ნარკომანის ცოლის აღსარება

121
SHARE

   ჩვენი დღევანდელი რესპონდენტის, 29 წლის სოფიოს სულიერი სიმტკიცე ალბათ ბევრ ქალს შეშურდება. მან სიყვარულის სახელით ურთულეს გამოცდას გაუძლო და ყოფილი ნარკომანის ცოლმა საკუთარი გონიერებით მეუღლეც იხსნა დაღუპვისგან.
– მე და შოთიკომ 4 წლის წინ ვიქორწინეთ. ჩვენ ბავშვობიდან გვიყვარდა ერთმანეთი. მე ქალაქში ვცხოვრობდი, ის სოფელში, ერთმანეთს მხოლოდ ზაფხულობით ვხვდებოდით, თუმცა სიშორე გრძნობებს ვერაფერს აკლებდა. მთელი წელი მასთან შეხვედრაზე ვოცნებობდი. შოთიკო ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი იყო. გადაწყვეტილი გვქონდა, სკოლას დავამთავრებდით თუ არა, გვექორწინა. თუმცა ცხოვრებაში ბევრი ისეთი რამ ხდება, რასაც ვერასოდეს წარმოიდგენ. ვიღაც ტიპი გავიცანი, ლამაზი, განათლებული და სანამ შოთიკოს ვნახავდი, მისით მოვიხიბლე. იმ გრძნობას, რასაც მის მიმართ განვიცდიდი, სიყვარულს ვერ დავარქმევ, თუმცა ფაქტია, ცოლობაზე დავთანხმდი.
– რატომ, თუკი არ გიყვარდა?
– არ ვიცი, ალბათ იმიტომ, რომ მშობლებმა მირჩიეს, ჩემი მომავალი მეუღლით მთელი სამეგობროც აღფრთოვანებული იყო. ქორწინებიდან პირველი რამდენიმე კვირა სინდისის ქეჯნა მაწუხებდა, აღარ ვიცოდი, როგორ უნდა ჩავსულიყავი სოფელში ბებიასთან, როგორ უნდა შემეხედა შოთიკოსთვის. მერე თანდათან დამავიწყდა პირველი სიყვარული და მთლიანად ოჯახურ პრობლემებზე გადავერთე.
– რა პრობლემებზე, არჩევანმა არ გაამართლა?
– ვერ ვიტყვით, რომ რაღაც განსაკუთრებულად საზიზღარი ხასიათი ჰქონდა, უბრალოდ, ამ ადამიანთან საერთო ვერაფერი ვიპოვე. კარჩაკეტილი ოჯახი იყო, არც სტუმრობა იცოდნენ და არც მასპინძლობა. ჩემს ქმარს ოღონდ 50 თეთრი დაეზოგა და ტრანსპორტშიც არ ჩაჯდებოდა. შეეძლო, თავისუფლების მოედნიდან საბურთალომდე ფეხით ეწანწალა. დედამთილი კი მეორე დღის პურს ყიდულობდა ჩვენს სახლთან ახლოს მაღაზიაში, მას 5 თეთრით ნაკლებად აძლევდნენ. და ეს მაშინ, როცა ეკონომიკურად არ უჭირდათ. სრულიად განსაკუთრებული მოვლენა იყო მამამთილი, თუმცა მათზე საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ჩვენი გაყრის მთავარი მიზეზი უშვილობა გახდა. ორი წელი ისე გავიდა, არ დავფეხმძიმდი. გინეკოლოგთან ვიყავი, მითხრა ჯანმრთელი ხარო, ჩემი ქმარი კი გამოკვლევაზე ვერ მივიყვანე, უშვილო რომ თავად გამომდგარიყო, ყველაფერს მე როგორღა დამაბრალებდნენ?
– ქმართან გაყრის შემდეგ გადაწყვიტეთ, შოთიკოს დაკავშირებოდით?
– ეს მოულოდნელი შეხვედრა იყო. სამსახურის თაობაზე ჯანდაცვის სამინისტროში ვიყავი. როცა უკან ვბრუნდებოდი, ჩემ გვერდით მანქანა გაჩერდა, მძღოლი გადმოვიდა და გამიღიმა. ეს შოთიკო იყო, მაგრამ საოცრად შეცვლილი, გამხდარი, თვალებჩაცვენილი. მას სოფელში ძლიერი ოჯახი ჰქონდა. მის მშობლებს ფერმა გაუყიდიათ, თბილისში ბინა შეუძენიათ და შოთიკო საცხოვრებლად ქალაქში გადმოსულა. მუშაობა დაუწყია. შოთიკო განათლებული, ნიჭიერი ახალგაზრდა იყო, ამიტომ ყველაფერი იოლად გამოსდიოდა. მან, როგორც ღირსეულმა ადამიანმა, ძველი წყენა არც კი შეიმჩნია, ყავაზე დამპატიჟა და უხერხულ კითხვებსაც თავს არიდებდა. რომ მეთქვა, ქმარს გავშორდი-მეთქი, პირდაპირი გამოწვევა იქნებოდა, მაგრამ ტყუილიც არ შემეძლო, მით უმეტეს, რომ წლების შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი – შოთიკო ისევ მიყვარდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე ნაკლები სისულელე არც მას გაუკეთებია.
– წამალს გულისხმობ?
– კი, როგორც ჩანს, ცუდ წრეში მოხვდა, ან სუსტი ნებისყოფა ჰქონდა. ასე თუ ისე, სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. ჩემთვის სიმართლე არ დაუმალავს. ისიც მითხრა, თუ თანახმა ხარ ასეთი კაცის გვერდით იცხოვრო, მზად ვარ, დღესვე ცოლად მოგიყვანოო. არც კი დავფიქრებულვარ, ისე დავთანხმდი. ჩემი მშობლები ლამის გადაირივნენ. ქმარს ერთი კვირის წინ გაშორდი და ასე უცბად გათხოვებაზე როგორ იფიქრეო, ნამდვილი შოკი კი მაშინ მიიღეს, როცა გაარკვიეს, რომ შოთიკო წამალს იკეთებდა.
მთელი ცხრა თვის განმავლობაში, სანამ ბავშვი მეყოლებოდა, დედაჩემმა გადამრია. მაგ ნარკომანს მახინჯი ბავშვი ეყოლება, შენ კი წამლის გულისთვის გაგყიდისო. საბედნიეროდ, ანგელოზივით გოგონა დაიბადა. ახალშობილი ისეთი ლამაზი იყო, ასი ბავშვიდან გამოარჩევდი. როცა გოგონა შინ მივიყვანეთ, მეგონა, ყველაზე რთული პერიოდი უკან დარჩა, ბავშვი შოთიკოს გამოცვლიდა, მაგრამ ნამდვილი ჯოჯოხეთი ამის შემდეგ დაიწყო. შოთიკო უკვე დღეში რამდენჯერმე იკეთებდა წამალს, დანარჩენი დრო იმაზე ფიქრობდა, სად ეშოვა შემდეგი დოზა. აღარც მე მერიდებოდა, ან როგორ შეიკავებდა თავს, „ლომკა“ რომ დაეწყებოდა და ოფლში გაღვრილს მთელი სხეული უკანკალებდა. ჩემი მშობლები მეხვეწებოდნენ, გაშორდი, თავს ნუ მოაკვლევინებ, შენც და შენს შვილსაც ჩვენ მოგხედავთო, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, შოთიკო მაინც მიყვარდა და მჯეროდა, რომ ადრე თუ გვიან, წამალს ჩემი ქმრის გონიერება აჯობებდა.
– თვითონ ფიქრობდა ნარკოტიკებისთვის თავის დანებებას?
– ამაზე ალბათ ყველა ნარკომანი ოცნებობს, მაგრამ მთავარია ნებისყოფა. წამლის გამო ოჯახში სკანდალს არასოდეს ვაწყობდი, ვცდილობდი, ისე დავლაპარაკებოდი, როგორც ექიმი პაციენტს. მინდოდა ეგრძნო, რომ, მისი კარგად მესმოდა, მაგრამ გამოსავალი აუცილებლად უნდა გვეპოვა. ვისაც ნარკომანთან ურთიერთობა არ ჰქონია, ვერასოდეს წარმოიდგენს, რა გადავიტანე, მაგრამ არ ვიმჩნევდი.
წლების წინ შოთიკომ ყველაფერი მაპატია ისე, რომ განმარტებაც არ მოუთხოვია. ამას ვერასოდეს დავივიწყებ. ერთ დღესაც მას წამლის დიდი დოზა მოუვიდა და გონება დაკარგა. სანამ სასწრაფო მოვიდოდა, მეგონა, რომ მოკვდა. თუმცა ექიმებმა შოთიკოს გადარჩენა მოახერხეს. მეორე დღეს, როცა მეუღლეს საავადმყოფოში სადილი მივუტანე, გადაღლილი, შეშლილი სახე მქონდა. ის კი თვალებში შემომცქეროდა. ყველაფრის მიუხედავად, ქმარს გავუღიმე და ვუთხარი, რომ ძალიან მიყვარდა. შოთიკომ თავზე ბალიში წაიფარა, მივხვდი, ცრემლების დაფარვას ცდილობდა. ეს სირცხვილისა და სინანულის განცდა იყო, არც შევმცდარვარ. იმ დღეს პირველად მომცა პირობა, რომ ნარკოტიკს აღარ გაეკარებოდა და შეასრულა კიდეც.
– წამალს გადაეჩვია? როგორც ვიცი, ეს ძალიან რთული პროცესია.
– „ლომკით“ არავინ მომკვდარა, შოთიკომ კრიზისი დაძლია და დღეს ჩვენზე ბედნიერი წყვილი არსად მეგულება. დარწმუნებული ვარ, ამის შემდეგაც ოჯახში უამრავი პრობლემის გადაწყვეტა მოგვიწევს, მაგრამ ჩვენმა სიყვარულმა ისეთ გამოცდას გაუძლო, მას ვეღარაფერი დაემუქრება.

წყარო: რეიტინგი

FB კომენტარები

კომენტარი