ნორმალური სექსი და ნორმა სექსში

1247
SHARE

ისევე როგორც სხვა მეცნიერებებში, მედიცინაშიც შეიძლება ყველაფერი იყოს დათვლილი, განსაზღვრული, გაზომილი, უფრო მეტიც – შეიძლება ჩამოყალიბებული იყოს ნორმა და პათოლოგია. ჩვენ ვიცით სისხლისა და შარდის, შაქრის, არტერიული წნევისა და ქოლესტერინის ნორმები… მაგრამ სექსში ყველაფერი სხვაგვარადაა. არ არსებობს ზუსტი პასუხი იმაზე, რა ზომის უნდა იყოს მამაკაცის სასქესო ასო, რომ ქალი დააკმაყოფილოს, ან რამდენ ხანს უნდა გრძელდებოდეს სქესობრივი აქტი, რომ ორივე პარტნიორმა მიაღწიოს ორგაზმს, ან შეიძლება თუ არა საწოლში ექსპერიმენტების ჩატარება.

თუ ჯანმრთელობა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, გულისხმობს ტრავმების, დაზიანებებისა და დაავადებების არარსებობას, მაშინ “სქესობრივი ჯანმრთელობა” იმ ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ადაპტაციის კომპლექსია, რომელთაც დიდი გავლენა აქვთ ნორმალურ სქესობრივ ურთიერთობაზე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, შესაძლოა, ადამიანს არ ჰქონდეს არავითარი დაავადება და ფიზიკური დაზიანება, მაგრამ თვითრწმენის უქონლობამ საწოლში ფიასკო გამოიწვიოს.
დამტკიცებულია, რომ სქესობრივ ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს: ცხოვრების ჯანსაღი წესი (2%), ეკოლოგია (10%), ქალის მიერ ინიციატივის გამოჩენა (20%), ლომის წილი (50%) კი გენეტიკაზე მოდის. იმის გასარკვევად, რა არის სქესობრივ ურთიერთობაში ნორმა და რა – პათოლოგია, უნდა გავეცნოთ სქესობრივი კონსტიტუციის (ადამიანის სქესობრივი აქტიურობის მაჩვენებელი) ცნებას. მაგალითად, თქვენ კვირაში 3-ჯერ გაქვთ სექსი, ხოლო თქვენს ნაცნობს, რომელიც თქვენზე უფროსია – დღეში 2-3-ჯერ. რატომ?

საქმე ის არის, რომ ყველა მამაკაცს და ქალს აქვს საკუთარი, ინდივიდუალური, გენეტიკურად განსაზღვრული სქესობრივი აქტიურობა, რომელიც, პირველ რიგში, დამოკიდებულია გენეტიკაზე, ზრდისა და განვითარების პირობებზე. სქესობრივი აქტიურობის მიხედვით ადამიანები სამ კატეგორიად იყოფიან: ძლიერად, საშუალოდ და სუსტად. ამავე დროს, ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს სქესობრივი კონსტიტუცია და სქესობრივი ტემპერამენტი. პირველი გენურ დონეზე კოდირებული სქესობრივი შესაძლებლობაა, მეორე კი სექსის სურვილი. მაგალითად, კავკასიის ტემპერამენტიან მკვიდრს შესაძლოა სულაც არ ჰქონდეს ძლიერი სქესობრივი კონსტიტუცია, ხოლო ბალტიისპირელი, რომელიც ტემპერამენტით არ გამოირჩევა, საუკეთესო საყვარელი იყოს.

“ნორმალური სექსი” და “ნორმა სექსში”, ცოტა არ იყოს, უცნაურად ჟღერს, რადგან სქესობრივ პარტნიორებს შორის ურთიერთობის დროს ნორმა აბსტრაქტული, სუბიექტური ან საერთოდ პირობითი ცნებაა. ასე მიაჩნიათ სექსოლოგებს. სწორედ მათ დაამკვიდრეს “სექსის პარტნიორული ნორმის” გაგება. ის ადამიანის ცხოვრებაში სქესობრივი აქტის სიხშირისა და ხანგრძლივობის, ასევე საწოლში ექსპერიმენტების კრიტერიუმად ითვლება.

ექსპერიმენტები საწოლში მაშ ასე, რა არის ნორმალური სექსი და პარტნიორების ნორმა სექსში და, საერთოდ, რატომ იბადება მსგავსი კითხვები? მიზეზი მარტივია. ერთი მხრივ, სექსი ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთ მეტად მნიშვნელოვან კომპონენტად მიიჩნევა, მეორე მხრივ, ეს ყოველდღიურობის ის ასპექტია, რომელიც არათუ ღიად არ განიხილება, არამედ სრულიად დახურულია, ანუ ჩვენი წარმოდგენები სხვის ცხოვრებაში არსებულ სექსზე მიახლოებითი და პირობითია, ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენთვის ძნელია, სხვას შევადაროთ თავი.
ადამიანს მიდრეკილება აქვს შედარებებისკენ, ჩვენ ვხედავთ, როგორ იცვამენ ჩვენი ქალაქის სხვა მაცხოვრებლები, როგორი მანქანა ჰყავს მეზობელს, ბევრჯერ გვინახავს, როგორ ეხვევიან ან კოცნიან ერთმანეთს ჩვენთვის სრულიად უცნობი ადამიანები, მაგრამ საწოლში ქცევას შევიგრძნობთ მხოლოდ მაშინ, როდესაც სიტუაციის უშუალო მონაწილენი ვართ. დიახ, სქესობრივმა რევოლუციამ მოიტანა გულახდილი ლიტერატურა, ეროტიკა კინოსა თუ ხელოვნების სხვა დარგებში, პორნომ ბობოქარი ფანტაზიის საზღვრები გააფართოვა, თუმცა იმავე სქესობრივმა რევოლუციამ ახალი კლიშეებისა და სტერეოტიპების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი და ამით არაიდეალური გარეგნობისა თუ უარყოფითი ასოციაციების კომპლექსები წარმოშვა. ეს უკანასკნელი ხშირად იმ შესაძლებლობათა გამომჟღავნებას უშლის ხელს, რომლის დროსაც დაშვებულია “სხვანაირი” სექსი. საკუთარ სქესობრივ გამოცდილებაზე ლაპარაკი, და არა აბსტრაქტულ სექსზე, საკმაოდ რთულია.

თვით პარტნიორთან საუბრის დროსაც კი ადამიანები ან მეტისმეტად მორცხვობენ, ან, პირიქით, საკუთარ შესაძლებლობებს აზვიადებენ იმ კუთხით, რომელიც მათ უფრო იდეალურად მიაჩნიათ. ადამიანებს ყველაზე მეტად იმისა ეშინიათ, რომ სწორად ვერ გაუგებენ, რაც აიძულებთ, ეძებონ სქესობრივი ნორმების განსაზღვრება. ამასთან, ნორმალური სექსი ხშირად განიხილება როგორც “უფრო მეტად გავრცელებული” და არა როგორც ნორმალური თუ არანორმალური. მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ არანორმალურად და ამორალურად ითვლებოდა ვიბრატორები და ქორწინებამდე სექსი, მასტურბაციას საშიში დაავადების სტატუსი ჰქონდა და მის შესახებ სამედიცინო ენციკლოპედიებშიც კი იწერებოდა, ხოლო ქალი, რომელიც ორალური თუ ანალური სექსით მიიღებდა სიამოვნებას, საშიშ გამონაკლისად მიიჩნეოდა. იმ წყვილებისთვის, რომლებსაც სექსში ნორმების საკითხი არ ადარდებთ და ამავე დროს ერთმანეთთან სრულ ჰარმონიაში იმყოფებიან, სექსი წარმოდგენების კატეგორიიდან სიამოვნების მიღების საშუალებათა კატეგორიაში გადადის. სექსის პარტნიორული ნორმა ორივე მონაწილისთვის მისაღები და სასიამოვნო სქესობრივი ქმედებაა. ამგვარად არც ერთი პარტნიორი თავს უფლებას არ აძლევს გააკეთოს ის, რაც მის პარტნიორს არ ესიამოვნება და, ამასთან, არ აკეთებს იმას, რაც თავად მისთვის იქნებოდა უსიამოვნო. ამ შემთხვევაში “ნორმალური” შეიძლება იყოს როგორც ტრადიციული, ასევე არატრადიციული სექსი, ნებისმიერი საქციელი, ნებისმიერი ჩაცმულობა თუ აქსესუარი, ნებისმიერი სათამაშო როლი.

სქესობრივი ექსპერიმენტების ინიციატორები უმეტესად მამაკაცები არიან. სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ქალების მხოლოდ 67%-ია მზად ექსპერიმენტისთვის, ოღონდ ერთი პირობით: ყველაფერი მათი, ქალების სცენარით უნდა მოხდეს. ნორმალურია თუ არა სექსი, ეს მამაკაცებზე მეტად ქალებს აღელვებთ, ამიტომ ემოციური და მგრძნობიარე ქალები, რომელთაც გარკვეული კომპლექსები და მორალურ-ფსიქოლოგიური ჩარჩოები ახასიათებთ (რა თქმა უნდა, კარგი გაგებით), “კონტროლირებად სიახლოვეს” ამჯობინებენ. საქმე ის არის, რომ სექსში ნორმების ერთადერთი რეალური დამწესებელი ჩვენი ტვინია. სწორედ ის არის ადამიანის მთავარი სქესობრივი ორგანო, რომელიც განსაზღვრავს ამა თუ იმ სქესობრივი ქმედების მისაღებობას თუ მიუღებლობას, რასაც, თავის მხრივ, ნერვული დაბოლოებების, მათ შორის – ეროგენული ზონების, ბლოკირებისკენ ან გახსნისკენ მივყავართ. სქესობრივი მადის მატება-კლება ჰორმონების საშუალებით ხდება. ტესტოსტერონის მაღალი დონე მამაკაცს სქესობრივი სიახლოვისკენ უფრო ხშირად უბიძგებს, ქალის სქესობრივი ცხოვრება კი უშუალოდ უკავშირდება არა ფიზიოლოგიურ სურვილებსა და მოთხოვნილებებს, არამედ სიტუაციის ემოციურ მხარეს, ამიტომ ქალისთვის ნორმალური სექსი უფრო მომწიფებული, ჩამოყალიბებული, სერიოზული და მშვიდია, ვიდრე მამაკაცი-ექსპერიმენტატორისთვის, რომელსაც სექსთან ერთად უფრო ორიგინალური მიდგომებიც სწყურია, უფრთხის ერთფეროვნებას და ამიტომ ქვეცნობიერად განდევნის საკუთარი გონებიდან ყოველგვარ სქესობრივ ტაბუს.

ხანგრძლივობა
სექსის ნორმალური ხანგრძლივობა, ისევე როგორც სქესობრივი ცხოვრების სხვა ასპექტები, შეფასებულ უნდა იქნეს იმ კუთხით, როგორ კმაყოფილებას იღებთ თქვენ და თქვენი პარტნიორი და არა ქვემოთ მოყვანილი ციფრებით, მაშასადამე, თუ თქვენს ურთიერთობაში ყველაფერი რიგზეა, თუ სქესობრივი სიახლოვე ორივე პარტნიორს კმაყოფილებას ანიჭებს, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ ხანს გრძელდება სქესობრივი აქტი და პირიქით – თუ რომელიმე პარტნიორი დაუკმაყოფილებელი რჩება, სასურველია ქმედებების კორექტირება ან ექიმთან ვიზიტი. გამოკვლევების თანახმად, სექსი, რომელსაც უფრო მეტი სიამოვნება მოაქვს და დამაკმაყოფილებლად ითვლება, 7-13 წუთს გრძელდება. ათვლის წერტილი შეღწევის მომენტია, ხოლო სასრულ წერტილად მამაკაცის ორგაზმი მიიჩნევა. სექსოლოგების სხვა ჯგუფმა გამოკითხვის შედეგების საფუძველზე შექმნა სქესობრივი სიახლოვის ხანგრძლივობის შემდეგი სკალა: საკმაოდ სწრაფი – 1-2 წუთი, ნორმალური – 3-7 წუთი, სასურველი – 7-13 წუთი, ხანგრძლივი – 10-30 წუთი. საინტერესოა, რომ სექსის ნორმალური ხანგრძლივობის თაობაზე ქალებისა და მამაკაცების აზრი ერთმანეთისგან პრაქტიკულად არ განსხვავდება, ისევე როგორც ის თვალთახედვა, რომ ასაკს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. სხვათა შორის, სექსის ნორმალური ხანგრძლივობა დაკავშირებულია არა ადამიანის შესაძლებლობებთან, არამედ მის სურვილებთან. “ზე” არ არის საჭირო. თუ მამაკაცი, თავისივე და პარტნიორის შეფასებით, მეტისმეტად სწრაფად აღწევს ორგაზმს, აუცილებელია მიზეზის გარკვევა (ფსიქოლოგიური ან ფიზიკური დაღლილობა, ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა) ექიმის დახმარებით, რათა დროულად შეირჩეს მდგომარეობის გამოსწორების მეთოდიკა.

სიხშირე
სექსის სიხშირესთან დაკავშირებულ კითხვაზე ვუდი ალენის ფილმი “ენი ჰოლი” გამახსენდა, სადაც სექსოლოგი ცოლ-ქმარს ერთი და იმავე კითხვით მიმართავს: რამდენად ხშირია მათ შორის სქესობრივი სიახლოვე. პასუხები ერთნაირია და იმავდროულად სხვადასხვა; ცოლი ამბობს, რომ ეს მეტისმეტად ხშირად ხდება – კვირაში სამჯერ, ქმარი კი პასუხობს, რომ იშვიათად – კვირაში სულ რაღაც სამჯერ. ერთი სიტყვით, სექსის ნორმალური სიხშირე, ისევე როგორც მისი ხანგრძლივობა, ორივე პარტნიორის სურვილითა და შესაძლებლობებით განისაზღვრება. არის კვირაში ერთხელ და ამით ორივე პარტნიორი კმაყოფილია? – ეს მათთვის ნორმაა. არის კვირაში სამჯერ და ორივე პარტნიორი კმაყოფილია? – ეს მათთვის ნორმაა. არის ყოველდღე და ორივე პარტნიორი კმაყოფილია? – ეს მათთვის ნორმაა. არის თვეში ერთხელ და ორივე პარტნიორი კმაყოფილია? – ეს მათთვის ნორმაა. დაბოლოს, სექსი მათი პირადი საქმეა, ვინც მასში მონაწილეობს და ბუნებრივია, არ უნდა გაღელვებდეთ, რამდენად ნორმალურად გამოიყურება სხვის თვალში  საწოლ ოთახში თქვენი ქცევა. კითხვა, ნორმალურია თუ არა ასეთი სექსი, თვითრწმენის ნაკლებობაზე მეტყველებს. ნორმალური სექსის აუცილებელი პირობაა საკუთარი თავის მიღება და გაცნობიერება. ნორმალურია თუ არა თქვენი სქესობრივი ცხოვრება თქვენს პარტნიორთან, ესეც მხოლოდ თქვენ უნდა განსაჯოთ. მთავარია, ყოველგვარი შიშისა და კომპლექსის გარეშე გახსნა ისწავლოთ.

წყარო: www.mkurnali.ge

FB კომენტარები

კომენტარი