რატომ გაყიდა ნინი წიკლაურმა მოგებული მანქანა

103
SHARE

მომღერალ ნინი წიკლაურს პროექტ ”ერთი ერთში” სამთვიანი შრომა დაუფასდა, მეორე ადგილი დაიკავა და ახალი მანქანაც მოიგო. გადავწყვიტეთ, მასთან ინტერვიუ მანქანების თემაზე ჩაგვეწერა, გაგვეგო როგორი მძღოლია და ვინ ასწავლა მანქანის მართვა, თუმცა საუბარი მაინც ზემოხსენებული შოუთი დავიწყეთ.

– ღვთის წყალობით, ხალხის დახმარებით და თავგადაკლული შრომით პრიზი დავიმსახურე. ტყუილი იქნება, რომ ვთქვა, შოუში ამის გამო ვმონაწილეობდი-მეთქი, უპირველესად ჩემი სიამოვნებისთვის ვაკეთებდი, ბოლოს ეს ყველაფერი რომ დამიფასდა, ძალიან გამიხარდა. სანამ მანქანას მომიყვანდნენ, არ ვიცოდი, როგორი იყო, რეკლამაშიც კი არ ვაკვირდებოდი, პროექტის მიმდინარეობისას ამისთვის არ მეცალა. როცა მოვიგე და გადმომცეს, აღტაცებული დავრჩი, ძალიან მომეწონა, ლამაზი მანქანაა, საჩემო, მაგრამ პირველად თქვენთან ვამბობ, რომ გავყიდე. ჩემი მანქანა შეეწირა იმას, რომ მინდა, საკუთარი ბინა მქონდეს. მოგეხსენებათ, ბიძის სახლში ვცხოვრობ, მიუხედავად იმისა, რომ ძირძველი თბილისელი ვარ, თბილისში სახლი არ მაქვს, ამიტომ გადავწყვიტე მანქანის გაყიდვა. მერჩივნა გამეყიდა, საბაზისო თანხა დამედო, ნელ-ნელა მომეგროვებინა და მეყიდა პატარა ბინა, თუნდაც ერთოთახიანი. ჯერ არ მიყიდია, მაგრამ საწყისი თანხა უკვე მაქვს და ჩემი კუთხის მოწყობას ვაპირებ.

– თუმცა, მანქანა გყავს.
– კი, მყავს პატარა მანქანა, რომელსაც ძალიან ვემადლიერები, ეკონომიურია და გადასაადგილებლად არაჩვეულებრივი. ავტომოყვარული ვარ, მანქანები ბავშვობიდან მიზიდავდა, მაგრამ თბილისში ძნელია იარო ისე, რომ სიამოვნება მიიღო, მაშინ უნდა გახვიდე ქალაქგარეთ, მიიღო რალიში მონაწილოება და ა.შ. ეს ჩემი მანქანა კი თავის საქმეს შესანიშნავად ასრულებს, მჭირდება გადასაადგილებლად და ვიყენებ კიდეც დანიშნულებისამებრ.

– საცობები ახსენე, პარკინგის ადგილთან ერთად, ეს მგონი ყველა ადამიანის პრობლემა გახდა.
– მამამ ბავშვობაში ”01” მარკის მანქანაზე მასწავლა მართვა, მერე დავწინაურდი, ”03”-ზე, ”07”-ზე და ა.შ. (იცინის). ამით იმის თქმა მინდა, რომ ძალიან დიდი ხანია ვზივარ საჭესთან, მაგრამ ასეთი მდგომარეობა საცობების მხრივ არასდროს ყოფილა. მაშინ მანქანა იყო ფუფუნების საგანი, დღეს კი ხშირად ოჯახის ყველა წევრს ჰყავს მანქანა, თან იმდენად იაფია, ბევრი ყიდულობს, პარკირების პრობლემაც აქედან მოდის, ჩვენი ქალაქი ფიზიკურად ვერ იტევს ამდენ მანქანას. მე ვცხოვრობ ავლაბარში, სადაც ჩიხები და პატარ-პატარა ქუჩებია, ერთი მანქანა მცხოვრებელმა საკუთარ ეზოსთან რომ დააყენოს, იქ მეორე ვეღარ გაივლის. მგონია, პარკირების პრობლემას ვერასდროს მოაგვარებენ. ვფიქრობ, იქნებ, კომპეტენტურ პირს თავში აზრად მოუვიდეს, მართვის მოწმობის მიღების ასაკი გაზარდოს. ბევრი ვიცი, ელის 18 წლის შესრულებას, რომ საჭესთან დაჯდეს. ან იაპონელების მსგავსად, ჩვენც დღეგამოშვებით უნდა ვიმოძრაოთ მანქანით. რომ მეცოდინება, მარტო ლუწ რიცხვებში მაქვს გასვლის უფლება, ვივლი მხოლოდ ლუწებში. ერთი ჩემი მეგობარი მეუბნებოდა, ქართველები ისეთი ჭკვიანები და ეშმაკები არიან, ორ-ორ მანქანას იყიდიან, ერთით ლუწებში ივლიან, მეორით – კენტებშიო (იცინის).

– კი თქვი, რომ მართვა მამამ გასწავლა, მაგრამ მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდებმა როგორ ჩაიარა?
– ძალიან კარგად, ვისწავლე ბილეთები, ჩავაბარე, პრაქტიკული გამოცდა კი ჩემთვის პრობლემა არ იყო. თუმცა, ჯერ კიდევ ძალიან პატარამ, სკოლამდელი ასაკისამ, ყველა საგზაო ნიშანი ზეპირად ვიცოდი. მიუხედავად იმისა, რომ მართვა ადრე ვისწავლე, სანამ მართვის მოწმობას ავიღებდი, მანამდე საჭესთან არ დავმჯდარვარ, თუ არ ჩავთვლით უბანში სიარულს. ზოგადად, ძალიან კანონმორჩილი ვარ და არ მესმის, როცა მართვის მოწმობის გარეშე ჯდებიან საჭესთან. თუ მაგრად იცი ტარება, მიდი, აიღე მართვის მოწმობა და მერე დაჯექი. ”მაგრად ვატარებ მაინც და რად მინდა?!” – არ მესმის. ბილეთების სწავლაც უჭირთ, რეალურად იმ ბილეთებიდან 20 საკითხის მეტი არ შემხვედრია, მაგრამ უცებ სადმე რომ შემხვდეს, ვიცი, როგორ უნდა ვიმოქმედო, ანუ ნებისმიერ ვარიანტში კარგია.

– თავის მოწესრიგება საჭესთან.
– თავდაპირველად უნდა აღვნიშნო, რომ მანქანაში პირდაპირი მნიშვნელობით მაქვს გარდერობი თავისი ქუსლიანი ფეხსაცმლით, კაბით, შორტით, შარვლით და ა.შ. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა წავსულვარ კონცერტზე, მოულოდნელად ამინდი შეცვლილა და დამილოცია ჩემი თავი, რომ მანქანაში სათადარიგო ტანსაცმელი მქონდა (იცინის). არასდროს არ გამიკეთებია მაკიაჟი საჭესთან, ერთადერთი წამისვამს კონტური, პომადას არ ვიყენებ, ისიც გაჩერებულ მანქანაში. შუქნიშანზე გავაჩერო უცებ და წავისვა, ასეთი რამ ცხოვრებაში არ გამიკეთებია. ვარღვევ იმ სტერეოტიპს, რომ ქალი საჭესთან სახიფათოა, სხვათა შორის, ჩემს ბევრ მეგობარს, რომლებიც კარგი მძღოლები და ავტომოყვარულები არიან, უთქვამთ, ქუდი რომ დაიხურო და თმა შეიკრა, ვერავინ მიხვდება, რომ ქალი ზის საჭესთან, კაცურად დადიხარო. თანამედროვე მანქანას უფრო უკეთ ვმართავ იმიტომ, რომ მართვა ვისწავლე სრულიად არაკომფორტულ მანქანაზე. იმასაც ვიტყვი, სტატისტიკის მიხდვით, კაცები უფრო ხშირად არღვევენ, ვიდრე ქალები.

– მიუხედავად ამისა, ალბათ, წესები დაგირღვევია და პატრულს გაუჩერებიხარ.
– პატრულს ერთადერთხელ ვყავარ დაჯარიმებული, ისიც ტელეფონზე საუბრის გამო. რეალურად ბორდიურთან მივაყენე მანქანა და ისე დავიწყე საუბარი, თუმცა პატრულმა მითხრა, ნელა მაინც მოძრაობდი და ისე ლაპარაკობდიო, კარგი, დამიწერე, ერთი ჯარიმა ხომ უნდა მქონდეს-მეთქი (იღიმის).

– ნინი, მანქანის ტექნიკურ მხარეში რამდენად ერკვევი?
– კარგად ვერკვევი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს მანქანას ზეთს, ფილტრებს, სამუხრუჭე ხუნდებს ყველაფერს დროულად ვუცვლი, ერთხელ გაუჩნდა ყრუ ხმა, მივიყვანე ერთ ხელოსანთან, ვანახვე, არაფერი სჭირსო, მეორესაც ვანახვე და იმანაც იგივე მითხრა, მესამემაც. ბოლოს მივიყვანე სხვა ხელოსანთან და პირდაპირ ვუთხარი, აი, ამ წერტილიდან მესმის ხმა-მეთქი, აღმოჩნდა, რომ რადიატორში ჰქონდა რაღაც პრობლემა, ხელოსანი გაოცებული დარჩა, როგორ მიხვდიო.

– როგორია შენი რეაქცია, როცა მძღოლი არღვევს მოძრაობის წესებს?
– არ ვიგინები! საერთოდ, გაწონასწორებული ადამიანი ვარ, ძალიან გვიან ვბრაზდები და ასეთ ქმედებებზე მეცინება. აქვე აღვნიშნავ, რომ პრობლემა აქვთ ყვითელი ავტობუსის მძღოლებს, ისიც კი მიფიქრია, იქნებ, ყვითელი ავტობუსის მძღოლები ფიქრობენ, რადგან დიდი მანქანით მოძრაობენ, უპირატესობას ფლობენ-მეთქი. არ ვიცი, ეს პრობლემა როგორ უნდა მოგვარდეს, საერთოდ არ ცნობენ ციმციმას, გზის დათმობაზე ხომ საუბარიც ზედმეტია, ზოგადად, როცა გზის დათმობაა საჭირო, კაცები ძირითადად არ თმობენ გზას, ოცმა კაცმა რომ გამოიაროს და ოცდამეერთე იყოს ქალი, ის დაგითმობს.

– მიუხედავად იმისა, რომ მოწესრიგებული მძღოლი ხარ, ავტოსაგზაო შემთხვევა გქონია?
– კი, ოღონდ იცი, როგორ? სამსახურიდან გამოვედი და მანქანაზე დამხვდა დარტყმული. პარკინგზე მეყენა, ჩემ უკან აყენებდა ვიღაც, დიდი მანქანა ჰყოლია, ვერ განსაზღვრა გაბარიტები და უკნიდან დამარტყა. ისეთი წესიერი ადამიანი იყო, რამდენიმე საათს მელოდა, სადღაც 1-2 საათზე დაურტყამს, მაგრამ 7 საათამდე იდგა და მელოდებოდა. როგორც კი მანქანას მივუახლოვდი, მოვიდა და ამიხსნა სიტუაცია, ყვლაფერს აგინაზღაურებ, არ მინდოდა, მანქანა ასე დაგხვედროდა და გელოდებოდიო. ისე მოვიხიბლე მისი ამ საქციელით, რომ არც დავაკვირდი, მანქანას რა სჭირდა, თუმცა საბოლოოდ ბევრი არაფერი ჰქონდა გასაკეთებელი, იმ ადამიანს ვუთხარი, ამდენ ხანს რომ მელოდე, სახლში წადი-მეთქი, იქით ვუხადე მადლობები, რადგან მისი საქციელი დავაფასე.

რეიტინგი 

FB კომენტარები

კომენტარი