მილან კუნდერა – ყოფის აუტანელი სიმსუბუქე

998
SHARE

ძლიერ ქალებს უფრო ძლიერი კაცები სჭირდებათ და რადგან ძლიერ ქალზე უფრო ძლიერი კაცი იშვიათია, ამიტომაც ასეთი ქალები ხშირად მარტონი რჩებიან – ეს ბოლოდროინდელი დასკვნა კუნდერამ კიდევ უფრო განმიმტკიცა. ყოფის სიმძიმისა და სიმსუბუქის დეფინიციები ჯერ კიდევ შესავალშია. მთელი წიგნი კი ამ ორი ცნების ფაქტებით გამტკიცებაა, ადამიანთა ქცევის ფსიქოლოგიური ახსნა.
“მუდმივად გამეორების სამყაროში ჩვენს ყოველ საქციელს აუტანელი პასუხისმგებლობის სიმძიმე აწევს. რაც უფრო  მძიმეა ტვირთი, მით უფრო ახლოა ჩვენი ცხოვრება მიწიერთან, უფრო ნამდვილია. ტვირთის უქონლობა პირიქით, ადამიანს ჰაერზე მსუბუქს ხდის, მიწას, მიწიერ ყოფას აშორებს, მისი მოძრაობები იმდენადვე მსუბუქია, რამდენადაც მნიშვნელობას მოკლებული”.
ტერეზას ტვირთი ტომაშის მიმართ სიყვარულია, ტომაშისთვისაც ტერეზას სიყვარულია ასეთივე მძიმე. შესაბამისად მიწიერი და ნამდვილი. ყველაფერი 6 დაუჯერებელი შემთხვევითობით დაიწყო.
“მხოლოდ შემთხვევითობა შეიძლება მოგვევლინოს გზავნილად. ის, რაც აუცილებლობითაა განპირობებული მოსალოდნელია ან ყოველ დღე მეორდება, მუნჯია. მოგვმართავს მხოლოდ შემთხვევითობა და ვცდილობთ, ეს შემთხვევითობა ისე წავიკითხოთ, როგორც ბოშა ქალი კითხულობს ყავის ნალექის ნახატებს ჭიქის ფსკერზე. ვინც ყოველდღიურ ცხოვრებაში ასეთ დამთხვევებს ვერ ამჩნევს, მისი ცხოვრება მშვენიერების განზომილებას კარგავს”
მე მიყვარს შემთხვევითობები და არა სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილებები. ეს ორი სხვადასხვა რამეა. შემთხვევითობა მოვლენათა ჯაჭვია, რომელსაც ვერასდროს გაითვალისწინებ, შედეგი ყველაზე საინტერესოა.
ტერეზას უყვარს, როცა ტომაშს მისი ხელი უჭირავს, მაშინ გრძნობს თავს ყველაზე მშვიდად. ქალისა და კაცის ურთიერთობაში კი სიმშვიდე და სტაბილურობის განცდა ყველაზე მნიშვნელოვანია. ტერეზას ამ განცდას მხოლოდ ეს უქმნის. მუდმივად განიცდის ტომაშის საყვარლებს. ტომაშისთვის სიყვარული და სექსი სხვადასხვა რამეა და ერთმანეთს სულაც არ უკავშირდება. ამას ვერაფრით შეეგუა ტერეზა.
სიყვარული ქალთან წოლის სურვილში კი არ ვლინდება (ეს სურვილი უთვალავი ქალის მიმართ ჩნდება), არამედ მასთან ერთად ძილის სურვილში (ეს მხოლოდ ერთ ქალს უკავშირდება)book_50b4bb7a5770c
განსხვავებული პერსონაჟია საბინა, ტომაშის ერთ-ერთი საყვარელი. ის ძლიერია, საკუთარ თავში დარწმუნებული. ტერეზასა და საბინას შორის განსხვავება მათი ერთერთი შეხვედრისას კარგად ჩანს. კუნდერა ფიქრობს, რომ უნივერსიტეტში განათელბამიღებულ ადამიანს თვითნასწავლისგან ცოდნა კი არა, სხვაგვარი თავდაჯერებულობა და ცხოვრებისეული ძალა განასხვავებს.
როცა ტომაში გააცნობიერებს, რომ ყველაფერი, რაც ცხოვრებაში გააკეთა, ტერეზას გამო მოხდა, ახალ დასკვნას ჩამოაყალიბებს.
სიყვარული იწყება იმ წუთას, როდესაც ქალი თავისი პირველი სიტყვებით ჩვენს პოეტურ მეხსიერებაში აღიბეჭდება. მეტაფორები სახიფათოა. სიყვარული მეტაფორებით იწყება.
აქ ფიქრობ, ვის მიმართ იყენებ მეტაფორებს.
ტომაში მოულოდნელად იღებს გადაწყვეტილებებს, პირველად  უცებ ტოვებს ცოლ-შვილს, მეორედ უარს ამბობს საკუთარ პროფესიაზე, მესამედ ხელს არ აწერს პეტიციაზე. კუნდერა ცდილობს ახსნას მისი ქცევა. ადამიანებმა ხშირად არ იციან რამდენად სწორ გადაწყვეტილებას იღებენ, მაგრამ იმის კი სჯერათ, რომ იმას აკეთებენ, რაც იმ წუთს სურთ.
მე კიდევ მგონია, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას გამბედაობა სჭირდება, სურვილსაყოლილ გადაწყვეტილებებს ექსპრომტად კი მხოლოდ სუსტი ადამიანები იღებენ.
წიგნის ბოლო ნაწილი კომუნიზმის ეპოქას სულ სხვა ჭრილში წარმოაჩენს.
კიჩი ადამიანის მხედველობიდან გამორიცხავს ყველაფერს, რაც ადამიანის არსებობაში მიუღებელია. კიჩის სათავე ყოფის უპირობოდ მიღებაშია

ის პერიოდიც მთლიანად კიჩია.

მილან კუნდერა – ყოფის აუტანელი სიმსუბუქე

 

FB კომენტარები

კომენტარი