რას ჰყვება მაშველი, რომელიც 13 ივნისის ღამეს ივლიტა ჯიბუტისა და მარიამ ქუთელიას გადარჩენას ცდილობდა

515
SHARE

2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიიდან 4 წელი გავიდა. საბედისწერო ღამეს ადიდებულმა მდინარე ვერემ 24 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის იყო ორი ახალგაზრდა გოგონა ივლიტა ჯიბუტი და მარიამ ქუთელია. ისინი სამეცადინოდ იყვნენ შეკრებილი, როცა ეზოში წყლის დონის მატება დაიწყო და თავის გადასარჩენად სახურავზე ივლიტას მეუღლესთან ერთად ავიდნენ, რათა მაშველებს იქ დალოდებოდნენ. სამწუხაროდ, ივლიტას მეუღლე მოვარდნილმა ღვარცოფმა წაიღო და გოგონები მარტო დარჩნენ. მაშველებმა მხოლოდ მამაკაცის გადარჩენა შეძლეს. გოგონების ცხედრები კი მოგვიანებით აღმოაჩინეს. ამბობენ, რომ ივლიტა ჯიბუტი 5 თვის ორსული იყო.
ლევან კასრაძე, მაშველი, რომელიც მათ გადასარჩენად მივიდა ტრაგედიის დეტალებს იხსენებს:

“იმ ღამეს უამრავი გამოძახება გვქონდა, სტიქიის ზონაში მყოფები დახმარებას ითხოვდნენ. რუსეთის ყოფილი საელჩოს ტერიტორიაზე მივედით. ადგილზე იყო ივლიტას მამა _ მამა გიორგი (ჯიბუტი), რომელმაც გვითხრა, რომ სამი ახალგაზრდა სვანეთის ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, სახურავზე იმყოფებოდა და მათ შველა სჭირდებოდათ.

მამა გიორგის არ დაუკონკრეტებია, რომ მათ შორის მისი შვილი და სიძე იყვნენ. ჩვენ მათი ხმებიც გვესმოდა, თუ როგორ ითხოვდნენ დახმარებას. ვინაიდან გზა იყო ჩახერგილი, შევეცადეთ, შემოვლითი გზით წავსულიყავით, მამა გიორგიც წამოგვყვა.

საბურთალოს სასაფლაოს ტერიტორიიდან მოგვიხდა გადასვლა, მანქანა ადგილზე დავტოვეთ და სირბილით განვაგრძეთ გზა. მამა გიორგიმ ფიზიკურად ვეღარ შეძლო და ჩამოგვრჩა. ჩვენ დაახლოებით რვაასი მეტრი ვირბინეთ, ვიდრე იქ მივიდოდით, საიდანაც დახმარებას ითხოვდნენ.

სახლი, რომლის სახურავზეც ახალგაზრდები იდგნენ და შველას ითხოვდნენ, ფაქტობრივად, აღარ არსებობდა, წყლის დონე კი ელვის სისწრაფით მატულობდა. ადიდებულ მდინარეში მამაკაცი მკლავის სიმსხო ხეს იყო ჩაჭიდებული, რომელიც ცოტა ხანში, შეიძლებოდა, წყლით დაფარულიყო ან დინებას მოეგლიჯა.

დავუძახეთ, რომ გადმომხტარიყო, ის კი გვეუბნებოდა, რომ ჯერ გოგონები მოგვეძებნა, კიდევ მოვუწოდეთ, გადმომხტარიყო, რადგან საფრთხე უფრო იზრდებოდა… გადმოხტა და მეწყვილეებმა ნაპირზე გაიყვანეს, ჩვენ ორმა კი განვაგრძეთ გოგონების ძებნა, სახლშიც შევცურეთ, რომელიც წყლით იყო დაფარული, შემდეგ დაახლოებით 500 მეტრის მანძილზე მდინარის ნაპირებზეც ვეძებეთ, თუმცა, სამწუხაროდ, მათი პოვნა ვერ მოხერხდა. საბედნიეროდ, მამაკაცი გადარჩა”,- იხსენებს ლევან კასრაძე.

FB კომენტარები

კომენტარი