რაზე მღერიან დღეს ქართველი მუსიკოსები…

340
SHARE

საზოგადოებას უამრავი პრობლემა აწუხებს. ყველაზე მნიშვნელოვანია, არ დაიბრმავო თვალები და მათზე ხმის ამოღება შეგეძლოს. საინტერესოა, რა აწუხებთ დღეს ქართველ მუსიკოსებს, რაზე მღერიან ისინი?

ქართველი ერი ყველაფერს ეჩვევა და ბედის ნიავს ემორჩილება. არავინ და არაფერი გვაწუხებს საკუთარი თავის გარდა. „სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი“… სამწუხაროდ, ასეთი მიდგომით ვსარგებლობთ ჩვენ დღეს. მაგრამ, რას ვიტყვით მუსიკაზე?

მუსიკა ხომ ყველაზე კარგი მამხილებელია დეგრადირებული საზოგადოების. ბევრი ფიქრობს, რომ დღეს ქართველ მუსიკოსებს სათქმელი ამოეწურათ. აღარაფერი ადარდებთ, სპონსორის გარდა. მიწისქვეშა გადასასვლელებში იმას უკრავენ, რაც მასას მოსწონს… ვეღარ ქმნიან ახალს, რადგან ყველაფერი კარგი უკვე შექმნილია. ახალი ველოსპედის გამოგონებას კი არავინ ცდილობს, რადგან ინერტულობა ბევრად კომფორტული გვეჩვენება.

ერთ-ერთ ტელეინტერვიუში დადა დადიანმა თქვა: “უპრობლემობა ყველაზე დიდი პრობლემაა”. ასე, რომ პრობლემა ყოველთვისაა. საინტერესოა, რა პრობლემები აწუხებთ დღეს ქართველ მუსიკოსებს?

ახალგაზრდების ნაწილში პოპულარობით სარგებლობს ალტერნატიული მუსიკალური ჯგუფი „დაგდაგანი“. ხშირად ამ ბენდს ცინიზმით მოიხსენიებენ. ბევრისთვის მიუღებელია უცენზურო სიმღერის ტექსტები. თუმცა მსმენელის ნაკლებობას არ უჩივიან, რადგან მათ კონცერტებზე სულ ნახავთ ხალხით გადაჭედილ დარბაზებს. მათ ერთ-ერთ სიმღერას “2 წელიწადში” ჰქვია. გთავაზობთ ნაწყვეტს სიმღერის ტექსტიდან:

„ალბათ ორ წელიწადში მე წამიყვანენ ჯარში,
გადამპარსავენ თავს და დამაჯვამენ ბევრს…
ალბათ ორ წელიწადში მე მესვრიან თავში,
მე მესვრიან თავში და დამივიწყებენ…
წელიწადში თუ ორში მე წამიყვანენ ომში,
წამიყვანენ ომში და დამივიწყებენ,
და ჩემს სამშობლოში მოვკვდები მე არაფრისთვის,
ერთ მშვენიერ დღეს“…

“სოციალური ნაგავი,” – ქართველი რეპერის თერიკას სიმღერა. საინტერესოა მისი თვალით დანახული ქალაქი და ამ ქალაქშივე მცხოვრები ხალხი. კლიპის ნახვის შემდეგ მიხვდებით, რომ სათქმელის გადმოცემას მილიონობით ლარი სულაც არ სჭირდება.

ერეკლე დეისაძე, – სიყვარულზე… სასიამოვნო მელოდიის მიღმა სიყვარულის ფერადი ინტერპრეტაცია მოჩანს. ნაწყვეტი სიმღერის ტექსტიდან: “შენი ფანჯრიდან”:

“მე გავივლი წვიმას და თოვლს
და ვიცი, რომ გამიღებ კარს,
შენი ღიმილი ნიშნავს, რომ
ღრუბლები აღარ ფარავენ ცას…
მე მოგიტან სიყვარულს,
სანამ სიზმრებს დააღწევ თავს,
შენი ოთახის ფანჯრიდან მზე,
სულ სხვანაირი ჩანს…
მე გაჩუქებ სიყვარულით სავსე გულს”.

„წერილი“ – ქართული პოსტ-პანკ/გოთიკ/ალტერნატიული ბენდია, რომელიც 1995 წელს თბილისში შეიქმნა. ნამდვილი რომანტიკოსები… მათი მუსიკა ცრემლნარევ იმედს გზავნის შენკენ. აი, თავად ნახე ნაწყვეტი სიმღერის ტექსტიდან “შიშველი ხეები”.

“ფანჯრიდან მოჩანს შიშველი ხეები,
ამინდი მშივრების გაყინვას ითხოვს…
დარდი მაქვს გულში და ნელ-ნელა ვილევი,
ქარია გზაზე და ეს გზა მე მიხმობს…
შენ, გულის კედელო, გთხოვ, ნუ დაეცემი,
რომ შენი სიმართლე ჩემი გზა იყოს…
შემოაბიჯე მომავლის დღეებით,
მასუნთქე ჰაერი, მომეცი სითბო”…

რთულია თქვა, რომ ქართული მუსიკა ინერტულია და პროტესტის ნაკლებობას განიცდის. სადღაც, მსოფლიოს მეორე ნახევარში, ერთ დროს მომხდარი ამერიკის მუსიკალური რევოლუცია აქაურობასაც მოსწვდა. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ დღეს უფრო თავისუფლად ვსუნთქავთ, გვაცვია ის, რაც გვინდა და თმასაც, როგორც მოგვინდება, ისე მოვექცევით. ამის გამო კი არავინ დაგიჭერს. მთავარია, დავინახოთ ავადმყოფი საზოგადოების პროდუქტი ან, სულ მცირე, შეგვაწუხოს მაინც…

ლექსო მიგრიაული

FB კომენტარები

კომენტარი