ნანკა კალატოზიშვილი: 19 წლის ასაკში მივხვდი, რომ ბიჭი არ ვარ და თავი გოგოდ ვიგრძენი

726
SHARE

ზაფხულში მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა და მისმა ბიჭუნამ – დანიელმა ერთმანეთი უკეთ გაიცნეს: დედა-შვილი ერთად მშვიდ გარემოში ისვენებდა. ამასობაში კი დანიელის მამა – ირაკლი კეიდია სერიალ “ქერჩის” გადაღებაში მონაწილეობდა… ამჟამად, ნანკა მუსიკისა და დრამის თეატრში რეპეტიციებს გადის – სპექტაკლის “სამი და” პრემიერისთვის ემზადება.

– ნანკა, შეგიძლია, მუსიკისა და დრამის თეატრში შენი პირველი როლი გაიხსენო?
– ეს იყო დოის სპექტაკლში – “მაკულატურა”. საინტერესო პიესა გახლდათ. სხვათა შორის, “მაკულატურაში” ჩემი როლი ბევრ რამეში დამეხმარა: ცხოვრებაში რთული პერიოდის გაანალიზებაში, ფასეულობების გადაფასებაში, მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში… თუ არ ვცდები, 2006 წელი იყო.

– პირველი ჰონორარი…
– 12 წლის ვიყავი, როცა საყმაწვილო თეატრიდან სპექტაკლით ჩეხეთში გავემგზავრეთ. პირველი ჰონორარი იქ ავიღე და ძალზე გაკვირვებული ვიყავი. მაშინ მივხვდი, რომ საკუთარი ფული კარგი რამ ყოფილა.

– რაში დახარჯე, გახსოვს?
– საჩუქრებში. თან, მაშინ დისშვილი გამიჩნდა და მისთვის საჩუქრების შეძენით ვერთობოდი, ეს ძალიან მომწონდა.

– პირველი პაემანი…
– პაემნები არ მქონია, ამიტომ ვერ გავიხსენებ (იცინის)… ვიდრე ადამიანს შევიყვარებდი, მანამდე მასთან დიდხანს ვმეგობრობდი, ამიტომ პაემნის პონტი არ მქონია. ასეთი რაღაცები არ მიყვარს.

– პირველი სიყვარული…
– 19 წლის ასაკში მეწვია. ჩემი ჯგუფელი იყო.

– პირველი სიგარეტი…
– ზღვაზე ყოფნისას, 25 წლისამ მოვწიე და ამას ძალიან ვნანობ.

– მოწევა რატომ გადაწყვიტე?
– ამაზე პირდაპირი პასუხი მაქვს: იდიოტი ვარ! 25 წლამდე სიგარეტი არ მომიწევია. სამწუხაროდ, ახლა ვეწევი. 4 თვე თავი დანებებული მქონდა, მაგრამ ისევ დავიწყე… უნებისყოფობა მჭირს. თან, მოწევა ისეთ ასაკში დავიწყე, როცა ხალხი თავს ანებებს…

– შენ შესახებ გავრცელებული პირველი ჭორი…
– სხვათა შორის, ჩემზე ჭორების გავრცელება აჩიკო მეფარიძის კლიპში გამოჩენის შემდეგ დაიწყეს. პირველი ჭორი, რომელიც შევიტყვე, ის იყო, რომ თითქოს, გადასაღებ მოედანზე მართლა ნარკოტიკს ვიღებდი. ძალიან მეწყინა, რადგან მეგონა, კარგად ვითამაშე, მაგრამ თურმე, “არ მითამაშია” (იცინის). ძალიან შეურაცხყოფილი ვიყავი.

– შვილმა პირველად რით გაგაოცა?
– რაღა დაგიმალოთ და, ყოველდღე მაოცებს. ყველა მის საქციელს გიჟივით ვაკვირდები. აი, ძილში რომ მეფერება, ამაზე ვგიჟდები: თვალს ოდნავ გაახელს, დამინახავს, უხარია და სახეზე მეფერება…

– პირველი რეაქცია, როცა შენი ბიჭუნა დაინახე…

– ტვინის მობილიზება მოვახდინე და მაშინვე შევამოწმე, ყველაფერი წესრიგში ჰქონდა თუ არა. მიუხედავად იმისა, რომ კარგი ექიმი მყავდა, მაინც ვფრთხილობდი, – რამე არ გამოეპაროთ-მეთქი. ჩემი მეგობრების შვილების სახით ბევრი მაგალითი მქონდა: დაუდევრობის გამო, ზოგ პატარას პრობლემა ერთი კვირის შემდეგ აღმოაჩნდა.

– პირველი დიეტა…
– არ ვიცი, დიეტად ჩაითვლება თუ არა, მაგრამ 13-დან 18 წლამდე, საღამოს 6 საათის შემდეგ არაფერს ვჭამდი. ახალი წლის დღესასწაულზეც კი ასე ვიქცეოდი, ასეთი “წიკი” მქონდა. მერე, ინსტიტუტში რომ ჩავაბარე, ცხოვრების წესი შემეცვალა – რეპეტიციების გამო, შინ გვიან ვბრუნდებოდი და თან – ძალიან მშიერი… დიეტის დაცვა ყოველთვის მიჭირდა და დაწყებიდან მეორე-მესამე დღეს ვარღვევდი. როცა საკვების შეზღუდვას ვცდილობ, ყველგან შოკოლადი მელანდება. ერთადერთი, ნინი ბადურაშვილისგან ნასწავლი 1-კვირიანი დიეტა დამიცავს: 2 საათში ერთხელ უნდა ჭამო. კვების რაციონში ყავაც არის, ხილიც, კეფირიც, შოკოლადიც, ხორციც (ხორცს არ ვჭამ, ამიტომ ხაჭოთი ვანაცვლებდი)… ძალიან კარგი ეფექტი აქვს. როცა წონაში მომატებული ვარ და უცებ დაკლება მჭირდება, ამ დიეტას ვიცავ. მხოლოდ “გრეჩიხის” ჭამა და შიმშილი არ შემიძლია.
– პირველად ხორცის ჭამაზე უარი როდის თქვი? მას შემდეგ პირობა არ დაგირღვევია?
– არასოდეს დამირღვევია. როცა ლაპარაკი დავიწყე და ვხვდებოდი, ხორცი რა არის, ვამბობდი, რომ არ მინდოდა. მას მერე, რაც 6 წლის გავხდი, ხორცის ჭამას აღარ მაძალებენ. მისი გემო ყოველთვის მეზიზღებოდა.

– ვეგეტარიანელი ხარ?

– ვეგეტარიანელებიც სხვადასხვანაირები არიან: ზოგი რძის პროდუქტს არ ჭამს, ზოგი კვერცხს არ მიირთმევს. ვეგანებიც არსებობენ, რომლებიც ცხოველურ პროდუქტს საერთოდ არ ჭამენ. პირადად მე, ხანდახან შემწვარ კვერცხს ვჭამ, თევზს კი ძალიან იშვიათად გეახლებით.

– პირველი სერიოზული გამოცდა ცხოვრებაში…
– თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარებისას ძალიან ვინერვიულე. თან, მაშინ ტუჩგახვრეტილი დავდიოდი, განსხვავებული იმიჯი მქონდა. გარეგნულ ცვლილებასთან ერთად, იძულებული ვიყავი, კაბა ჩამეცვა (რომელიც არ მქონდა და ძლივს ვიშოვე), რომ ინსტიტუტში ჩემს მიღებაზე უარი არ ეთქვათ (იცინის)… შემდეგ გამოცდებზე ვნერვიულობდი. უმაღლესი ქულები რომ მივიღე, უბედნიერესი ვიყავი.

– საკუთარი თავი მომხიბვლელ გოგოდ როდის აღიქვი?
– სავარაუდოდ, მაშინ, როცა პირველი შეყვარებული გამიჩნდა. ბიჭების გარემოცვაში გაზრდილი ვიყავი და პაემნების ხსენებაზეც მეცინებოდა. 19 წლისა მივხვდი, რომ ბიჭი არ ვარ და თავი გოგოდ ვიგრძენი (იცინის).

– პირველი დეპრესია…

– დეპრესია არასდროს მქონია. მამის გარდაცვალება კი ძალიან განვიცადე. მაშინ 13-14 წლის გახლდით, ეს ამბავი რთულად გადავიტანე.

– პირველი უთანხმოება ძმასთან…
– ალბათ, ეს შორეულ ბავშვობაში იყო: მისთვის რაღაც ჩამირტყამს და მასაც ჩაურტყამს ჩემთვის (იცინის). ისე, ძალიან დემოკრატიული ოჯახი გვაქვს. კონფლიქტი არასოდეს გვქონია.

– პირველი წარმატებული ნაბიჯი…

– მიუხედავად იმისა, რომ კლიპმა – “მშვიდობით” ბევრი ნეგატიური ჭორი მომიტანა, მიმაჩნია, რომ ძალიან წარმატებული იყო. მასზე ისე ვიმუშავეთ, როგორც ფილმის გადაღებაზე მუშაობენ. პოპულარული ამ კლიპითა და ტელევიზიით გავხდი. ისე კი, წარმატებულ ნამუშევრებად სპექტაკლებს მივიჩნევ.

– პირველი ტყუილი…

– ჩემი ტყუილების გამო, ბოლოს დედაჩემი ძალიან ნერვიულობდა. ტყუილები მიყვარდა, თან – იცი, როგორ? ფანტაზიორობას ვიწყებდი, ამბებს ვიგონებდი და მგონი, ბოლოს თავადვე ვიჯერებდი. ბავშვობიდან ოსტატურად ვიტყუებოდი, მაგრამ პირველი ტყუილი რომელი იყო, არ მახსოვს… მოკლედ, მატყუარა ვიყავი. მგონი, ჩემი შვილიც ასეთია (იცინის).

GzaPress

– რაიმე ოინი მოუწყვია?

– მაგალითად, ჩვენს საცხოვრებელ პერიმეტრზე მინიმუმ 4 მაღაზიაა, სადაც სათამაშო მანქანები იყიდება. ჰოდა, ქუჩაში სეირნობისას მეუბნება, – იქით წავიდეთო და მაღაზიისკენ მივყავარ. გზაში ვხვდები, რატომაც მექაჩება ამა თუ იმ მხარეს და ვცდილობ, შემოვატრიალო. შეიძლება როგორღაც წამომყვეს, მაგრამ მერე სხვა მაღაზიისკენ მივყავარ. სულ მაღაზიების მიმართულებით დავყავარ, მაგრამ ამას ძალზე ოსტატურად აკეთებს. არადა, სათამაშოებს ყოველდღე ხომ არ ვუყიდი? მაგრამ მეოთხე მაღაზიამდე რომ მიმიყვანს, თან ისე, რომ ვერც ვხვდები იქ როგორ აღმოვჩნდით, აი, მერე კი ვფიქრობ, – დაიმსახურა-მეთქი და მისთვის რაღაცას მაინც ვყიდულობ (იცინის).

– პირველად რამ გაგაბრაზა?

– რუსულ საბავშვო ბაღში რომ დავდიოდი, იქ დამსაჯეს. სავარაუდოდ, ცუდად ვიქცეოდი და ამის გამო, ცალკე ოთახში ჩამკეტეს. თავი დამცირებულად ვიგრძენი, უფრო მეტად გავბრაზდი და გამიმძაფრდა სურვილი, რამე ცუდი ჩამედინა… უკვე ვიცი, რომ ბავშვებთან დასჯის ასეთი მეთოდი არ ჭრის.

– პირველი ქურდობა…

– ეს ამბავი ქართულ საბავშვო ბაღს უკავშირდება: ლარნაკი და ყვავილები დავხატე. ძალიან მინდოდა, სახლში წამეღო და მშობლებისთვის მეჩვენებინა, მაგრამ მასწავლებელი არ მატანდა. დაველოდე, როდის მიტრიალდებოდა, მერე ნახატი ავიღე, დავკეცე და ჩემს პატარა ჩანთაში ჩავდე. ამის გამო დამტუქსეს და სახალხოდ შემარცხვინეს. ვერ გავიგე, საკუთარ ნახატს რატომ არ მატანდნენ? მე ხომ მინდოდა, ის მშობლებისთვის მეჩვენებინა! მახსოვს, დაკუჭული ნახატი ჩანთიდან როგორ ამოიღეს, წამართვეს და ბევრი ბავშვის თანდასწრებით გამლანძღეს. ძალიან შემრცხვა…

– პირველი ინტერვიუ…

– მაგდა ანიკაშვილმა ჩამომართვა. მახსოვს, თეატრალურის წინ, კაფეში ვისხედით. საუბრის თემა არ მახსოვს. ალბათ, მეტ-ნაკლებად, ყველაფერზე ვილაპარაკეთ.

წყარო: www.gzapress.ge

FB კომენტარები

კომენტარი