა ჩაერია: ბევრი ლოტის ავთენტურობამ ეჭვი გამოიწვია და ნახატების დიდი ნაწილი გაყიდვიდან მოიხსნა. მიმდინარეობს მოკვლევა თაღლითობის მიზნით დოკუმენტების გაყალბების ნიშნებთან დაკავშირებით. თუმცა, თავად აუქციონების სახლის მესვეურები ეჭვმიტანილნი არ არიან.
ამის მიუხედავად, ორი ლოტი მაინც გაიყიდა. ესენია მაგიდის სუფრა და მეისენის ფაიფურის ლარნაკი, რომლებიც სავარაუდოდ, ჰიტლერს ეკუთვნოდა. ისინი 630 და 5500 ევროდ გაიყიდა.
გერმანიაში, სადაც ნებისმიერი ნაცისტური სიმბოლიკა აკრძალულია, ჰიტლერის მხატვრული ნამუშევრები შესაძლებელია რომ აუქციონებზე იყოს წარმოდგენილი, როგორც ხელოვნების ნიმუშები. 2014 წელს დიქტატორის ერთ-ერთი ტილო 100 ათას ევროდ ჩინელმა მყიდველმა შეიძინა. 2017 წლის ნოემბერში კი სამხედრო დოკუმენტაციის, ჰოლოკოსტის და გენოციდის კვლევის ინსტიტუტმა ჰიტლერის აკვარელით დახატული ნამუშევარი საჩუქრად მიიღო. ნახატი, რომელზეც ვენის ერთ-ერთ ქუჩაზე არსებული კოშკია ასახული, ინსტიტუტს ქალმა აჩუქა, რომლის ვინაობაც არ საჯაროვდება. ცნობილია, რომ ეს ნახატი ამ ქალბატონის მამამ ნუმიზმატების და ფილატელისტების ბაზრობაზე 75 ცენტად შეიძინა და მხოლოდ სახლში დაბრუნების შემდეგ აღმოაჩინა ჰიტლერის ავტოგრაფი. ქალს ნახატის სახლში შენახვა არ სურდა, ხოლო იმ სააუქციონე სახლებმა, რომლებსაც მან მიმართა, ნამუშევრის გაყიდვაზე უარი თქვეს.

FB კომენტარები

კომენტარი