ნივთიერება, რომელიც ქართულ საკვებ პროდუქტებშიც აღმოჩნდა, სიმსივნეს იწვევს – როგორ ამოვიცნოთ ის

233
SHARE

მომხმარებელთა ფედერაციის მიერ გავრცელებულ საგანგაშო მონაცემებს, ქართულ პროდუქტებში, მათ შორის “კულასა” და “მარნეულის” საწებელბში საშიში საღებავის – სუდანის შემცველობის აღმოჩენის შესახებ, პედიატრი, მედიცინის დოქტორი თამარ ობგაიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

– “ყველა საღებავს თავისი ადგილი აქვს – ზოგს საკვებში, ზოგს ტექსტილში, პლასტმასის თუ კოსმეტიკურ მრეწველობაში, ზოგსაც – მედიცინაში.
სუდანი ულამაზესი ფერის საღებავების ჯგუფია. მისი რამდენიმე ფორმა არსებობს. სუდანი I, II, III, IV ისეთი ლამაზი ფერის წითელი საღებავია, აუცილებლად მოგტაცებთ თვალს.
შეიცავს აზოტის ჯგუფს, კარგად იხსნება ცხიმში. სწორედ ამიტომ, მას პლასტმასის, ცვილების, ლაქების, ტექნიკური ზეთების, საღებავების წარმოებაში იყენებენ.
სუდანი გამოიყენება მედიცინაშიც, უჯრედებისა და ქსოვილების მიკროსკოპით შესწავლის მიზნით, მათ შესაღებად.
სუდანს,მისი ძალიან ლამაზი წითელი ფერის გამო, ტექსტილის მრეწველობაში, ზოგჯერ კი კოსმეტიკური საშუალებების წარმოებისას იყენებენ.

და თურმე, არა მხოლოდ.

პირველი სკანდალი 2003 წელს საფრანგეთში აგორდა, როცა ინდოეთიდან შემოტანილი ჩილის სოუსებში სურსათის კონტროლის მესვეურებმა სუდანი აღმოაჩინეს.
ამავე წელს, გაერთიანებული სამეფოს საკვების უვნებლობის სააგენტომ გააკეთა განცხადება, ზოგიერი ჩილის შემცველი პროდუქტის დაბინძურების შესახებ. ამას სავაჭრო ცენტრებიდან 600-მდე საკვები პროდუქტის ამოღება მოჰყვა – მათ შორის იყო მზა სუპების, ჩიფსების, სუნელების, სოუსების სხვადასხვა სახეობები.

შემდეგი სკანდალი 2006 წელს ჩინეთში აგორდა, სადაც სუდანი იხვის, ქათმის ხორცსა და კვერცხში აღმოაჩინეს. როგორც ჩანს, კვერცხის მწარმოებლებს ძალიან უნდოდათ, თავი მკვეთრი ნარინჯისფერი კვერცხის გულით მოეწონებინათ, რისთვისაც ფრინველს სუდანის შემცველ საკვებს აძლევდნენ.

რა უნდა სუდანს საკვებში?
შესანიშნავი წითელი ფერი, რითაც სუდანი გამოირჩევა, თურმე საკვებ პროდუქტებსაც  ისეთ ფერს , რითაც ის მიმზიდველი ხდება – დახლზეც აუცილებლად შენიშნავთ და სავაჭრო ურიკაშიც სწორედ მას მოათავსებთ.

ამგვარად, მწარმოებლისათვის ეს პროდუქტის პოპულარობისა და გაყიდვების ზრდის მიზეზი ხდება.
სულ ტყუილად დაიწყებთ პროდუქტის ეტიკეტის თვალიერებას – იქ მას, რა თქმა უნდა, ვერ იპოვით. სუდანის გამოყენება საკვები მიზნით ხომ აკრძალულია. ამასთან, სამწუხაროდ, მის არსებობას საკვებ პროდუქტში ვერც სუნით მიხვდებით და ვერც გემოთი.

რეგულაციები
1973 წელს გაეროს საკვებისა და აგიკულტურების ორგანიზაციის FAO/WHO ექსპერტთა ჯგუფმა სუდანის ჯგუფის საღებავები საკვებად უვარგისად ცნო და მისი ამ მიზნით გამოყენება აკრძალა.
1975 წელს კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტომ (IARC) ექპერიმენტული კვლევებით დააგინა, რომ სუდანის კანქვეშ შეყვანა ექსპერიმენტულ თაგვებში სიმსივნურ დაავადებებს იწვევდა, თუმცა მსგავსი დასკვნა ადამიანებზე არ გამოქვეყნებულა.
მეცნიერები თვლიან, რომ სუდანი კანცეროგენული, გენოტოქსიური და ტერატოგენული ეფექტების მქონე ნივთიერებაა. ეს რთული სიტყვები ასე განიმარტება – სუდანის საკვებად გამოყენებას შეუძლია სიმსივნური დაავადებები, გენური მუტაციები გამოიწვიოს, აგრეთვე ნაყოფის სიმახინჯეები, ორსული ქალის მიერ მისი ხშირი გამოყენების შემთხვევაში.

სუდანის გამოყენება საკვებ პროდუქტებში იკრძალება ევროკავშირის ქვეყნებში, აშშ-ში, ჩინეთში, ავსტრალიაში, კანადაში.

როგორ შეიძლება დავიცვათ თავი?
სურსათის კონტროლი სახელმწიფოს საქმეა და ეს რეგულარულად უნდა განხორციელდეს, უნდა გამკაცრდეს სასჯელი არაკეთილსინდისიერი მწარმოებლების მიმართ.
ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია, თავი ავარიდოთ სოუსებს, რომელთაც მკვეთრი, არაბუნებრივი წითელი შეფერილობა აქვთ.
და კიდევ: გახსოვდეთ, ერთჯერადი მიღება ამ მავნე ეფექტებს არ ქმნის. ჯანმრთელობისათვის საშიში შედეგები დგება მაშინ, თუ ჩვენ სუდანის შემცველ საკვებს სისტემატურად გამოვიყენებთ.

FB კომენტარები

კომენტარი