რატომ არის მნიშვნელოვანი მარტის ბოლო კვირა გასათხოვარი გოგონებისთვის

75
SHARE

არსებობს დღეები, როცა ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა, თავიანთი ბედი უკეთესობისკენ შეცვალონ და ამ დღეებს ჩვენი წინაპრებიც უძველესი დროიდან აქცევდნენ განსაკუთრებულ ყურადღებას. როგორც ეზოთერიკი ქალბატონი ნინო ამბობს, ამ დღეებს დიდი მნიშვნელობა აქვს და მათი ჩვენს სასიკეთოდ გამოყენება უნდა ვიცოდეთ. ასევე, სასურველია, ყურადღება მივაქციოთ იმ წვრილმანებს, რომლებიც მთავარ როლს ასრულებენ ჩვენს წარუმატებლობაში.

ნინო: – ბევრი ცდილობს, არ დაემორჩილოს ბედისწერის კანონებს, რომელიც ზეცაში, ჩვენი დაბადების მომენტში იწერება და თავად გამოჩარხოს საკუთარი ბედი დედამიწაზე. ზოგი გაუაზრებლად იქცევა ასე, ზოგიც – გააზრებულად. ჩემი წინაპრები კარგად ერკვეოდნენ ხალხურ მედიცინაში, პარაფსიქოლოგიაში, ეზოთერიკასა თუ ასტროლოგიურ საკითხებში. რომ წამოვიზარდე, ხშირად მეუბნებოდნენ, ჯიბით ან ჩანთით რკო ატარე – ეს ავი თვალისგან დაგიცავს და ბედნიერებას მოგიტანსო. მეც, ჩანთით დამქონდა პატარა ტომსიკაში ჩაწყობილი რკო. სხვათა შორის, მაშინაც ბედნიერი ვიყავი და დღესაც უბედნიერესი ქალი ვარ.
თუ ადამიანს პრობლემები აქვს საყვარელ ადამიანთან, ან გოგონა გასათხოვარია და სიყვარულში ბედი არ სწყალობს, როგორ უნდა მოიქცეს?
– ახლავე მოგახსენებთ. მაგალითად, ძალიან კარგია, თუ გასათხოვარი ქალი გაზაფხულის პირველი თვის ბოლო კვირას ჩაატარებს ცოცხის რიტუალს – ეს მის ბედზე სასიკეთო გავლენას მოახდენს. ზოგადად, მარტის ბოლო კვირა დღე ენერგეტიკულად ძალიან ძლიერი დღეა. ამ დღეს, დიდია ალბათობა, სასურველი ბედი დაიბედო. გასათხოვარმა ქალმა უნდა აიღოს ცოცხი დილის 9 საათზე და გარეცხოს გამდინარე წყალში. ამ დროს საჭმელი არ უნდა გქონდეთ ნაჭამი და ცოცხიც ახალი უნდა იყოს. მასზე ჩამოკიდეთ პატარა ზარი, საქორწინო ბეჭედი და დაახვიეთ წითელი კოჭის ძაფი. ღამით ეს ცოცხი თქვენი საწოლის ქვეშ დადეთ, დილით კი გამოიღეთ, სახლის გამოგვა შემოსასვლელი კარიდან დაიწყეთ და ნაგავი სახლის მარჯვენა კუთხეში დააგროვეთ, შემდეგ ქაღალდში გაახვიეთ და ისე გაიტანეთ გარეთ. ცოცხს მოხსენით საქორწინო ბეჭედი და ზარი, გაახვიეთ თეთრ ქაღალდში და ქაღალდს ის წითელი ძაფი შემოახვიეთ, რომელიც დაგვის პროცესში ცოცხს ჰქონდა შემოხვეული. ეს ცოცხი საწოლის ქვეშ შეინახეთ მანამ, სანამ სასურველი ადამიანი გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში. ხოლო, როცა საბედო პირველად დააპირებს თქვენთან ბინაში მოსვლას, სახლი ისევ ამ ცოცხით გამოგავეთ. ეს რიტუალი ძალიან ამართლებს – ბევრ ჩემს ნაცნობ გოგონას აპოვნინა სასურველი მეორე ნახევარი და ბედნიერი ოჯახებიც შექმნეს.
გამიგია, რომ შეგვიძლია, წინასწარ გავიგოთ, მისაღებია თუ არა საბედოდ ესა თუ ის ადამიანი. ამაზე რას გვეტყვით?
– მე გასწავლით, ასევე, მარტივ ხერხს, როგორ შეძლებთ იმ მამაკაცის ყურადღების მიპყრობას, ვინც თქვენ მოგწონთ. მოკლედ, თუ გსურთ, სასურველი მამაკაცის ყურადღება მიიქციოთ და თავი შეაყვაროთ, ყოველდღე უნდა აანთოთ წითელი სანთელი და ეს უნდა მოხდეს ზუსტად დილის 8 საათზე. თან, უნდა დააკვირდეთ სანთლის ალს: თუ სანთელი მშვიდად იწვის, კარგის მომასწავებელია, ხოლო, თუ ტკაცუნს იწყებს და ნაპერწკლებს ყრის, ესე იგი, ის კაცი თქვენი ბედი არ არის. აგრეთვე, ჩინურ მაღაზიებში იყიდება „ქარის მუსიკა”. ბევრს ის უბრალო სათამაშო ჰგონია, გაუცნობიერებლად ყიდულობს და შესასვლელ კარზე კიდებს. „ქარის მუსიკა“, სასურველია, სახლში დაკიდოთ, მაგრამ, გააზრებულად და სწორად. ის საკმაოდ სასიამოვნო ხმას გამოსცემს და ნეგატიური ენერგიებისგან გვიცავს – თავისი ხმით ბოროტ სულებს აფრთხობს. თუ გინდათ, რომ სიკეთე მოგიტანოთ, ის სახლის ჩრდილო-დასავლეთის ან ჩრდილოეთის მხარეს დაკიდეთ და, რაც შეიძლება ხშირად შეეხეთ, რომ აჟღარუნდეს, ხმა გამოსცეს და ნეგატიური ენერგია გაანეიტრალოს სახლსა თუ ოფისში. საერთოდ, ეზოთერიკაში ადამიანის ყველა ქმედებას თავისი შედეგი მოაქვს.
მაგალითად, არსებობს წესები, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს, გაითვალისწინოს და ამით თავიდან აიცილოს უარყოფითი მოვლენები ცხოვრებაში. ჩემი აზრით, ყველა იმას ვიმკით, რასაც ვიმსახურებთ და, თუ შეგიძლიათ, რომ უკეთესი დათესო უკეთესის მოსამკელად, ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ. მაგალითად, ის, რომ პარასკეობით არ მორეცხოთ იატაკი სველი ტილოთი, რადგან ეს, შესაძლოა, უფულობის მიზეზი გახდეს; სარკე, ცხვირსახოცი და საპონი არ აჩუქოთ საყვარელ ადამიანს, თუ არ გსურთ, რომ მასთან კამათი მოგივიდეთ; როცა დასაძინებლად ემზადებით და ტანსაცმელს იხდით, ნუ მიმოფანტავთ მას ოთახში, თუ გინდათ, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იყოს; ხელჩანთასა და ქუდს ნუ დატოვებთ მაგიდაზე, რომ ბედში არ შეგექმნათ პრობლემა; თუ რამის შეცვლა გნებავთ პირად ცხოვრებაში, ან არასასურველი სიტუაციის გამოსწორებას გეგმავთ, თქვენს ბინაში ნებისმიერ ნივთს ფრთხილად მოეპყარით და ის წესები გაითვალისწინეთ, რაც აუცილებლად დადებითად აისახება თქვენს მომავალზე.
თუ არსებობს რჩევები ეზოთერიკაში, რომლებიც ადამიანს წარმატების მიღწევაში ეხმარება და ამ მხრივ საქმეს უიოლებს?
– რასაკვირველია, არსებობს, მაგრამ, გაითვალისწინებთ თუ არა ამ რჩევებს, ეს თქვენი საქმეა. თითოეული ჩვენგანის სახლში, კერძოდ, ოთახში, არსებობს ადგილი, რომელიც ფინანსებზეა „პასუხისმგებელი”. მაგალითად, ასეთი ადგილია შემოსასვლელი კარიდან მარცხენა კუთხე, ამიტომ, მას მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ და სულ მოწესრიგებული უნდა გქონდეთ. კარგია ამ კუთხეში ცოცხალი, დიდფოთლება მცენარის დადგმა – ის ბარაქაზეც დადებითად მოქმედებს, ადამიანს სასიცოცხლო ენერგიითაც ავსებს, წარმატებისკენ მიმავალ გზას უხსნის და, აქტიური მოქმედების შედეგად, კარგ შემოსავალსაც უქადის. ასევე, თუ ონკანიდან წყალი წვეთავს, ეს უფულობაზე მიგვანიშნებს; ზოგადად კი, თუ სანტექნიკა წყობიდან გამოდის, უიღბლობის მანიშნებელია. ამიტომ, სახლში მთავარი ყურადღება სწორედ წყალგაყვანილობას უნდა მიაქციოთ. სხვათა შორის, ეს არა მარტო მატერიალურზე, არამედ, ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზეც უარყოფითად აისახება. თუ შენიშნავთ, რომ თქვენს ბინაში წყალსადენი მილები, ონკანი ან კანალიზაცია ხშირად ფუჭდება, ესე იგი, თქვენ სურვილის დონეზე არასწორად მართავთ გრძნობებს, ანუ თქვენი ემოციები შეზღუდულია და გამოვლინების საშუალებებს ეძებს. როცა ადამიანის ემოციები და გუნება-განწყობა უარყოფითი ენერგიით არის დამუხტული, ამას საცხოვრებელი სახლიც შეიგრძნობს. თუ სრული ჰარმონიისა და ბარაქა-იდილიის შექმნა გსურთ, სახლს მეტი ყურადღება მიაქციეთ.

წყარო: ჟურნალი “თბილისელები”

Comments

comments