“მინდა მთელი საქართველო იცნობდეს ამ ორ ადამიანს” – ანიტას მკურნალობის ხარჯებს ინდოელი ბიზნესმენი დაფარავს

139
SHARE

ბრძოლა 2 წლის ანიტას სიცოცხლის გადასარჩენად გრძელდება. გოგონა, რომელსაც გუ­ლის გა­და­ნერგვა ესა­ჭი­რო­ე­ბა, ამ­ჟა­მად ინ­დო­ე­თის კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბა.
საზოგადოება კი ინფორმაციას მისი ჯანრთელობის შესახებ გოგონასთვის სპეციალურად შქმნილი ჯგუფიდან “ანიტასთვის” იგებს.
სწორედ ამ ჯგუფის საშუალებით გოგონას დედა მარიამ სადრაძე  ანიტას მდგომარეობის, ინდოელი ბიზნესმენის,  რომელმაც გოგონას მკურნალობის ხარჯების დაფარვის სურვილი გამოთქვა და  საქართველოს ელჩის ინდოეთში, არჩილ ძულიაშვილის შესახებ წერს.

“მოგესალმებით! შობას სასწაულები ხდებაო ბევრმა დაწერეთ და სასწაული ამბავი უნდა გითხრათ. ცოტა შორიდან დავიწყებ: ინდოეთში ჩამოსულებს აეროპორტშივე დაგვხვდა საქართველოს ელჩი ინდოეთში, ბატონი არჩილ ძულიაშვილი. იმ წუთიდან ყოველთვის ვგრძნობდით მის თავდაუზოგავ დახმარებასა და მორალურ მხარდაჭერას.

ბატონი არჩილის ინდოელი მეგობრებიც ყოველდღიურად გვედგნენ გვერდში. მოდიოდნენ ანიტას სანახავად და გამოთქვამდნენ მზაობას მხარდასაჭერად. მათ შორის ერთ-ერთმა Dr. S. Jagathrakshakan-მა გამოხატა არა მხოლოდ მორალური, არამედ ფინანსური მხარდაჭერის სურვილიც. Dr. S Jagathrakshakan არის ცნობილი ბიზნესმენი, პოლიტიკოსი, ქველმოქმედი და უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანი, რომელმაც გულთან ახლოს მიიტანა ანიტას ამბავი. ვისაც დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ მოცემულ ლინკზე გაეცნოთ დაწვრილებით ინფორმაციას მისი ბიოგრაფიის შესახებ: http://theaccordworldwide.com/founders-desk.html

დღეს საღამოს გვესტუმრნენ Dr. S Jagathrakshakan-ის კომპანიის წარმომადგენლები, მოინახულეს ანიტა და დაგვპირდნენ, რომ მკურნალობის ხარჯების დაფარვაში დაგვეხმარებოდნენ. ეს იმდენად დიდი სასწაული იყო ჩვენთვის, რომ დაბნეულობისგან მადლობის თქმაც კი ძლივს მოვახერხეთ.

შეგახსენებთ, რომ ინდოელმა ექიმებმა გადაწყვიტეს თერაპიული კურსი სცადონ და თუ არ გაამართლებს, ამ შემთხვევაში დაგეგმონ ოპერაცია. ჩვენთვის ეს პატარა შანსი უფლის საჩუქარი იყო და მასზე თანხების უქონლობის გამო უარის თქმა წარმოუდგენელი იქნებოდა. შეუძლებელია კლინიკამ წინასწარ გაგიკეთოს მკურნალობის კალკულაცია, რადგან არავინ იცის რამდენ ხანს გასტანს ის და რა კვლევები თუ წამლები დაგვჭირდება პროცესში. ჩვენ კი მხოლოდ ოპერაციის თანხა გვქონდა შეგროვებული. ამის გამო საგონებელში ჩავვარდით, გვიჭირდა ხალხისთვის გვეთხოვა გაურკვეველი ოდენობის თანხების შეგროვება. თანაც ვიცით რამდენი გაიღეთ ჩვენ გამო. იმასაც კარგად ვაცნობიერებთ, რომ ჩვენ მსგავსად უამრავ მშობელს უჭირს.

ასეთი დიდი პრობლემიდან გამოსავალი კი ბატონი არჩილის მონდომებისა და Dr. S Jagathrakshakan-ის კეთილშობილების შედეგად გამოვნახეთ. ახლა სიტუაცია ასეთია: თქვენი უდიდესი თანადგომის შედეგად გვაქვს შეგროვებული ოპერაციის თანხა. უფლის წყალობით, თუკი თავიდან ავირიდებთ ქირურგიულ ჩარევას, ეს ფული მოხმარდება სხვა ბავშვებს, რომლებსაც იმ მომენტში ექნებათ ამის დიდი საჭიროება.

მანამდე კი საქვეყნოდ დიდ მადლობას ვუხდი ბატონ არჩილსა და Dr. S Jagathrakshakan-ს. მინდა მთელი საქართველო იცნობდეს ამ ორ ადამიანს, რომლებმაც სრულიად უანგაროდ გამოხატეს ჩვენი დახმარების სურვილი და გვჯერა ამ ბრძოლის ბოლომდე ჩვენ გვერდით იქნებიან. ბოლოს კი ერთად გავიმარჯვებთ.

თქვენ კი ჩვენო კეთილო ადამიანებო, რომლებიც მუდამ მზად ხართ ჩვენს დასახმარებლად, დიდ მადლობას მოგახსენებთ და გთხოვთ, რომ ლოცვებით დაგვიდგეთ გვერდში <3 პ.ს. როგორც კი პირველი ჩარიცხვა განხორციელდება, მაშინვე მოგახარებთ”! – წერს მარიკო სადრაძე.

FB კომენტარები

კომენტარი