“ნუ სთავაზობთ ნაირ-ნაირ საკვებს და ნუ აქცევთ კვებას დრამად” – მშობლის ჩვევები, რომლებიც “უჭმელ” ბავშვებს საკვების მიმართ პროტესტს უძლიერებს

კვებითი ნეოფობია – ახალი საკვების მიმართ პროტესტი – არ არის ბოლომდე შესწავლილი ფენომენი. შესაძლოა, ეს დამცავი მექანიზმია, რომელიც ჩვენს გამოქვაბულის წინაპრებს დაეხმარა, არ მოწამლულიყვნენ უცნობი საკვებით.

თუმცა მშობლებისთვის ეს დიდი გამოწვევაა – ასეთმა ფობიამ ბავშვი შეიძლება აუცილებელი საკვები ნივთიერებების გარეშე დატოვოს. როგორ მოვძებნოთ კომპრომისი ასეთ სიტუაციაში, გთავაზობთ რამდენიმე რჩევას.

ნუ აქცევთ კვების პროცესს დრამად
კვება მშვიდ გარემოში უნდა მიმდინარეობდეს (ან სულ მცირე ნეიტრალურ გარემოში – იძულების გარეშე ჭამა ან კომენტარის გაკეთება იმაზე, თუ რა ჭამეთ, გამორიცხულია). რაც მეტი აურზაური, ყურადღება, ზეწოლაა, მით უფრო პრობლემურია ბავშვის კვებითი ქცევა.

უბრალოდ ჭამეთ ერთად და კვება არ აქციოთ ცალკე მისიად. ოჯახური კვება ჯანსაღი კვების ქცევის მოდელირებისთვის გამოიყენეთ.

თუ ბავშვი უარს იტყვის იმაზე, რაც მთელი ოჯახისთვის მოამზადეთ, ნუ ეცდებით ახალი მენიუს შეთავაზებას. ეს მხოლოდ ხელს შეუწყობს შერჩევით კვებას. ეცადეთ, ოჯახურ კვებაში მინიმუმ ერთი საკვები ჩართოთ, რომელიც ბავშვს უყვარს და განაგრძეთ ბალანსებული მენიუს შეთავაზება იმიმს მიუხედავად, მიირთმევს თუ არა მას.

დაგეგმეთ კვება
საუზმე, ლანჩი და ვახშამი ყოველდღე უნდა დაიგეგმოს დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. ერთი და იგივე ოთახი, მაგიდა, ჭურჭელი, ტელევიზორის მსგავსი ყურადღების გასაფანტი ფაქტორების გარეშე – ყველაფერმა კვების განწყობა უნდა შექმნას.

პატარა ბავშვი მცირე ულუფებით ჭამს, ამიტომ გრაფიკში დაბალკალორიული წასახემსებელი თამამად დაამატეთ. დანარჩენ კვებასთან ერთად შეგიძლიათ წვენი ან რძის პროდუქტები შესთავაზოთ, მაგრამ კვებათა შორის მხოლოდ წყალს უნდა სვამდეს. ამ დროს “სამზარეულო დახურულია”.
კვება არ უნდა გაგრძელდეს 30 წუთზე მეტ ხანს. აიღეთ საკვები ზედმეტი კომენტარების გარეშე.

იყავით მომთმენი ახალი პროდუქტების მიმართ
შექმენით კვების ჯაჭვები – უცნობ ან ნაკლებად საყვარელ პროდუქტს ნაცნობ ან სასურველ პროდუქტთან აწყვილებენ. სხვადასხვა კვლევების მიხედვით, ბავშვმა რომ მიიღოს ახალი საკვები, 10-20-ჯერ უნდა შევთავაზოთ.

საკვების გაცნობა – როცა ბავშვი ყნოსავს, სინჯავს საჭმელს და შემდეგ უკან ყრის – ახლის მიღების ბუნებრივი ეტაპია. სენსორული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის განსხვავებული ტექსტურა და გემოვნება, თუნდაც საკვები ხელით და ენით მოსინჯოს, უკვე წინ გადადგმმული ნაბიჯია.
შესთავაზეთ კაშკაშა ფერის საკვები, საკვები, რომლის ჭამა შეიძლება ხელით. ბავშვები უფრო მგრძნობიარენი არიან საკვების ტემპერატურის მიმართ – შესთავაზეთ თბილი, ვიდრე ცხელი ან ძალიან ცივი საკვები.

პატივი ეცით თქვენი შვილის მადას
თუ თქვენი შვილი არ არის მშიერი, ნუ აიძულებთ, ჭამოს. ასევე, ნუ მოისყიდით თქვენს შვილს და არ აიძულოთ მას გარკვეული საკვების ჭამა. ეს მხოლოდ გააძლიერებს ბრძოლას საკვებზე ძალაუფლებისთვის, მაგრამ მომავალში შეიძლება ხელი შეუშალოს შიმშილისა და დანაყრების სიგნალების ადეკვატურად აღქმის უნარს.
შესთავაზეთ საჭმელი მცირე ულუფებით და მიეცით შესაძლებლობა, თავისით მოითხოვოს მეტი. ბავშვებსაც და მოზრდილებსაც შეუძლიათ არასაყვარელი კერძები ჰქონდეთ. დაიმახსოვრეთ, რომ არ არსებობს საკვები, რომელიც აბსოლუტურად აუცილებელია: ერთი და იგივე ჯგუფის საკვები ურთიერთშემცვლელია.

უსასრულო არჩევანი არ დაგვეხმარება.
მშობლები პასუხისმგებელნი არიან იმაზე, თუ რას, როდის და სად ჭამენ მათი შვილები. ბავშვი პასუხისმგებელია იმაზე, თუ რამდენს შეჭამს.
საკმაოდ მაცდურია ვკითხო ბავშვს, რისი ჭამა ურჩევნია. მაგრამ, სავარაუდოდ, ბავშვმა უბრალოდ, არ იცის, რა სურს და, შესაბამისად, უარს იტყვის თქვენს ყველა შეთავაზებაზე.
გადაწყვეტილების მიღება, თუ რა შეიძინოთ და მოამზადოთ, მშობლის პასუხისმგებლობაა.

დაუკავშირდით სპეციალისტს
როდესაც ბავშვი ჯანმრთელია, აქტიურია, ვითარდება ასაკის მიხედვით, წონა და სიმაღლე ასაკობრივად ნორმის დიაპაზონშია, არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ის არ იღებს საკმარის საკვებს. უპირველეს ყოვლისა, კვების დღიურის დახმარებით ეცადეთ დააკვირდეთ, რამდენად სრულყოფილი და მრავალფეროვანია მისი ყოველკვირეული მენიუ.
თუ მაინც გაწუხებთ თქვენი ბავშვის კვება და კვებითი ქცევა, ექიმს გაესაუბრეთ. მიზეზები, რის გამოც ჯანმრთელი ბავშვები შეზღუდული ასორტიმენტით იკვებებიან, მათი გენეტიკური და ასაკთან დაკავშირებული მახასიათებლებია, საკვების სენსორული აღქმა და ზოგჯერ ღეჭვის ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები.
პედიატრს ან დიეტოლოგს, რომელიც კარგად იცნობს ბავშვთა კვების დარღვევების შესახებ საერთაშორისო გაიდლაინებს, შეუძლია დაგეხმაროთ და სწორი მიმართულება მოგცეთ.

წყარო:  https://mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები