„ოტიუმში“ წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

114
SHARE

23 ივნისს, „ოტიუმში“ წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. მუსიკალური კონკურსი, რომელიც რადიოჰოლდინგმა „ფორტუნა“ დააფუძნა, უკვე მესამედ ტარდება. 2014 წელს გამარჯვებული გახდა სიმღერა „Waterfall“, ნოდიკო ტატიშვილისა და სოფო გელოვანის შესრულებით, 2015 წელს კი ანრი ჯოხაძე სიმღერით – „განა, ყველა ქალი ქალია“.
როგორც რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თამარ სადრაძემ „პრაიმტაიმში“ გამართულ პრესკონფენერენციაზე განაცხადა, რადიოჰოლდინგმა „ფორტუნამ“ წლის სიმღერის კონკურსი იმისთვის დააფუძნა, რომ ხელი შეუწყოს ქართული სიმღერის პოპულარიზაციას, დააფასოს მუსიკალურ სფეროში მოღვაწე ადამიანების შრომა და წარმოაჩინოს ახალგაზრდა მუსიკოსები. მისივე თქმით, წლის სიმღერის, ასევე სხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური შეარჩევს, ხალხის რჩეული ინტერნეტგამოკითხვით დასახელდება, რადიოსადგურებს საკუთარი რჩეულები ეყოლებათ. წლის სიმღერის კატეგორიაში გამარჯვებულს რადიოჰოლდინგი ფულადი პრიზით, 5000 ლარით დააჯილდოვებს.
„23 ივნისს, „ოტიუმში“ ქართული შოუბიზნესის უამრავ წარმომადგენელს ვუმასპინძლებთ. ამ დაჯილდოებით მუსიკალურად შევაჯამებთ განვლილ, 2015 წელს და ვფიქრობთ, რომ სტიმულსაც მივცემთ შოუბიზნესის წევრებს, მეტი ახალი ქართული სიმღერა შექმნან, რომლებსაც, რასაკვირველია, დიდი სიამოვნებით დავუთმობთ ჩვენი ჰოლდინგის რადიოსადგურების ეთერს“, – განაცხადა თათა სადრაძემ.
რადიო „ფორტუნას“ მენეჯერმა ნატა ხარაშვილმა აღნიშნა, რომ წელს წლის სიმღერასთან ერთად, კომპეტენტური ჟიური შეარჩევს გამარჯვებულებს შემდეგ ნომინაციებში: წლის მომღერალი ქალი, წლის მომღერალი მამაკაცი, წლის დუეტი, წლის ჯგუფი, წლის ანსამბლი, წლის პოპსიმღერა, წლის ქალაქური სიმღერა, წლის დებიუტი, წლის აღმოჩენა, ჯილდო მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. გარდა ამისა, რადიოსადგურები „ფორტუნა“, „ფორტუნა პლუსი“, „არ დაიდარდო“ და „ავტორადიო“, ასევე ტელეკომპანია „მიუზიკბოქსი“, საკუთარ რჩეულებს დაასახელებენ. ინტერნეტ-გამოკითხვის შედეგად გამოვლინდება ხალხის რჩეული.
„ოქროს ტალღა 2014“-ის გამარჯვებული ანრი ჯოხაძე თვლის, რომ კონკურსი საუკეთესო საშუალებაა მომღერლების, მუსიკოსების მხარდასაჭერად. „ნომინანტებს შორის საკუთარი თავის აღმოჩენა ძალიან სასიამოვნო იყო, გამარჯვებას არ ველოდი და ძალიან კარგი შეგრძნება იყო. „განა, ყველა ქალი ქალია?!“ წლის ჰიტი ნამდვილად გახლდათ. სასიამოვნოა, როცა პროფესიონალი ადამიანებისგან დაკომპლექტებული ჟიური აფასებს შენს ნაშრომს“, – აღნიშნა ანრი ჯოხაძემ.
მისივე თქმით, „ოქროს ტალღა“ სწორ რელსებზე დგას, რადგან ამ მუსიკალურ კონკურსს რადიოჰოლდინგი ატარებს. ფულადი ჯილდო 5000 ლარი, რასაკვირველია, გამარჯვებულისთვის დიდი სტიმულია. მიხარია, რომ რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ ქართველ მუსიკოსებს ახალისებს“.

FB კომენტარები

კომენტარი