ნენსი სილურჯეთა საოცრებაში

110
SHARE

როგორ დაიწყო ყველაფერი?

დავიბადე… გავიზარდე… და მყავდა მხატვარი ბაბუა, რომელიც თავის დროზე რაღაცებს მასწავლიდა. რასაც ბავშობაში ვხატავდი, დედაჩემს თითქმის ყველაფერი შენახული აქვს. ოჯახში ყოველთვის ამბობდნენ, ეს ბავშვი სამხატვრო აკადემიაში ჩააბარებსო, მაგრამ დადგა ჩაბარების დროც და გადაწყდა, რომ ეს პროფესია ვერ წამადგებოდა მომავალში. იქიდან გამომდინარე, რომ მაინც საქართველოში გვიწევს ცხოვრობა და შეიძლება ვერ განვითარდე. ჩვენი ხელოვნება ხომ, ძირითადად, მშრალი ხიდით შემოიფარგლება. ვიფიქრე, რამე პრაქტიკული პროფესია შემერჩია, ამიტომ ჩავაბარე ილიაუნში, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე. ფაკულტეტის სახელწოდებდან სიტყვა „ხელოვნება“ მომხვდა თვალში, მაგრამ დამხვდა მათემატიკა. მივხვდი, რომ არ ვიყავი იქ, სადაც მინდოდა. სახლში მოვდიოდი და ყოველდღე ვტიროდი.

12031989_615945145212592_5162306826484360809_n

ცოტა ხნით მუშაობა დავიწყე, შევაგროვე ფული და მობილობით სამხატვრო აკადემიაში გადავედი. ვაის გავეყარე და ვუის შევეყარეო, ისე მომივიდა. იქ დამხვდა, არ ვიცი, საშინელება. შევედი თუ არა, დამაწვიმა. ლექტორებიც უხელფასობის გამო, ენთუზიაზმზე მუშაობას არ აპირებდნენ. როცა დამიდეს დამჭკნარი ბროწეული, დოქი, ტილო და საღებავები, ლექტორმაც: „მიდი, დახატე და მე გავედიო“… მადლობა! მაგრამ არ მინდა. ისე გამოვიდა, რომ არაფერი არ დავამთავრე.

ლურჯი სამყარო…

ძალიან მიყვარს ეს სივრცე და ცა! ჩემი პირველი ნახატიც ამ თემაში დავხატე, სადაც კაცი მთვარესთან იყო შეერთებული. თავიდან, ძალიან მრცხვენოდა და არავის არ ვანახვებდი. ჩემთან მოსულმა მეგობარმა შეამჩნია ნახატი და მირჩია, ფეისბუქზე მაინც დამედო. მეც დავდე და ამას მოჰყვა მოწონებები, კომენტარები და მერე მივხვდი, რომ რაღაცას წარმოვადგენდი. იმდენად მომეწონა ლურჯის ხატვა, რომ რა ვიცი…

12108896_615945138545926_7786524574457235531_n

საერთოდ მთელი ცხოვრება წითელი ფერი მიყვარდა… თმაც წითელი მქონდა, ტანსაცმელიც. წითელი ხომ ცოტა აფორიაქებული ფერია.. ერთხელ ვცადე და წითელში დავხატე ერთი ნახატი. დღემდე არ მიყვარს ის ნამუშევარი.

ინსპირაცია…

არასდროს არ ვგეგმავ, რას დავხატავ, თავიდან მაქვს იდეა. ხატვის პროცესში ნელ-ნელა იხვეწება და საბოლოო ნამუშევარი უკვე იმას ჰგავს, რაც მინდოდა, რომ გამოსულიყო. კი ვარ მხატვარი, მაგრამ ხელოვნების დარგში, მუსიკა უფრო მიყვარს, ვიდრე სხვა, რადგან ეს მაძლევს რაღაც ძალას.

ცხოვრებაში მომხდარი მოვლენები, რაც მახარებს ან პირიქით, ძალიან დიდ ინსპირაციას მაძლევს… შეიძლება ცუდად ვიყო, მაგრამ რაღაც პატარა ფურცელს მაინც ვიპოვი დაგროვილი განცდების გამოსაშვებად.

ძალიან ბევრი მეუბნება, რატომ ლურჯი?! მე არ მგონია, რომ რამე სხვა ფერზე გადავალ. არც „ავატარი“ მიყვარდა ისე ძალიან. რომ ლურჯად მეხატა და არც არაფერი. უბრალოდ ლურჯი მაგრად მამშვიდებს და ბევრი ფილოსოფია ამას არ სჭირდება.

რაც ერთხელ მაქვს დახატული, იმას მეორედ აღარ ვუბრუნდები, იმიტომ რომ არც მე მომეწონება და არც ის ემოცია მექნება, რაც მაშინ, ხატვისას მქოდა.

– როგორი განცდაა ხელოვანისთვის საჭირო, რომ ღირებული პროდუქტი შექმნას?

11224767_615945178545922_2964536784647596662_n

-მოჭარბებული ემოციისას, იქნება ეს დადებითი თუ უარყოფითი, სწორედ მაშინ დამიხატავს კარგი ნახატი. თუნდაც ის, რომ საკუთარ თავს ვერ ვპოულობდი და ვიყავი ძალიან ცუდად… მთელი ჩემი ბრაზნარევი ემოცია ჩავდე იმ ნახატში. აი, კარგი ემოცია იყო, როცა ბექა გავიცანი და მაგ დროს დავუხატე ყველაზე მაგარი ნახატი. დადებითი განცდებისას ბევრად კარგი ნამუშევარი გამომდის.

სამუშაო გარემო…

ჩემი სამუშაო გარემო არის ჩემი „ზალა“… როდესაც ვდგავარ ამ ჩემს „ზალაში“ ბოლომდე დასვრილი კომბინეზონით, მეტი არაფერი მინდა. ხატვისას სრულიად გამორთული, იმ სამყაროში შევდივარ, რასაც ვხატავ. მოკლედ ტილოში მიწევს ყოფნა.

-რატომ უნდა მოეწონოს სხვას შენი ნახატი?

ამ ბოლო დროს იმ აზრამდე მივედი, რომ მე ამას ვიმსახურებ, აქამდე ასე არ ვთვლიდი. ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი გაჩნდა, რომელსაც არ მოწონს ჩემი ნახატები. თავიდან „ნეგავიტის“ გამოჩენამ ძალიან „დამგრუზა“. ხშირად უთქვამთ, საბავშვო გასაფერადებლები რომაა, იმ დონეზე ხატავსო, თუმცა ასეთმა კრიტიკულმა დამოკიდებულებამ მიმახვედრა, რომ რაღაც ღირებული გავაკეთე. ქუჩაში ვიღაცები მაჩერებენ და მცნობენ. და კიდევ, ჩემს ნახატებს ვუყურებ და ვხვდები, რომ განვვითარდი, ბევრი რამ ვისწავლე.

Tbilisi Flea Market…

12144926_615945155212591_7168868842279005720_n

 

რასაც ტილოზე ვხატავდი, პარალელურად Photoshop-შიც გადამქონდა. ამოვბეჭდე და ესეთი სახით გავიტანე Flea Market-ზე. კიდევ ერთხელ გატანის შემდეგ, ხალხი ჩემ წინ შეიკრიბა და ელოდებოდნენ, პარკიდან როდის ამოვალაგებდი ჩემს ნამუშევრებს.

გამოფენა…

გამოფენა რომ მომეწყო, ჩემს ბევრ პრინციპს გადავაბიჯე. რაღაც თანხა მქონდა შეგროვებული… მივწერე გალერეებს, მაგრამ მათ დაქირავებას ყველა ჩემი ნახატის გაყიდვაც არ ეყოფოდა და პლუს ამას – ჩემი გაყიდული ნახატების 20%-იც უნდა მიესაკუთრებინათ. მერე ფეისბუქზე დავწერე, რაც მინდოდა. ერთმა გოგომ მომწერა, დღემდე ვიცნობ მას, და მითხრა, რომ პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში შეიძლებოდა გამოფენის მოწყობა. იმდნი ხალხი მოვიდა, მეგონა, ვიღაცის გამოფენაზე ვიყავი, ჩემსაზე კი არა.

თავისუფლება…

12079205_615945158545924_8190268536249369428_n

თავისუფლება პირადად ჩემთვის არის ის, რომ ჩამოვყალიბდი ისეთ ადამიანად, როგორიც მინდოდა, რომ ვყოფილიყავი. ვაკეთებ იმას, რაც მსიამოვნებს და ირგვლივ ის ადამიანები მყავს, რომლებიც მინდა, რომ მყავდეს. ჩემს თავში დარწმუნებული ვარ და ჩემს საქმეს ვაკეთებ. კიდევ უფრო მეტი თავისუფლება იქნებოდა ის, რომ ფულზე არ ვიყო დამოკიდებული. ეს უკვე ოცნების დონეზე მაქვს. დავხატავდი და ვინმეს ვაჩუქებდი ნახატებს.

ოჯახს შევაგნებინე, რომ მე არ მჭირდება დიპლომი და მის გარეშეც შეიძლება ვიყო ბედნიერი. დედაჩემიც ამავე აზრზეა.

ზოგადად, ამ ქვეყანაში ვერ ვარ თავისუფალი, იმიტომ რომ ქუჩაში მოსულმა მესიჯმა და ჩემმა სიცილმა, შეიძლება სხვაში დაბღვერვა გამოიწვიოს, „რა აცინებს ამ გოგოს“, ან რაღაც მსგავსი. აქედან წასვლა ძალიან მინდა. უახლოესი 50 წლის განმავლობაში, არა მგონია, რამე ჩემს საკეთილდღეოდ შეიცვალოს. აქ დიდი ნეგატივია და მე ვამბობ, რომ მაშინ ვხატავ ბევრად კარგად, როცა ჩემში დადებითი ემოციებია. ის მწყინს, რომ ადამიანებს რაღაც ტრაგედია სჭირდებათ იმისთვის, რომ კარგები გახდნენ.

რა არის ხელოვნება?
თავისუფლება!

 

ლექსო მიგრიაული

12143344_615945161879257_882801417527474892_n

FB კომენტარები

კომენტარი