ნობელის პრემია მიიღო მეცნიერმა, რომელმაც შემოსავლებსა და ბედნიერებას შორის კავშირი დაადგინა

47
SHARE

ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია ენგუს დიტონმა მიიღო. ენგუს დიტონი პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორია და პრემია მან „მომხმარებლობის, სიღარიბისა და კეთილდღეობის ანალიზისთვის“ მიიღო.
შვედეთის მეცნიერების სამეფო აკადემიის აზრით დიტონის შრომები გვეხმარება უკეთ გავიგოთ როგორ იღებენ რიგითი მომხმარებლები შემოსავლის განაწილების გადაწყვეტილებას და ის თუ როგორი დამოკიდებულებაა მოთხოვნას, ამა თუ იმ პროდუქტის ფასსა და მომხმარებლის შემოსავლის დონეს შორის.
დიტონის მიერ ჯერ კიდევ 1980-იან წლებში შემუშავებული მეთოდი სტანდარტულ ინსტრუმენტს წარმოადგენს როგორც ეკონომიკურ თეორიაში, ისე პრაქტიკაში. დიტონმა ამ დროისთვის ბოლო ნაშრომი „დიდი გაქცევა: ჯანმრთელობა, სიმდიდრე და უთანასწორობის წარმოშობა“ 2013 წელს გამოაქვეყნა.
„დიდ გაქცევაში“ იგულისხმება სიღარიბისგან „გაქცევა“. 2010 წელს დიტონმა თანაავტორებთან ერთად გამოაქვეყნა კვლევა, სადაც მტკიცდებოდა კავშირი შემოსავალსა და ბედნიერების განცდას შორის. ავტორების დასკვნით, ის ამერიკელები გრძნობენ თავს უფრო ბედნიერად, რომლებიც წელიწადში დაახლოებით 75 ათას დოლარს გამოიმუშავებენ.
აღმოჩნდა, რომ ცხოვრებისეული პრობლემების მოსაგვარებლად წელიწადში 75 ათასი, ანუ თვეში 6250 დოლარი საკმარისია.
კვლევის ავტორები ეკონომისტი ანგუს დიტონი და ფსიქოლოგი დენიელ დანამენი აღნიშნავენ, რომ თანხის სწორედ ეს ოდენობაა ბედნიერების განმსაზღვრელი, რადგან თუკი ადამიანი ნაკლებს გამოიმუშავებს, ცხოვრებისეულ სირთულეებსა და კონფლიქტებს ძნელად უმკლავდება. აღსანიშნავია, რომ თუ ადამიანს წელიწადში 75 ათასზე მეტი აქვს, ეს კმაყოფილებისა და ბედნიერების განცდას აღარ აძლიერებს.
კვლევაში მონაწილეობა 450 ათასმა ამერიკელმა მიიღო. გამოკითხულთა 85% აცხადებს, რომ დილით საუკეთესო განწყობაზე იღვიძებს მიუხედავად იმისა, რამდენს უხდიან. სტრესულ მდგომარეობაში 24% იმყოფება, ასევე 24%-მა აღიარა, რომ დეპრესიაშია.
აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 51%-ს, რომლებიც თვეში ათას დოლარზე ნაკლებს გამოიმუშავებენ, მეუღლესთან განქორწინების საშიშროება აფიქრებთ.
კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ფული ბედნიერებასთან არაპირდაპირ კავშირშია: “მაღალი შემოსავალი ვერ გაგაბედნიერებთ, მაგრამ ცხოვრების ისეთ პირობებს შეგიქმნით, რომელსაც ბედნიერებად ჩათვლით,” – წერია მეცნიერთა დასკვნაში.
ამ დროისთვის ენგუს დიტონი დაკავებულია „იმ ფაქტორების კვლევით, რომლებიც განსაზღვრავენ ჯანმრთელობის ხარისხს მდიდარ და ღარიბ ქვეყნებში და სიღარიბის კვლევით ინდოეთსა და მთელ მსოფლიოში“.

rbc.ru

Comments

comments