რას იტყვის ხალხი

105
SHARE

“35 წელი ცხოვრების დასასრულია”, – თამარმა ღიმილით გაიხსენა ფრაზა, რომელიც თავის დაბადების დღეზე წარმოთქვა, როცა 18 წლის გახდა

თამარმა სააბაზანოს კარი მიიხურა… ხალხმრავალი ზეიმის ხმაური კარს მიღმა დარჩა. ხმაურთან ერთად, სტუმარიც – მითიური ურჩხული, რომელიც ქალის გონებამ ყველა სტუმრის ერთობლიობით დახატა – ეს მრავალთავიანი “მონსტრი” ახლა მაგიდასთან ზის, ჩანგლებს ახმაურებს, ჭიქებს აჭახუნებს და პირში ტონობით საჭმელსა და სასმელს იყრის და ისხამს. მის “ყველა თავს” თავისი სურვილი აქვს: ერთ თავს მარილი სჭირდება, მეორეს – დანა, ამ უგერგილომ კი ღვინო გადაისხა… სტუმრის ყველა საქციელი იქითაა მიმართული, რომ დისახალისი უბედური გახადოს, მისი ცხოვრება – გაუსაძლისი. მან გამუდმებით უნდა იმოძრაოს, რაღაც მოართვას, წაიღოს, გაწმინდოს… თანაც, ამ დროს ხალისიანად უნდა გამოიყურებოდეს და იღიმოდეს, რომ სტუმარმასპინძლობის წესი არ დაარღვიოს.
თამარი აბაზანის კდიეზე ჩამოჯდა და დაღლილი ფეხები მოადუნა. რაღაც დროის განმავლობაში “ურჩხული” მარტო დარჩა და ქალს ესმოდა, რომ თავებმა ერთმანეთში კამათი წამოიწყეს. ხალხმრავალ სუფრებთან ასეთი კამათი ჩვეულებრივი მოვლენაა. ვინ წამოიწყო კამათი და რაში მდგომარეობს მისი არსი, არავინ იცის, მაგრამ ყველა გაცხარებით ლაპარაკობს. ასეთ დროს ადამიანებს შესაძლებლობა ეძლევათ, თავისი სიმპათია და ანტიპათია გამოხატონ. თითოეული დაახლოებით ასეთი პრინციპით მოქმედებს: “მერე რა, რომ ეს ადამიანი სისულელეს ლაპარაკობს? ძალიან სიმპათიურად გამოიყურება და მე მის მხარეს ვარ”.
ახლა კამათი რომელიღაც მოდური თემის გარშემო მიმდინარეობდა და ეტყობოდა, რომ კარგა ხანს გაგრძელდებოდა და ვიდრე “ყველა თავი” ცოდნასა და ინტელექტს არ გამოავლენდა, თემა მანამდე იქნებოდა აქტუალური – ყველა ერთსა და იმავეს ილაპარაკებს, ოღონდ, სხვადასხვა სიტყვითა და სხვადსხვა ინტონაციით. დიასახლისის გაუჩინარება ვერავინ შენიშნა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში თამარმა განმარტოება შეძლო.
“35 წელი ცხოვრების დასასრულია,” – თამარმა ღიმილით გაიხსენა ფრაზა, რომელიც თავის დაბადების დღეზე წარმოთქვა, როცა 18 წლის გახდა. ახალგაზრდობას “გუშინ” და “დღეს” არა აქვს, რადგან 18 წლის ასაკში ძნელი წარმოსადგენია, რას ნიშნავს მოწიფულობის ხანა; ხოლო ბავშვობა უკვე დავიწყებულია… ამ დროს ვერ იგებ, რატომ გიყურებენ უფროსი ასაკის ადამიანები ირონიული ღიმილით, სახეზე კი აწერიათ: “ვნახოთ, 10 წლის შემდეგ რას იტყვი”…

– “35 წელი მხოლოდ დასაწყისია”, – ხმადაბლა თქვა თამარმა. – სხვათა შორის, არც ისე ცუდად გამოიყურები, მეგობარო, – სარკეში საკუთარ გამოსახულებას თვალი ჩაუკრა ქალმა.
ის კეკლუცობდა და არა მხოლოდ “კარგად გამოიყურებოდა”, არამედ, საკმაოდ ლამაზიც გახლდათ. შავი, მბზინავი თმა მხრებზე ეყარა და ნაცრისფერ თვალებს ხაზს უსვამდა. მაღალი მკერდი და ვიწრო წელი მამაკაცების მზერას იპყრობდა. დაქალები თითქმის არ ჰყავდა. ქალური ჭორაობის წვილმანები მისთვის მიუღებელი იყო. მთელი მისი ცხოვრება ლოგიკასა და გონიერებას ექვემდებარებოდა, გულის კარნახით და სპონტანურად არასოდეს მოქმედებდა. ყველაფრის აწონ-დაწონა უყვარდა. სწორედ თავისი გაწონასწორებული საქციელითა და გარეგნობით მამაკაცების ყურადღებას იპყრობდა. მიუხედავად იმისა, რომ თამარს საკმაოდ მწარე ენა ჰქონდა, მამაკცები მის გვერდით თავს კარგად გრძნობდნენ. საპირისპირო სქესთან მისი ურთიერთობის პრინციპი იყო: “არავინ არავისთან ვალდებული არ არის”.

მას ასე თუ ისე, ცხოვრება აწყობილი ჰქონდა, გათხოვებაზე აღარ ოცნებობდა. ერთხელ უკვე გათხოვდა, 1 წელი იტანჯა და იქიდან თავქუდმოგლეჯილი გამოიქცა. ყოფილ ქმართან მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნა და მას შვილის გაზრდაშიც აქტიური მონაწილეობის უფლება მისცა.
ახლა ის (ყოფილი ქმარი) სტუმრებთან ერთად იჯდა და ცდილობდა, თავი იმ ოჯახის უფროსად წარმოეჩინა, რომელიც მას უკვე აღარ ეკუთვნოდა. ხუმრობდა, მხიარულობდა, მახვილსიტყვაობდა და ისევე იქცეოდა, როგორც რამდენიმე წლის წინ, როცა ჯერ კიდევ თამარის ქმარი იყო, მაგრამ ცოლყოფილს რომ უყურებდა, მას იმ ალკოჰოლისტის მზერა უხდებოდა, რომელსაც ბოლო კაპიკებით ნაყიდი არყის ბოთლი გაუტყდა. თამარს ეს მზერა წინათ ართობდა კიდეც, ახლა კი ეცოდებოდა ეს ოდესღაც ახლობელი ადამიანი და უკვირდა, როგორ შეიძლებოდა, რომ ისინი ცოლ-ქმარი ყოფილიყვნენ.

ფიქრი ზარის ხმამ შეაწყვეტინა. თამარმა საკუთარ გამოსახულებას კიდევ ერთხელ შეავლო თვალი და ახალი სტუმრების მისაღებად გაემართა. ასეთ დროს მხოლოდ ერთ ადამიანს – მაიკოს შეეძლო მოსვლა. ის მხიარული და ხმაურიანი არსებაა, რომელსაც გარშემო ყველა და ყველაფერი უყვარს. შემოსასვლელში ჯერ უზარმაზარი თაიგული გამოჩნდა, რომლის უკანაც მაიკოს გაღიმებული სახე ბრწყინავდა. მაიკო პატარა ტანის, გამხდარი გოგონაა, მაგრამ ყველაფერი დიდი ზმომის მოსწონს – საჩუქრებით დაწყებული, მამაკაცებით დამთავრებული. ახლაც, მაღალი, მხრებგანიერი მამაკაცი ახლდა.
– თამარ, დაბადების დღეს გილოცავთ, მაპატიე, რომ დავაგვიანეთ, ხომ იცი ჩემი ამბავი, – გადაკოცნა მეგობარი, – გაიცანი, ეს გიორგია.
– სასიამოვნოა, – ხელი გაუწოდა ქალმა და სტუმარი შეათვალიერა, – მე თამარი ვარ, დღეს 35 წელი შემისრულდა.
– მე 35 წლის 2 თვის მერე გავხდები. თუ გნებავთ, გია დამიძახეთ.
– კარგი, შევთანხმდით, – გაუღიმა თამარმა, – მობრძანდით, – მიიწვია ოთახში, – მეგობრებო, მაიკოს ყველა იცნობთ, ეს კი გიაა, გაიცანით, – ახალმოსულები სტუმრებს წარუდგინა.
მაიკო ყველას უყვარდა და მხიარული შეძახილებით შეხვდნენ. მან ჩამოიარა და ყველა დაკოცნა… მოიკითხეს, უსაყვედურეს, რომ დაიკარგა და აღარ გამოჩნდა…

გიორგის კი “ძველი” სტუმრები დაუფარავი ინტერესით ათვალიერებდნენ.
თამარის ყოფილი ქმარი – გიზო, თამადა გახლდათ და სტუმრებს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. გრძელ-გრძელ სადღეგრძელოებს ამბობდა და ცდილობდა, დანარჩენებზე შთაბეჭდილება მოეხდინა.
– ჩემო გიზო, გიორგის შეუძლია, შენი თამადობის ნიჭი შეაფასოს, ის ცნობილი თამადაა, – უთხრა მაიკომ.
– მართლა?! – გაიღიმა გიზომ, – მე, როგორც მოყვარულს, პროფესიონალის აზრი ნამდვილად მაინტერესებს, – ისეთი სახე ჰქონდა, რომ ეტყობოდა, გიორგისგან ქებას ელოდა.
– გია, ჩემი გაკეთებული საცივი მოგეწონა? – ჰკითხა თამარმა.
– ძალიან გემრიელია, – კაცმა ნახელავი შეუქო.
– მაპატიე, რომ “შენობით” მოგმართავ. დროა, გაშინაურდე.
– თავს უკვე შინაურად ვგრძნობ, – გაუღიმა მამაკაცმა.
– მაშინ, მოდი, “ვახტანგური” დავლიოთ და უფრო გაშინაურდები.
ღვინო ჩამოასხეს, ხელები გადააჯვარედინეს და სადღეგრძლო შესვეს. ამას წესის მიხედვით, კოცნა მოჰყვა, რომელიც იმაზე მეტ ხანს გაგრძელდა, ვიდრე წესი მოითხოვდა.
– ესეც ასე, – თქვა თამარმა.
ყოფილი ქმრის უკმაყოფილო გამოხედვას გადააწყდა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია, რადგან მისთვის სულ ერთი იყო, რას იფიქრებდა გიზო. მამაკაცის კოცნაში საოცარი ვნება იგრძნო…
მაიკო მათ ყურადღებასაც არ აქცევდა. სასმელს მიეძალა და ჭიქას ჭიქაზე ცლიდა.
ვიღაცამ მუსიკა ჩართო. მაიკო გართობაში გადაეშვა. ყველას ეცეკვებოდა და მხიარულობდა. ყველა მამაკაცი სკამიდან წამოაგდო და საცეკვაოდ გაიწვია. ვიღაცის ქმარს კისერზე ჩამოეკიდა, მაგრამ ამის გამო არავის უეჭვიანია, რადგან ყველამ იცოდა, რომ ეს ყოველგვარი, ქვენა გრძნობების გარეშე ხდებოდა. მაიკოს სხვისი ქმრების ინტერესი არ ჰქონდა. უბრალოდ, ერთობოდა და ეგ იყო. გიორგის არავითარ ყურადღებას არ აქცევდა. თითქოს მასთან ერთად არც მოსულიყოს. ოთახში ქარიშხალივით დაქროდა, სკამებს აბრუნებდა, ფეხებს აბაკუნებდა, ჭიქაც კი გატეხა.
თამარმა ცოცხი შემოიტანა, რომ ჭიქის ნამსხვრევები მოეხვეტა.
მასთან გიზო მივიდა და ცეკვა შესთავაზა.
– თავი დამანებე, ჯერ ეს უნდა ავიღო, – ხელი მსუბუქად გაკრა ყოფილ ქმარს და ნამსხვრევებზე მოიუთითა, – შემდეგ კი სტუმარი უნდა გავართო, მოწყენილია, ვერ ხედავ? – თავით გიორგიზე ანიშნა.
ის სავარძელში იჯდა, ხელში ბოკალი ეჭირა და მოცეკვავეებს ღიმილით უყურებდა.
გიზო გაეცალა…
თამარმა ჭიქის ნამსხვრევები მოხვეტა და სანაგვეში ჩაყარა. შემდეგ ოთახში შებრუნდა და გიორგის ცეკვა შესთავაზა.
ესიამოვნა, რომ მამაკაცმა ბანალური ფრაზები არ წარმოთქვა: “სიამოვნებით” ან “ოოო, იუბილართან ცეკვა რამხელა პატივია”…
მან ბოკალი დადგა, უბრალოდ, გაუღიმა და წამოდგა. ამ დროს მაიკომ სხვის ქმარს ხელი გაუშვა, წაბორძიკდა და ის იყო, ძირს უნდა დაცემულიყო, რომ გიორგიმ ხელი შეაშველა.
– მოდი, დამეხმარე, სააბაზანოში შევიყვანოთ და გამოვაფხიზლოთ, – უთხრა თამარმა გიორგის, მაიკოს ხელი ჩასჭიდა სააბაზანოსკენ გაიყოლა. თუმცა, ქალს ნაბიჯის გადადგმა უჭირდა და ძლივს მიჰყვებოდა მეგობარს. თან ბურტყუნებდა, თავი დამანებეთ, ცეკვა მინდაო, – დაუსრულებლად იმეორებდა.
თამარმა სახეზე წყალი შეასხა, მკერდი ცივ წყალში დასველებული ჩვრით გაუწმინდა და გიორგის დახმარებით საძინებელისკენ წაიყვანა.
– მოგეხმარები, მაიკოს მეორე მხარეს გიზო ამოუდგა.
– თავი დაანებე, შენ სტუმრებს მიხედე, არ მოიწყინონ, – თამარმა ქმარი დატუქსა.
ისიც, მაშინვე უკან გაბრუნდა და მორიგი სადღეგრძელო წამოიწყო.
– თამარ, დღეს შენთვის არაფერი მიჩუქებია, – ძლივს აბრუნებდა ენას მაიკო.
– არა უშავს, ახლა ცოტას გამოგაფხილზებ და საჩუქარზე დილით ვილაპარაკოთ, – გაუღიმა მეგობარმა.
მაიკო საძინებელში “გადაიტანეს” და საწოლზე დაყრილ საჩუქრებსა და ყვავილებს შორის დააწვინეს. შეეტყო, რომ ცოტა უკეთ იყო. თვალებს უკვე ბოლომდე ახელდა და ცოტა აზროვნების უნარიც დაუბუნდა.
– მინდა, რომ ახლა გაჩუქო, – საწოლზე ხელი მოაფათურა მაიკომ, – გია, მოიწი, რა?! – ერთ-ერთ საჩუქარს ვარდისფერი ბაფთა მოხსნა და გიორგის მკერდზე მიამაგრა, – აი, ჩემი საჩუქარი. ის ძალიან კარგია და ერთგული… – მაიკომ გიას ლოყაზე აკოცა, – შენთვის მიჩუქებია.
– მაიკო, ნუ სულელობ, დაწექი და დაიძინე, – გაეცინა თამარს.
– მართლა გეუბნები, – ამოიოხრა მაიკომ, – იცი, რა მაგარი ვინმეა? შესანიშნავი წყვილი იქნებით, შენ მას მოსწონხარ. კარგ ოჯახს შექმნით, შვილებს გააჩენთ და ბედნიერად იცხოვრებთ.
– ახლავე გააჩუმე ენა, – თამარი გაბრაზდა, – ამაზე უკეთეს საჩუქარს ვერ მოიფიქრებდი!
– კარგი, მაშინ გაიწიეთ და მშვიდად სიკვდილის საშუალება მომეცით, – მაიკო კედლისკენ გადაბრუნდა და ასრუტუნდა.
– სულელი, – ჩაილაპარაკა თამარმა, – სიგარეტი ხომ არ გაქვს? – მიუბრუნდა გიას.
მამაკაცმა სიგარეტი მიაწოდა და ასანთიც გაკრა.
ცეცხლის შუქზე ქალმა შენიშნა, რომ გიორგი იღიმოდა.
– სისულელეა, – თქვა მამაკაცმა.
– რა არის სისულელე?
– ის, რომ ჩვენ ტრადიციებისა და წესების მონები ვართ. მაიკო მართალია, მე მართლა მომწონხარ, – გიორგიმ ქალის ხელი აიღო. თამარმა ხელი არ დაანება. შებრუნდა და ფანჯარაში გაიხედა.
მამაკაცმა სიგარეტი გამოართვა და საფერფლეში ჩასრისა. შემდეგ მოეხვია, თავისკენ შეაბრუნა ქალი და ტუჩებში აკოცა. ქალს წინააღმდეგობა არ გაუწევია. ოთახიდან სიცილის ხმა გაისმა. როგორც ჩანს, რომელიღაც სტუმარმა გააცინა ყველა. თამარი გამოფხიზლდა, მამაკაცს ხელი ჰკრა და თმა გაისწორა.
– არ წახვიდე, – სთხოვა გიამ.
ქალმა უარის ნიშნად თავი გააქნია.
– იცი, ადამიანებს ხშირად გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმის ეშინიათ, – დაიწყო მამაკაცმა, მაგრამ თამარმა შეაჩერა.
– ეს ალბათ, ჩვევაა, – უთხრა და გაუღიმა…
– დავრჩები შენთან, – შესთავაზა მამაკაცმა, – და არასოდეს წავალ, ერთად ვიქნებით, სიცოცხლის ბოლომდე, მე ხომ მიყვარხარ… დიდი ხანია, თვალყურს გადევნებ… ძლივს დავითანხმე მაიკო, რომ სტუმრად მოვეყვანე… თამარ, გთხოვ…
– არა, – თავი გააქნია ქალმა, რას იტყვის ხალხი?
– ხალხმა რაც უნდა, ის თქვას. მათ ხომ არ აწუხებთ, შენ მარტო რომ ხარ? მათ ხომ ვერ აუხსნი, რომ გინდა, მარტოობას გაექცე… ნუთუ, ბედნიერების უფლება არ გაქვს?
– არა, არ შემიძლია, გია… შენ არ დაგინახავს, როგორ გვიყურებდა ჩემი ყოფილი ქმარი… თანაც, ჩემი შვილი უკვე დიდია, ის 16 წლისაა და არა მგონია, ამ ამბავს სიხარულით შეხვდეს. მე პირველ რიგში დედა ვარ, რომელსაც უნდა, რომ შვილს არ აწყენინოს… ჩემს ასაკში ხელმეორედ გათხოვებაზე არ უნდა ვიოცნებო… რას იტყვის ხალხი…
– ნუთუ ამას მნიშვნელობა აქვს?
– აქვს… ხალხის აზრს დიდი მნიშვნელობა აქვს…

გიზომ სტუმრების წასვლის შემდეგ სახლი მიალაგა, ჭურჭელიც დარეცხა.
– თამარ, თეთრეული ვერ ვიპოვე, – სააბაზანოს კართან გაჩერდა და ხმამაღლა დაუძახა ქალს, – თამარ, გესმის?
პასუხი რომ ვერ მიიღო, გიზომ კარს ყური მიადო და ხელახლა მიაკაკუნა. წყლის ხმაურში კარგად გაარჩია, რომ მისი ცოლყოფილი ხმამაღლა ტიროდა.
– ეეჰ, ბევრი დალიე, არა? – ჩაილაპარაკა თავისთვის, – რას იზამ, დავწვები უთეთრეულოდ, მთვრალ ქალს რა უნდა ელაპარაკო? – თქვა და ფლოსტების ფრატუნით საძინებლისკენ გაემართა.

 

წყარო: www.gzapress.ge

FB კომენტარები

კომენტარი