მისამართზე მისულმა საქართველოს ფოსტის კურიერმა უგონოდ მყოფი კაცი სიკვდილს გადაარჩინა

292
SHARE

გახსოვთ სიკო დოლიძის ძველი ქართული ფილმი „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“, სადაც მოხუცი ფოსტალიონი ორსულ გოგონას ბედზე მიუსწრებს და ექიმების მოსვლამდე ამშობიარებს? ამ ფილმის ერთ-ერთი მთავარი მორალი ისაა, რომ ადამიანის მიერ ჩადენილი სიკეთე და გულისხმიერება გადამდებია. სიკეთე აუცილებლად წარმოშობს პოზიტიურ ტალღებს, რისი განსახიერებაც, აღნიშნულ ფილმში, ახალშობილის დაბადებაა.

ვერავინ იფიქრებდა, რომ თანამედროვე სამყაროში წერილების გაგზავნის ტრადიციულ მეთოდს ჯერ კიდევ შეეძლო ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, მაგრამ თურმე ყველაფერი ხდება. ოცდამეერთე საუკუნეში საქართველოს ფოსტას თავისი გმირი ჰყავს, რომელმაც წერილების დარიგებისას ერთ-ერთი ადრესატი სიკვდილისგან იხსნა.

ლევან ნონიკაშვილი წელიწადზე მეტია საქართველოს ფოსტაში კურიერად მუშაობს და ყოველდღიურად, სხვადასხვა მისამართებზე, ამანათებსა და წერილებს არიგებს. ამ ხნის განმავლობაში, მას ხშირად უწევდა ბატონ შალვა ცხადიასთან წერილების მიტანა. ერთ ასეთ დღეს კი, მისამართზე მისულმა ლევანმა აღმოაჩინა, რომ ადრესატი უგონო მდგომარეობაში იყო. ახალგაზრდა კურიერი არ დაიბნა და მის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთა.

„ბატონ შალვასთან ხშირად მიმაქვს ხოლმე წერილები. როგორც წესი, მას კარები ყოველთვის ღია აქვს ხოლმე. მისამართზე მისულმა აღმოვაჩინე, რომ გონებას კარგავდა, ხმას არ მცემდა და არაფერზე რეაგირებდა“ – იხსენებს ლევან ნონიკაშვილი.

შექმნილმა ვითარებამ ლევანი არ შეაშინა. მან მაშინვე დარეკა სასწრაფოში, მანქანას დახვდა და მისამართზე მიიყვანა. როგორც გაირკვა, მოხუც კაცს გულის შეტევა ჰქონდა. სანამ ექიმები საკუთარ მოვალეობას ასრულებდნენ, ლევანს ფეხი არ მოუცვლია ადგილიდან. ელოდებოდა, როდის მოვიდოდა გონს ბატონი შალვა.

„ბატონი შალვა მარტოხელა კაცია, სრულიად მარტო ცხოვრობს. როგორც კი მივხვდი, რომ უგონოდ იყო, მაშინვე სასწრაფოში დავრეკე და ოპერატიულ მანქანას დიდუბეში დავხვდი და მისამართზე ერთად მივედით. როგორც აღმოჩნდა, გულის შეტევა ჰქონდა ბატონ შალვას. სასწრაფოს ექიმებმა ყველაფერი იღონეს მის დასახმარებლად. სანამ გონზე არ მოიყვანეს, იქ ვიყავი და ველოდები“ – ამბობს ლევან ნონიკაშვილი.

ბატონი შალვა ცხადია ლევანს ჩვენი დროის გმირს უწოდებს და ამბობს, რომ ახალგაზრდა ბიჭმა მას ახალი სიცოცხლე აჩუქა. სწორედ მან სთხოვა საქართველოს ფოსტას ამ ამბის გახმაურება, რადგან სურს, რომ ლევანს მთელი საქართველო იცნობდეს.

„ეგ კაცი ნამდვილად ღმერთმა გამომიგზავნა“, – ამბობს შალვა ცხადია – „შუადღისას ლოგინში ვიწექი, როცა მივხვდი, რომ ცუდად ვხდებოდი. ძალა არ მეყო, რომ ავმდგარიყავი და რამე მემოქმედა, კინაღამ ბედს დავნებდი. ამ დროს შემოვიდა ლევანი და ნახა, რომ გონებას ვკარგავდი. მეუბნებოდა, ასე არ დაგტოვებ, არ შეგეშვებიო“ – იხსენებს ბატონი შალვა.

„ლევანმა სასწრაფოში დარეკა და ბოლომდე აქ იყო, სანამ უკეთ გავხდი. ამ ბიჭმა ახალი სიცოცხლე მაჩუქა და სიკვდილს გადამარჩინა, არ დაანება მიქელ-გაბრიელს ჩემი წაყვანა. არ შემეშვა იქამდე, სანამ ექიმებმა არ ამალაპარაკეს, სანამ სული არ მოვითქვი. იმის შემდეგ ფეხზე დავდექი, ახლა კარგად ვარ. დიდი სურვილი მაქვს, რომ ამ ღვთისნიერ კაცს ყველაფერი საუკეთესო ჰქონდეს. მთელი საქართველო უნდა იცნობდეს ამ კაცს, დიდი მადლობელი ვარ ლევანისი“ – ამბობს ბატონი შალვა.

ლევან ნონიკაშვილი და შალვა ცხადია ერთმანეთს დღემდე ხვდებიან. ლევანი აგრძელებს მისთვის წერილების მიტანას და რამდენჯერაც მას სტუმრობს, ბატონი შალვა ლევანის მიმართ მადლიერებას დაუღალავად გამოხატავს.

„ლევანი რომ არა, ახლა ვერც თქვენ დაგელაპარაკებოდით და ვერც ვერავის. მას უნდა ვუმადლოდე, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ“ – ამბობს შალვა ცხადია.

ახლა ბატონი შალვა თავს კარგად გრძნობს და ცხოვრებას ჩვეულ რიტმში აგრძელებს. ჯიუტი ვარო, აცხადებს, მაგრამ ამ შემთხვევამ ბევრი რამ ასწავლა და ექიმის დანიშნულ წამლებს წესისამბერ იღებს. შალვას სჯერა, რომ სიკეთე გადამდებია და ლევანი შეიძლება ბევრისთვის სამაგალითო გახდეს.

წყარო:on.ge/story

FB კომენტარები

კომენტარი