რატომ აღვნიშნავთ მაცხოვრის შობას ჩვენ 7 იანვარს, დასავლურ-ქრისტიანული სამყარო კი – 25 დეკემბერს?

530
SHARE

შობის დღესასწაული მართლმადიდებლური სამყაროს უდიდესი და გამორჩეული მოვლენაა. საქართველოში, ტრადიციულად, 7 იანვარს აღნიშნავენ მაცხოვრის შობას, მაგრამ ყოველი დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, თავს იჩენს ტრადიციული კითხვები: რას ნიშნავს „ძველი“ და „ახალი“ სტილი? რატომ ვდღესასწაულობთ მაცხოვრის შობას ჩვენ 7 იანვარს, დასავლურ-ქრისტიანული სამყარო კი – 25 დეკემბერს? ან რატომ ვდღესასწაულობთ ახალი წლის შემობრძანებას ორჯერ?
ქრისტეს შობამდე I საუკუნეში, 44 წელს, რომის იმპერატორმა იულიუს კეისარმა, ეგვიპტელი მეცნიერების დახმარებით, ახალი კალენდარი შემოიღო, რომლის მიხედვით წელიწადის პირველ დღედ 1-ლი იანვარი გამოაცხადა.
ხსენებული კალენდარი ეკლესიის წიაღში არ შექმნილა და არც კეისარი იყო საეკლესიო მოღვაწე. კალენდარი არ იყო ქრისტიანობის დროინდელი, მაგრამ მეცნიერული თვალსაზრისით, დროის ათვლის ყველაზე სრულყოფილ მოდელს წარმოადგენდა. ეკლესიამ იულიუსის კალენდარი შეითვისა არა როგორც სარწმუნოებრივი ღირებულების შემცველი სისტემა, არამედ როგორც მეცნიერული აზრის მონაპოვარი ისევე, როგორც შეითვისა ქრისტიანობამდელი ანბანი, სამშენებლო ხელოვნება და სხვა.
IV საუკუნიდან, როდესაც იულიუსის კალენდარი საეკლესიო მსახურების წიაღში მოექცა, იგი უწმინდეს დღესასწაულთა აღმნიშვნელი გახდა. 325 წელს, ნიკეაში გამართულ მსოფლიო I საეკლესიო კრებაზე, ამ საკითხზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს. მას შემდეგ, მართლმადიდებელი ეკლესია იულიუსის კალენდრით, ანუ ძველი სტილით აღნიშნავს ყველა საეკლესიო დღესასწაულს. კეისრის დროინდელი კალენდრისგან ძირითადი განსხვავება იმაშია, რომ საკულტო ორიენტირების ნაცვლად, კალენდრის ცენტრალური ადგილი მაცხოვრის ბწრყინვალე აღდგომის თარიღმა დაიკავა.
1582 წელს კალენდრის „რეფორმა“ რომის პაპ გრიგოლ II ინიციატივით მოხდა და იულიუსის კალენდრის პარალელურად, გრიგორიანულიც შემოიღეს. რომლის შედეგად, ეს უკანასკნელი ყველა უძრავ მართლმადიდებლურ დღესასწაულს დაშორდა ათი დღით, ხოლო XX საუკუნის დასაწყისში, „დროის დეკრეტით“ სამი დღეც დაემატა. ჯერ კიდევ 325 წელს, ნიკეის მსოფლიო I საეკლესიო კრებაზე, ბრწყინვალე აღდგომის თარიღის აღნიშვნის საკითხიც განიხილეს. წმ. მეფე კონსტანტინე დიდმა ნიკეიდან ეპისტოლეები გაუგზავნა ყველა იმ ეპისკოპოსს, რომლებიც წმიდა კრებას არ ესწრებოდნენ. ეპისტოლეს ერთ-ერთ ფრაგმენტში წერია: „…დაე, თქვენმა კეთილგონიერებამ განსაზღვროს, თუ რამდენად არასაქებარია და საძრახისი, რათა ერთსა და იმავე დღეებში ერთნი მარხულობდნენ და სხვანი კი იხსნილებდნენ და აღდგომის დღის შემდეგ კი პირველნი ზეიმობდნენ და იშვებდნენ, მეორენი კი მარხულობდნენ“.
მართალია, აქ ბრწყინვალე აღდგომაზეა ყურადღება გამახვილებული, მაგრამ უდავოა, რომ წმიდა მამებს მხედვლობაში ექნებოდათ სხვა საეკლესიო დღესასწაულებიც.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კალენდრის დაზუსტება ან დახვეწა, ან მასში რაიმე ცვლილების შეტანა სათანადო დასაბუთებისა და შეთანხმების გარეშე ფრიად საზიანოა ეკლესიის ერთობისათვის. ეს საკითხი მსოფლიო I საეკლესიო კრებაზე გადაწყდა და მისი შეცვლა მხოლოდ მსოფლიო კრების კომპეტენციაში რჩება. ამგვარი დასაბუთება ახალი სტილის გარდაუვალი აუცილებლობის შესახებ არ არსებობს და, შესაბამისად, არც საყოველთაო შეთანხმებაა მიღწეული. ყველაზე „ხილული“ და მყარი არგუმენტი, რაც ყველასთვის ნათელია და რაც აღიარებს ძველი სტილის უპირატესობას ახალთან შედარებით, მაცხოვრის საფლავზე, აღდგომის დღის დადგომისთანავე, იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქის სანთლებზე ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლაა. ღვთის მიერ მოვლენილი ეს ზეციური სასწაული სწორედ იმის დასტურია, რომ ძველი სტილი, ანუ ის გზა, რომელსაც განუხრელად ადგას მართლმადიდებელი ეკლესია, არის სრულიად გაცნობიერებული, ერთადერთი ჭეშმარიტი პოზიცია, რომელიც ყველაზე უკეთ არეგულირებს საეკლესიო ცხოვრების ჰარმონიულ რიტმს. სწორედ ეს არის იულიუსის კალენდრის დოგმატური ღირსება, რომელსაც მყარად იცავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.
ქრისტეშობა აღდგომის შემდეგ უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია. ჩვენში ეს 7 იანვარს აღინიშნება.
რაც შეეხება ახალ წელს, ეს საერო დღესასწაულია და ახალი სტილით 1-ელ იანვარს შეესაბამება. საქართველოს ეკლესია საახალწლო პარაკლისს ძველი სტილით, 14 იანვარს იხდის და საგანგებო ლოცვასაც აღავლენს. 1-ელ იანვარს, როდესაც საერო კალენდრით მთელ პლანეტაზე ახალი წელი დგება, საქართველოში არაეკლესიური ხალხი სუფრითა და ზეიმით ხვდება ამ თავსმოხვეულ დღესასწაულს, მომარხულეები კი 7 იანვარს, ანუ ნამდვილ 25 დეკემბერს – ქრისტეშობას გაიხსნილებენ.

წყარო: orthodoxy.ge

Comments

comments