ნაწამები ქუთაისელი ძაღლის ემოციური შვეიცარიული ისტორია – “ქართული” უცხოელებმა “იშვილეს”

106
SHARE

ქუთაისელ ეზოს ძაღლს წამებამ სიკეთე მოუტანა და დაუჯერებელი თავგადასავალი გადახდა. დღეს ის შვეიცარიაში მოსიყვარულე ოჯახსა და ოთხფეხა მეგობრებთან ერთად ცხოვრობს.
ისტორია გასული წლის ოქტომბერში იწყება. ძაღლი შვეიცარიელმა ტურისტებმა – ირინა და ვლადიმერ ზინკოვსკებმა ქუთაისში აღმოაჩინეს და “სა­ქარ­თვე­ლოს ცხო­ველ­თა დაც­ვი­სა და გა­დარ­ჩე­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბის” ტრავმირებული ძაღლების თავშესაფარში მიიყვანეს, – ამის შესახებ ორგანიზაციის ვებგვერდზე ვკითხულობთ.
ძაღლი განსაკუთრებული სისასტიკით იყო ნაწამები: ორგანიზმში დიდი რაოდენობით საფანტი და ტყვიები, ზურგზე კი მდუღარე წყალი ჰქონდა გადასხმული, რომლის ნაიარევი დღემდე ეტყობა.
ტურისტებს ძაღლი პირველივე ნახვის დროს შეუყვარდათ, მას სახელიც კი თემატურად შეურჩიეს – “ქართული”. მათ იმდენად განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ, რომ გადაწყვიტეს, საკუთარ ოჯახში ადგილი მისთვისაც გამოეძებნათ. დახმარებისთვის GSPSA-ს მიმართეს.
“ქართულის” შვეიცარიაში გასამგზავრებელი პროცედურა საკმაოდ დიდხანს, 10 თვეზე მეტ ხანს მიმდინარეობდა. თუმცა მთავარი ბედნიერი დასასრულია, როგორც ირინასა და ვლადიმერისთვის ასევე “ქართულისთვის.”
მიუხედავად გადატანილი სასტიკი მოპყრობის, ბევრი ტკივილისა, “ქართული” მაინც დადებითად არის განწყობილი ადამიანების მიმართ. მას არ დაუკარგავს ის კეთილი თვისებები, რაც აქამდე გააჩნდა.
პირველ აგვისტოს “ქართულის” ქართული ცხოვრება დასრულდა – ტურისტები საქართველოში დაბრუნდნენ და ის ჟენევაში წაიყვანეს.
ახლა “ქართული” შვეიცარიაში ბედნიერად ცხოვრობს, კეთილმოწყობილ გარემოში და პატრონებისგან დიდ სითბოსა და სიყვარულს იღებს.
GSPSA-ს ინფორმაციით, ირინა და ვლადიმირ ზინკოვსკები მათი თავშესაფრის ძაღლების „დისტანციური პატრონები“ არიან და, ასევე, ხელს უწყობენ თავშესაფრის ცხოველებისათვის საკვებითა და უამრავი სხვა საშუალებით მომარაგებას.

 

FB კომენტარები

კომენტარი