“მომღერალმა გზამ” ადგილობრივები გააგიჟა (ვიდეო)

191
SHARE

ფრისლანდიის(ნიდერლანდები) მთავრობა იძულებული გახდა, ადგილობრივ სოფელ იელსუმში საავტომობილო გზის მუსიკალური საფარის დემონტაჟი ჩაეტარებინა. ამის მიზეზი იქ მცხოვრებთა მასობრივი პროტესტი გახდა, “მომღერალი გზის” მელოდიამ, მათი თქმით, ისინი ჭკუიდან გადაიყვანა.

ჰოლანდიის პროვინცია ფრისლანდიის ჩინოვნიკებმა გადაწყვიტეს, საკმაოდ ორიგინალურად აღენიშნათ 2018 წლის ევროპის კულტურულ დედაქალაქად ქალაქ ლეუვარდენის დასახელება. მათ გადაწყვიტეს, ადგილობრივ სოფელ იელსუმში მუსიკალური გზა დაემონტაჟებინათ, რომელიც მანქანის გავლისას, გზაზე სპეციალური ნიშნულების დახმარებით, ნაციონალურ, ფრილანდიურ ჰიმნს ასრულებდა. ამასთან, თუკი მანქანა 60კმ/ს -ზე მეტი სიჩქარით გაივლიდა, ხმა მახინჯდებოდა. ადგილობრივი ხელისუფლების აზრით, ეს მძღოლებისთვის მოტივაცია უნდა გამხდარიყო სიჩქარის რეჟიმის დაცვისთვის – იმისთვის, რომ ჰიმნი მოესმინათ, მათ სიჩქარე უნდა დაეკლოთ.

ხელისუფლებას გზის გაკეთება 80 ათასი ევრო დაუჯდა, მაგრამ მათ ადგილობრივები ვერ გაითვალისწინეს. საქმე ისაა, რომ როდესაც გზის იმ მონაკვეთზე რამდენიმე მანქანა ერთდროულად მოძრაობდა, ჰიმნი კაკაფონიაში გადადიოდა, რომელსაც ჰოლანდიელებმა ფსიქოლოგიური წამება უწოდეს. შედეგად, ხელისუფლებამ გზის დემონტაჟი მოახდინა, “მომღერალმა გზამ” 4 დღეც ვერ გასტანა.

Comments

comments