რაზე ოცნებობს ბერა ივანიშვილი და რას უმხელს ის საზოგადოებას დის შესახებ

616
SHARE

შობის ერთ საღამოს მეგობართან ერთად, პირადი და რომანტიკული ამბების გახსენებას ახალი სიმღერის იდეა მოჰყვა. იდეას მალევე შეესხა ფრთები და შედეგად, 8 იანვარს, კინოთეატრ „რუსთაველში” ბერა ივანიშვილმა თავის მონატრებულ გულშემატკივარს ახალი კლიპი წარუდგინა, სახელწოდებით Tickets to the moves. პრეზენტაციის შემდეგ კი წამახალისებელი გათამაშება გამართა და საკმაოდ ბევრ გამარჯვებულ გულშემატკივარს პრიზები გადასცა. ბერას ალბომი მისივე ხელმოწერით და სამახსოვრო ფოტოსურათი ყველა მსურველს ერგო. კლიპის პრეზენტაციას ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ და ბერამ ჩვენს კითხვებს ხალისით და გულწრფელად უპასუხა.
268443812

ბერა ივანიშვილი: სიმღერას ჰქვია Tickets to the moves – „ბილეთები კინოთეატრში“ და მასში „ლავსთორია“ წარმოდგენილი. ეს კლიპი ჩემთვის გამორჩეულია. ძალიან ბედნიერი ვარ, აქ რომ ვარ – სახლში. ამერიკაში წავედი იმიტომ, რომ ვშრომობ. იქ მომღერლის კარიერისთვის საუკეთესო გარემო მაქვს, მაგრამ, ყოველთვის ერთი სული მაქვს ხოლმე, როდის დავბრუნდები ჩემი ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და გულშემატკივრებთან.

– ამ კლიპის მონაწილეები როგორ შეირჩა?

– მონაწილეები ჩემმა გუნდმა შეარჩია. ნოდარ ბაშანიშვილი არის რეჟისორი. სამწუხაროდ, მსახიობების სცენების გადაღებაზე აქ არ ვიყავი, ამერიკაში მივფრინავდი. აქედან გამომდინარე, ჩემი სინქრონები გადაიღეს და დანარჩენი ისე ჩაწერეს, რომ მე არც კი ვიმყოფებოდი საქართველოში.

– ვიცი, რომ ტექსტებს ძირითადად თავად წერ. როდის გიჩნდება წერის სურვილი?

– ჩემი სიმღერის ყველა ტექსტი მე მეკუთვნის. გააჩნია მომენტს, ასეთი პროცესი არ არსებობს. ფურცელს და კალამს, პრაქტიკულად, არასდროს ვიყენებ ტექსტების წერისას. შეიძლება, ჯერ მუსიკას მოვუსმინო და იმას მოვარგო ტექსტი, ან, უბრალოდ, თავში მომივიდეს მისამღერის იდეა და მასზე ავაგო სიმღერა.

– კონკრეტულად ამ სიმღერის იდეა როგორ გაჩნდა?

– მე და სემ ჰუკს, რომელიც ჩემი მეგობარია, სტუდიაში საუბარი გვქონდა და ჯერ სათაური მოვიფიქრეთ –  „ბილეთები კონოში“. როგორ ინახავენ ზოგჯერ ადამიანები პირველი პაემნის ბილეთებს, ასევე, ჩვენი, პირადი ისტორიები და იქიდან გამომდინარე, დავწერეთ ეს სიმღერა.

– რამდენ ხანს აპირებ საქართველოში დარჩენას და რა გეგმები გაქვს, ხომ არ აპირებ კონცერტის გამართვას?

– სამწუხაროდ, ცოტა ხნით ვარ ჩამოსული –  ერთ კვირაში უნდა გავფრინდე. ამჟამად ახალ ალბომზე ვმუშაობ და ნახევარი უკვე გაკეთებული მაქვს. კონცერტები, ალბათ, მისი დასრულების შემდეგ დაიწყება.

– როგორ ფიქრობ, რა აკლიათ ქართველ ახალგაზრდებს დღეს და  შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს თუ აქვთ განვითარების საშუალება?

– რა აკლია ახალგაზრდობას? – ეს ჩემთვის ძალიან რთული კითხვაა. რაც შეეხება შოუ-ბიზნესის განვითარებას, დღეს სოციალური ქსელი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან გავუზიაროთ ადამიანებს ჩვენი მუსიკა, სულ ერთია, რომელი ქვეყნიდან ხარ. არსებობს მრავალი მაგალითი იმისა, რომ დაბალბიუჯეტიანი, ან, საერთოდ, უბიუჯეტო ფილმები მილიონობით ნახვებს აგროვებს და  დამწყები მომღერლები აქედან იკეთებენ კარიერას. ასე რომ, ეს ბარიერი აღარ არსებობს.

– რომელიმე ქართველ მომღერალთან თუ გეგმავ დუეტს?

– ახლო მომავალში არა. ახლა ჩემს ალბომზე ვმუშაობ და 30 პროცენტამდეა გაკეთებული. ასზე მეტი სიმღერა მაქვს ჩაწერილი. ჩემს პირველ ალბომში არცერთი დუეტი არ მაქვს, იმიტომ კი არა, რომ ჩემია და არავის არ უნდა გავუნაწილო (იცინის), უბრალოდ, ვერცერთ სიმღერაში ვერ დავინახე სხვა.

– ვინ არის შენი სიმღერის პირველი შემფასებელი და როგორია მამის დამოკიდებულება შენი შემოქმედებისადმი?

– ახალ სიმღერას პირველად ყოველთვის დედას ვასმენინებ. რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახის წევრების აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სანამ სახალხოდ დავიწყებდი ამის კეთებას, ჩემი პირველი მსმენელები სწორედ ოჯახის წევრები იყვნენ. მშობლები ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ შემოქმედება არის თავისუფლების სიმბოლო და ცხოვრებაში ვიქნებოდი ბედნიერი და თავისუფალი, თუ შემოქმედი გამოვიდოდი. აქედან გამომდინარე, ისინი ყოველთვის მხარს  მიჭერენ.

„ლავსთორი“ კლიპში ხომ არ არის პირადი ცხოვრების გაცოცხლება?

– არა, ჯერ მხოლოდ კლიპში ხდება ეს ყველაფერი, ცხოვრებაში ჯერჯერობით პასიურ რეჟიმში ვარ.

– შენი ფანების უმრავლესობას გოგონები შეადგენენ. დარწმუნებული ვარ, ყველას აინტერესებს, როგორი გოგონები იქცევენ შენს ყურადღებას და, საერთოდ, რას ნიშნავს შენთვის სიყვარული?

– სიყვარული ჩემთვის ნიშნავს ყველაფერს. სიყვარულის გარეშე არ ვიცოცხლებდით, არ ვიარსებებდით. მე მჯერა, რომ სიყვარული ცხოვრებაში ერთხელ მოდის. ოპტიმისტი ადამიანი ვარ და მგონია, რომ ნამდვილი სიყვარული ჯერ არ მინახავს. ჩემს წარსულ ურთიერთობებს მხოლოდ გატაცებებს დავარქმევ. რაც შეეხება იმას, თუ როგორი გოგოებით ვინტერესდები, რთული კითხვაა. როგორც სიმღერაზე გითხარით – შემთხვევას გაააჩნია. ქერა უნდა იყოს გოგო თუ შავგვრემანი – ასე ვერ დაგიხასიათებთ.

– შენი მეორე ნახევარი იქნება თუ არა ქართველი?

– სიყვარულს ვერასოდეს დაგეგმავ, მაგრამ, ჩემი აზრით, როდესაც ოჯახს ეხება საქმე, იქ აუცილებელია, არსებობდეს საერთო ტრადიცია, ერთი მენტალიტეტი. როგორც სიმღერებში ვამბობ ხოლმე, თავიდან ფეხებამდე ქართველი ვარ და, არა მგონია, გრძელვადიან ოჯახურ ურთიერთობაში არაქართველს შევეგუო და შევეწყო.

– GDS-ის შესახებ გკითხავ: როგორი მმართველი ხარ და გაამართლა თუ არა ამ ყველაფერმა? ცოტა ხნის წინ სერიალი „ტიფლისი“ დაიწყეთ; რა სიახლეებს ველოდოთ მომდევნო სეზონიდან?

– ვფიქრობ, რომ გაამართლა. რაც შეეხება იმას, თუ როგორი მმართველი ვარ, ალბათ, ჩემს თანამშრომლებსა და მაყურებელს უნდა ჰკითხოთ. მე საკუთარ თავზე არ დავიწყებ ლაპარაკს. ახლა უკვე სერიალების ფორმატზე გადავდივართ.

– „ერთი ერთშის“ წინა სეზონებში აქტიურად იყავი ჩართული, ახლა თუ ადევნებ თვალყურს პროექტს, თუ საიდუმლო არ არის, ვის გულშემატკივრობ?

– ვის ვგულშემატკივრობ და, სალომე ბაკურაძეს. რომ მოიგოს, იტყვიან მერე (იცინის)… ჩვენ წლების წინ ვითანამშრომლეთ: ჩემი სიმღერის – „ლას“ ბეგრაუნდში სალომე მღერის, გოგოს ხმა სწორედ მისია. ამას პირველად ვამბობ, დღემდე არავინ იცოდა.

– საინტერესოა, როგორი მამაა ბატონი ბიძინა?

– მამაჩემი ჩემი საუკეთესო მეგობარია, ჩემი გმირია. ჩემთვის ის საუკეთესო პიროვნებაა.

– როდის გაკრიტიკებს?

– ასე კონკრეტულად ვერ ვიტყვი. თუ ვინმე მაკრიტიკებს და თუ ვინმეს აზრს ვითვალიწინებ, ეს, რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახია, რადგან, ისინი ერთადერთები არიან, რომლებიც ასი პროცენტით ობიექტურები იქნებიან ყველა შემთხვევაში და, ერთადერთები არიან, ვისაც ჩემი სიხარული ჩემზე მეტად გაუხარდებათ, ჩემი ტკივილი კი ჩემზე მეტად ეტკინებათ.

– პოლიტიკიდან გამომდინარე, მამაზე არაერთგვაროვანი შეფასებები გესმის. არის დადებითი და უარყოფითი კომენტარებიც. როგორ რეაგირებ მათზე?

– როდესაც მე ვიყავი ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, იმ დროს საქართველოში სიტყვის თავისუფლება არ იყო, საჭირო იყო ჩემი თაობის გამოღვიძება და პროცესებში ჩართვა. ამიტომაც ვიღებდი მონაწილეობას იმ პროცესებში. დღეს უკვე, თუ ვინმეს რამე პრობლემა აქვს, ყველას შეუძლია ამის ხმამაღლა თქმა და თავისი აზრის ბოლომდე გატანა. ყველას ვუსურვებ, რომ თავისი აზრი ბოლომდე წარმატებით განახორციელოს. რაც შეეხება უარყოფით შეფასებებს, არავისზე ცუდის თქმა არ მინდა. პირადად ჩემი აზრით, მამაჩემი ყველაზე სამაგალითო ადამიანია დედამიწის ზურგზე.

– ამის მიუხედავად, თუ არის შემთხვევა, როცა, შეიძლება, შენიშვნა მისცე საკუთარ მამას?

– გამორიცხულია. მე ვინ ვარ, რომ მამაჩემს შენიშვნა მივცე?! მართალია, დემოკრატიული ოჯახი გვაქვს და ჩემს აზრს მას ყოველთვის ვეუბნები, მაგრამ, მამაჩემისგან მე ძალიან ბევრი მაქვს სასწავლი მანამდე, სანამ მე თვითონ შევუსწორებ რამეს.

– წლების შემდეგ ხომ არ აპირებ ბიზნესსექტორში გადანაცვლებას, მეცენატობას ან სხვა საქმიანობით დაკავებას?

– ახლა ჩემთვის ამაზე საუბარი რთულია. ამ მომენტში ასი პროცენტით ჩემს საქმეზე ვარ გადართული და ვცდილობ, აქ ვიყო მაქსიმალურად წარმატებული. მომავალში არაფერია გამორიცხული, თუმცა, ზუსტად ვიცი, რომ სიმღერას ვერასდროს შეველევი. ოცდაათი წლის შემდეგ კონცერტები და ტურნეები თუ მექნება, არ ვიცი, მაგრამ, სიმღერებს რომ ყოველთვის დავწერ და ჩავწერ, სამოცი წლისაც რომ ვიყო – ეს ზუსტად ვიცი.

– შენს დასა და ძმებს საზოგადოება ნაკლებად იცნობს, რას გვეტყვი მათ შესახებ?

– ძალიან რთული კითხვაა (იცინის). ჩემი უფროსი ძმა სწავლობს ძალიან ბევრს, ამჟამად  საფრანგეთშია. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია. რა თქმა უნდა, ერთად გავიზარდეთ და დღეს ჩემთვის რთულია ის მანძილი, რომელიც ერთმანეთს გვაშორებს. ყველაზე იშვიათად სწორედ მე და ჩემი უფროსი ძმა ვხედავთ ერთმანეთს, რადგან, მე ამერიკაში ვარ ხოლმე, ის  – საფრანგეთში და, საქართველოში ყოფნის დროსაც არ ვეკვეთებით  ხოლმე ხშირად ერთმანეთს. რაც შეეხება ჩემს უმცროს დას, საზოგადოებამ მის შესახებ არ იცის, რომ ის კარგად მღერის. უკვე წლებია, მუშაობს და ჩემი საყვარელი მომღერალია.

– ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებიდან თუ გაქვს ვინმესთან ახლო ურთიერთობა, რჩეული თუ გყავს ქართველ მომღერლებს შორის?

– ჩემთვის ყველაზე საყვარელი მომღერალი არის ჩემი პატარა და (იცინის). ცუდი კუთხით არ ვამბობ და შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, უბრალოდ, ჩემი და არის ჩემთვის ყველაზე საყვარელი მომღერალი.

– პატარა ძმის შესახებ რას იტყვი?

– პატარა ძმა ჩემი თეთრი დათვია (იცინის).

– „ფეისბუქზე” რიანასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნე; პირადად იცნობ მას?

– დიახ, რამდენიმე წელია, ვიცნობ. პირველად ხუთი წლის წინ შევხვდი რიანას, მაშინ წითელი თმა ჰქონდა. შემდეგ, დაახლოებით ერთი წლის წინ, „ფეშენ-ვიქზე” შევხვდით ერთმანეთს და თავის საქველმოქმედო წვეულებაზე დამპატიჟა. იქ ვნახე ერთი-ორი კვირის წინ.

– სხვას ვის იცნობ ვარსკვლავებიდან პირადად და თუ მეგობრობ რომელიმესთან?

– მაგალითად, „ფუჯისტუს“ დამფუძნებელი  ვაიკ ლეფი, ამერიკაში ჩემი საუკეთესო მეგობარია. რიანაზეც რომ ვამბობ, ვიცნობ-მეთქი, შეიძლება, თავგადაკლული მეგობრები არ ვართ და ყოველდღე არ ვურეკავთ ერთმანეთს, თუმცა, ერთ-ერთი ადამიანია მათ შორის, ვინც ძალიან დადებითად მხვდება, ერთმანეთს ვიცნობთ და პატივს ვცემთ; მაგრამ, როცა ვაიკ ლეფს ვახსენებ, ის როგორც ჩემი უფროსი ძმა, ისე არის ამერიკაში. ბევრ რჩევას მაძლევს, მეხმარება. მასთან თითქმის ყოველდღე მაქვს ურთიერთობა.

– შობა-ახალ წელს საქართველოში შეხვდი?

– დიახ. ტრადიცია გვაქვს, რომ, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ მე, ჩემი და-ძმა და მშობლები, წელიწადის ამ დროს ვიკრიბებით და ერთად ვხვდებით ახალ წელს.

– საინტერესოა, ვინ არის თქვენი ოჯახის მეკვლე?

– კონკრეტული ადამიანი არ გვყავს. წელს მე ჩამოვედი და, ალბათ, მეკვლეც მე გამოვდივარ (იცინის).

– თოვლის ბაბუის ფუნქციას ვინ ითავსებს?

– სხვათა შორის, სამი წელი მე ვითავსებდი ხოლმე თოვლის ბაბუის ფუნქციას (იცინის), როდესაც ჩემი ძმა 4-6 წლის იყო. მაშინ პატარა იყო და ვერ მცნობდა. ახლა უკვე მცნობს, ამიტომ, პროფესიონალი გვჭირდება. სხვათა შორის, მეც პროფესიონალი ვარ, უკვე დიდი სტაჟი მაქვს (იცინის).

– შენ თუ გჯეროდა ბავშვობაში მისი არსებობის და ვინ იყო შენი თოვლის ბაბუა?

– სხვათა შორის, მჯეროდა და დედაჩემი ზრუნავდა ამაზე – ყველაზე ლამაზი და ფერადი ბავშვობა მაჩუქა.

– თუ გახსენდება, რა მიგიღია ყველაზე მაგარი საჩუქარი?

– ყველაზე მაგარი საჩუქარი ამქვეყნად არის ჩემი ოჯახი. თუმცა, პატარაობაში, 14-15 წლის ვიქნებოდი, ერთი გოგონა მომწონდა რამდენიმე თვის განმავლობაში და ახალ წელს სიყვარული ამიხსნა (იცინის).

– ახლა თუ მეგობრობ იმ გოგონასთან?

– სხვათა შორის – არა (იცინის).

– ცოტა ხნის წინ დაბადების დღე გქონდა, როგორ გაატარე ეს დღე?

– მე ყოველთვის ჩემს მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად მიყვარს დროის გატარება – იმათთან, ვისთანაც თავისუფლად ვარ და თავს კარგად ვგრძნობ.

– ბერა, ერთი შეხედვით, არაფერი გაკლია არც მატერიალური თვალსაზრისით და, ასევე, შემდგარი ადამიანი ხარ პროფესიული თვალსაზრისითაც, მაგრამ, მაინც, რა არის შენი ოცნება?

– ვფიქრობ, რომ პროფესიული თვალსაზრისით კიდევ ძალიან ბევრი მაქვს გასაკეთებელი. ჯერ ჩემი კარიერის მხოლოდ დასაწყისში ვარ. არ მიმაჩნია, რომ ბოლომდე რეალიზებული ვარ. ჩემს ოცნებას რაც შეეხება, ეს ძალიან რთული კითხვაა. ჩემი ოცნება არის ის, რომ ჩემი მშობლები ყოველთვის ამაყობდნენ ჩემით და არასდროს შევარცხვინო ჩემი ოჯახი. თუ ეს ასე იქნება, მაშინ სხვა ყველაფერიც კარგად იქნება.

– რა არის შენი ქართული ოცნება და თუ აგიხდა?

– ჩემი, პირადი ქართული ოცნების ახდენისთვის კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ბევრი მიზნად ქცეული ოცნება მაქვს, მაგრამ, როგორც აღვნიშნე, მათ ახდენამდე ბევრი უნდა ვიმუშაო.

– შენი დასვენება და გართობა როგორია?

– ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ყოველთვის მუსიკასთან და ხმაურთან მაქვს შეხება. რასაც ადამიანები გართობას ეძახიან, ჩვენთვის ის პროფესიაა და ამერიკაში ამას „გართობის ბიზნესს” ეძახიან. ამიტომ, ყოველთვის ვცდილობ, თავისუფალი დრო საყვარელ ადამიანებთან გავატარო. არასდროს გავდივარ ხმაურიან ადგილებში, ჩემთვის ვარ და ისევ სიმღერებს ვწერ.

– სიმღერის გარდა, რა ინტერესი გაქვს?

– ჩემი მეორე გატაცება სპორტია. ყოველდღე ვვარჯიშობ, ბოდიბილდინგი იქნება ეს, მძიმე წონები თუ კარდიო.

– შენი მავნე ჩვევა რა არის?

– სიგარეტი ცხოვრებაში არ მომიწევია. ჩემი მეგობრებიდან ვინც ეწევა, ვცდილობ, მასაც თავი დავანებებინო, განსაკუთრებით – მანდილოსნებს. როგორც გითხარით, სპორტულად ვცხოვრობ და ალკოჰოლსაც არ ვეტანები. მავნე ჩვევა ის მაქვს, რომ, თუ თავისუფალი ვარ, დილით ადრე არ ავდგები – დილის ძილი ძალიან მიყვარს (იცინის).

– ბოლოს, რას ეტყვი შენს გულშემატკივრებს?

– როგორც ხედავთ, აქ იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც ოთხი-ხუთი წელია, ჩემი გულშემატკივრები არიან, ბევრს სახეზეც ვცნობ და ზოგი უკვე გამაღლებულია (იცინის), თითქოს ერთად გავიზარდეთ. მაშინ მეც 15-16 წლის ვიყავი, ახლა კი 20 წლის ვარ. ეს ბავშვებიც ასე გაიზარდნენ და დღეს უკვე დიდები არიან. ვამაყობ ჩვენი დიდი ოჯახით, დღემდე შეკრულები ვართ, ერთად ვართ და ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ბევრჯერ მითქვამს, რომ ბევრ ნაცნობზე მეტი გაუკეთებიათ გულშემატკივრებს ჩემთვის გვერდში დგომითა და სიყვარულით. ამერიკაშიც რომ ვარ, ყოველთვის მიგზავნიან წერილებს, ფოტოკოლაჟებს და სახლში მაგრძნობინებენ თავს. დღეს ძალიან ემოციური შეხვედრა გვქონდა. ჩემი გულშემატკივრების ნახვა ყოველთვის მიხარია. უკვე ოთხი წელია, ასეთი ტიპის შეხვედრა არ მქონია და ბედნიერი ვარ, რომ დღეს ვნახე ეს ადამიანები, ჩავეხუტე და მათი შეფასებები მოვისმინე.

წყარო

FB კომენტარები

კომენტარი