ნიკა ჭავჭავაძე ანდორას პრემიერ მინისტრზე ქორწინდება – „მოკვლით მემუქრებიან“

3522
SHARE

„სხვა რაკურსის“ ყოფილი ჟურნალისტი, ნიკა ჭავჭავაძე სოციალურ ქსელში ბოიფრენდთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. ნიკას სექსუალური ორიენტაცია ყოველთვის განსჯის საგანი იყო ბომონდურ კულუარებში, თუმცა ამ დრომდე ჟურნალისტს ამის შესახებ განცხადება საჯაროდ არ გაუკეთებია. ჩვენ ნიკას დავუკავშირდით და ფოტოზე აღბეჭდილი მამაკაცის ვინაობა ვკითხეთ.

– ნიკა, ვინ არის შენი რჩეული?

– პერე ლოპეს-აგრასი ანდორას პრემიერ მინისტრია. პირველი პირია თავის ქვეყანაში, იმიტომ რომ პრეზიდენტი არ ჰყავთ.

– როგორ გაიცანი?

– 2015 წელს საქართველოში იყო ჩამოსული ერთ-ერთ კონგრესზე. მეც ვესწრებოდი ამ შეხვედრას როგორც ჟურნალისტი. დახმარება სჭირდებოდა, ჟურნალისტს რაღაცას ვერ აგებინებდა, ცოტა ესპანური მესმის და დავეხმარე. მაშინ გამოველაპარაკეთ ერთმანეთს, საღამოს ყავაზე დამპატიჟა და ასე დაიწყო.

– იმ საღამოსვე გაარკვიეთ ერთმანეთის ორიენტაციის შესახებ?

– თქმა რა საჭირო იყო, მივხვდით ორივე. 5 დღეს ვიყავით ერთად. ფოტო რომ მიდევს, ხელზე რომ მკოცნის, ჰოლიდეინშია გადაღებული. ამ სასტუმროში იყო გაჩერებული და მეც მასთან ერთად ვცხოვრობდი. მერე წავიდა. ურთიერთობა სოციალური ქსელით გავაგრძელეთ. დიდხანს ვერ გაძლო უჩემოდ, ერთ თვეში ისევ ჩამოვიდა. 2 წლის განმავლობაში გვქონდა „ლავ სთორი“. ბოლო ერთი წელია რაც სერიოზულ ფაზაში გადავიდა ჩვენი ურთიერთობა. პირველი ერთი წელი, თავს ვიკავებდი, ვფიქრობდი რომ უცხოელს ვერ დავუკავშირებდი ჩემს ცხოვრებას. ისეთ ჰომოფობიურ გარემოში გვიწევს საქართველოში ცხოვრება, ვერ წარმომედგინა რომ შევძლებდი და ამ ამბავს გავახმაურებდი საერთოდ. ვერ წარმოვიდგენდი რომ ასე გამიმართლებდა, შემიყვარებდა ქვეყნის პრემიერ მინისტრი, თან ისეთი ქვეყნის, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება დაშვებულია.

– რას აპირებთ?

– თავის დროზე რომ გადამეწყვიტა, ახლა უკვე დაქორწინებულები ვიქნებოდით, მაგრამ რატომღაც თავი შევიკავე. თან რაც მოხდა ამ ყველაფრის შემდეგ, რა გამოხმაურებაც მოჰყვა ჩემს გადაწყვეტილებას…

– ხომ იცოდი რომ ეს რეაქცია იქნებოდა, შენ ხომ შეგნებულად გამოიწვიე ხალხი როცა ეს ფოტოები გამოაქვეყნე….

– მე ფოტოები ჩემი მეგობრებისთვის დავდე და არა მასისთვის. ზოგიერთმა საიტებმა დაწერეს, რომ გავთხოვდი. ვერ წარმოიდგენთ რა ხდებოდა, წუხელ ღამის 5 საათამდე ჩემი ტელეფონი არ გაჩერებულა.

– რა რეაქცია აქვთ ამ ყველაფერზე ოჯახის წევრებს, მეგობრებს?

– გუშინდელი ღამე ძალიან რთული იყო ჩემთვის. ცალკე ჟურნალისტები მირეკვდნენ და ცალკე ფეისბუქმომხმარებელი მლანძღავდა.

– ხომ არ შეეშინდა ამ რეაქციის შენს ბოიფრენდს?

– არ მითქვამს. არ მინდა ნახოს ეს კომენტარები, იმედია არ თარგმნის. მოკვლით მემუქრებიან. ახლა ბათუმში ვარ და თბილისში რომ ჩამოვალ, ამ ყველაფერს სამართლებრივ სახეს მივცემ. ადამიანები ჩემი მკვლელობის სცენებს გეგმავენ. სანამ მკვლელობა მოხდება მანამდე უნდა მოხდეს მისი პრევენცია. ეს რომ პერემ გაიგოს, ჯერ ინერვიულებს და მერე წარმოდგენა დაეკარგება ჩვენს ქვეყანაზე, რომ ასეთი ჰომოფობები ცხოვრობენ. მკვლელობის მუქარას ნამდვილად არ ველოდი. დავფიქრდი, მიღირდა თუ არა ამ ფოტოს დადება. მაქსიმალურად შევეცდები ეს ყველაფერი მის ყურამდე არ მივიდეს.

– ნიკა მზად ხარ სიყვარულისთვის ოჯახიც შექმნა?

– აქეთ მიდის ყველაფერი. ვფიქრობ ეს აგრესია უფრო დააჩქარებს ამ პროცესს.

– სად იცხოვრებთ ამაზე ისაუბრეთ?

– მასთან ანდორაში. ძალიან ახლოს არის ბარსელონასთან.

– შვილებზეც ილაპარაკეთ?

– ჯერ 22 წლის ვარ, თვითონ უნდა გავიზარდო.

– თავად რამდენი წლის არის?

– ამას არ ვიტყვი. 40 წლის არ არის, მაგრამ ჩემზე ასაკით უფროსია. მანამდე ქორწინებაში იყო ქალთან, 2 შვილი ჰყავს. უკვე ათი წელია მეუღლესთან დაშორებულია.

– გამოდის, თუ დაქორწინდებით, ანდორას პირველი ლედი იქნები…

– (იცინის) არა, პირველი ლედი ქალია, მე პირველი პირის მეორე ნახევარი ვიქნები.

– ბედნიერებას გისურვებ.

– მადლობა

ნინო მჭედლიშვილი

წყარო: http://primetime.ge/

Comments

comments