ნიკა გვარამიას შეფასება და ატირებული თიკა ბალანჩინი

385
SHARE

საინტერესო გარეგნობის, 18 წლის თიკა ბალანჩინი მაყურებელმა „X ფაქტორის“ წინა სეზონიდან გაიცნო. სცენაზე მის გამოსვლას პირველად ნინა სუბლატი გამოეხმაურა: „თიკას დიდი ხანია, ვიცნობ, ერთად ვსწავლობდით, თუმცა რამდენიმე წელია, მასთან შეხება არ მქონია“.
წინა სეზონზე თიკა ბალანჩინის მონაწილეობა გიორგი გაბუნიამაც გაიხსენა და სტეფანე, რომელსაც ჟიურიში ერთად ყოფნისას გამუდმებით ეპაექრებოდა, არც ახალ სეზონზე დაინდო: „კარგად მახსოვს, სტეფანემ თიკა სკამიდან როგორ ააგდო“.

თუმცა, როგორც ჩანს, თიკა პროექტში დიდი იმედებით დაბრუნდა.
„X ფაქტორის“ გამოცდილმა მონაწილემ ამჯერად ორი უცხოური სიმღერა შეასრულა.
„შეკითხვები დამრჩა, მგონია, რომ სმენასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ. ამიტომ გადაწყვეტილების მიღებაში რომ დამეხმარო, საქართველოს ჰიმნიდან ერთი სტროფი მაინც იმღერე“, – მიმართა ნიკა გვარამიამ კონკურსანტს. თიკა ბალანჩინმა საქართველოს ჰიმნი იმღერა. დასასრულს კი, ჟიურის გადაწყვეტილების გამო, ცრემლები წამოუვიდა…

ატირებულ თიკას კულისებში შევხვდით და რამდენიმე შეკითხვაც დავუსვით.
– თიკა, პროექტში მეორედ მონაწილეობა რატომ გადაწყვიტეთ?
– „X ფაქტორში“ მონაწილეობა პირველად ორი წლის წინათ მივიღე. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ოჯახის წევრებიც და მეგობრებიც მთხოვდნენ, კიდევ ერთხელ მეცადა კონკურსში ბედი. ჩემი გამოსვლით ძალიან უკმაყოფილო ვარ. ვინერვიულე და რაც შემეძლო, იმის ნახევარიც ვერ გავაკეთე. მგონია, რომ ჩემი შესაძლებლობები საერთოდ ვერ გამოვამჟღავნე.
– ამის მიზეზი მხოლოდ ნერვიულობა გგონიათ?
– არ ვიცი… ვინერვიულე კიდეც და ვერც იმას ვიტყვი, რომ პროექტებში დიდი გამოცდილება მაქვს მიღებული, წინა „X ფაქტორზე“ მხოლოდ ორი ტური გავიარე. ორწლიანი პაუზის პერიოდში საკუთარ თავზე საერთოდ არ მიმუშავია და, ალბათ, დღევანდელი გამოსვლაც ამის შედეგია. ზედმეტი ემოციები დამიგროვდა, ვინერვიულე… ორი სიმღერა შევასრულე, მაგრამ მესამეს, თანაც საქართველოს ჰიმნს თუ მამღერებდნენ, ამას არ ველოდი. ალბათ, ძალიან ცუდად შევასრულე. არ ვიცი, ჟიურიმ ამის მიხედვით როგორ შეძლო ჩემი შეფასება. არ მგონია, საქართველოს ჰიმნის შესრულებით მიხვდე, ვინ როგორ მღერის.
– ჟიურის წევრებზე ნაწყენი ხართ?
– არა… თუმცა ნიკა გვარამიამ რომ მითხრა, სმენასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვსო, ყურში ცუდად მომხვდა, რადგან ზუსტად ვიცი, რომ აბსოლუტური სმენა მაქვს და თუ რამე შემეშალა, არ არის გამორიცხული, ტექნიკური გაუმართაობის ბრალი ყოფილიყო, თუმცა ყველაზე მეტად საკუთარ თავს ვადანაშაულებ. ნინა სუბლატი კარგად მიცნობს და ჩემი შესაძლებლობებიც იცის, რადგან ერთ-ერთ სტუდიაში ერთად ვსწავლობდით.

წყარო:http://funtime.ge

FB კომენტარები

კომენტარი