რას კურნავდნენ ღვინით ძველ საქართველოში და რატომ აბანავებდნენ ჩვილ ბავშვებს სასმელში

242
SHARE

საქართველოში ღვინოს ოდითგანვე სულისა და სხულისთვის მარგებელ სასმელად აღიქვამდნენ.  სხვა მრავალი დანიშნულების გარდა, მას სისხლნაკლულობის, სისუსტისა და უმადობის წამლადაც იყენებდნენ.  ყანაში წასული გლეხი, სამწყესად წასული მესაქონლე თუ სამუშაოდ წასული ხელოსანი მძიმე შრომას ღვინით იმსუბუქებდა. დიდმარხვაში მრევლიც და საეკლესიო პირებიც ღვინოში ჩამბალ პურს, ე. წ. ბოღლიწოს მიირთმევდნენ. ძველ ღვინოს ასმევდნენ მეძუძურ ქალებს და მცირე დოზებით ჩვილ ბავშვებსაც.

შეძლებული ხალხი ახალშობილს ღვინოში განბანდა. ბავშვის გასაბანი წყლის წითელი ღვინით შეფერვის ტრადიცია დღემდეა შემორჩენილი. ღვინოს, როგორც ჯანმრთელობისთვის აუცილებელ პროდუქტს, ძველ საქართველოში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ პატიმარსაც კი გარკვეული დოზით აძლევდნენ.

ენოთერაპიას, ანუ ღვინით მკურნალობის თემატიკას დიდი ადგილი უკავია ქართულ სამედიცინო შინაარსის ხელნაწერებში, მაგალითად, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის სამკურნალო წიგნ-კარაბადინში. საინტერესო ცნობებია მე-13 საუკუნის სამედიცინო კრებულში “წიგნი სააქიმო”, სადაც ხშირად გვხვდება ფრაზები: “ღვინით შეიზილოს”, “ღვინოი წყალსა გაურიოს”, “ორთქლი ღვინისაი”, “პურსა ღვინითა დამბალსა სჭამდეს” და სხვა…
ღვინით მკურნალობა სახარებაშიცაა აღწერილი. მაცხოვრის მიერ მოთხრობილ იგავში ნათქვამია, რომ ყაჩაღების მიერ გაძარცვულ და დაჭრილ მგზავრს ჭრილობები ზეთისა და ღვინის დასხმით მოუშუშდა. ალბათ, გარკვეული პარალელის გავლება შეიძლება ამ იგავსა და დიდმარხვის მიწურულს მართლმადიდებელ ეკლესიაში შვიდგზის ზეთისცხებას შორის, რომლის დროსაც სულიერი და ხორციელი განკურნებისათვის მრევლს სწორედ ზეთსა და ღვინოს სცხებენ.

წყარო:http://allwine.ge

FB კომენტარები

კომენტარი