მიაჩნიათ თუ არა მკრეხელობად – რას აცხადებენ სასულიერო პირები გაბუნიას განცხადებაზე

1942
SHARE

“იესო ქრისტე აჭარაში უნდა მოსულიყო, ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, ყველა ხე ბიძინას ეზოში იქნებოდა გადატანილი” – ასეთი შესავალი გაუკეთა გადაცემა p.s -ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ აჭარაში ხეების მოჭრაზე გაკეთებულ სიუჟეტს, რასაც საზოგადოების ნაწილის და კერძოდ “ქართული მარშის” გაღიზიანება მოყვა.
გაბუნიას განცხადებას სოციალურ ქსელში სასულიერო პირებიც გამოეხმაურნენ:

დეკანოზი თამაზ ლომიძე თუ მაინცდამაინც რწმენასთან შეუთავსებელ უტაქტობაზე გვინდა საუბარი, გეტყვით რა არის ჩემთვის არა თუ ხუმრობით ნათქვამი, არამედ რეალურად წარმოუდგენელი შეურაცხყოფა და უპატივცემულობა ქვეყნის ყველაზე დიდი და ტრადიციული სარწმუნოებისა. ამ საშინელების ფონზე მართლმადიდებელი ერი სერიოზულად მსჯელობდა ე.წ. შუშის ხიდი და მილები უხდება თუ არა ნარიყალას. მე არ მეგულება მსოფლიოში ქრისტიანული ქვეყანა, სადაც ქვეყნის უდიდესი და უავტორიტეტულესი ეკლესიის საპატრიარქოს და კათედრალის გვერდით კაზინოებია გახსნილი და ვნებას აყოლილი ხალხი ირევა. დღესაც, როცა თბილისში ვარ, გაოგნებული ვუყურებ ხოლმე რიგში ჩამწკრივებულ სიონს, კაზინოს, საპატრიარქოს და ისევ კაზინოს ბარათაშვილის კუთხეში. ამის მომთმენი ხალხი, ჟურნალისტს უპირებს ერთი ხუმრობისთვის ცემას, სარწმუნოება შეგვილახაო.
P.S. წარმოგიდგენიათ ვინმეს წმინდა პეტრეს მოედანი რომში და ზედ კაზინოები?”

იერონიმე ქათამაძე, ათონზე მოღვაწე ბერი:
1) ბატონმა გიორგი გაბუნიამ, ნამდვილად დაუშვა შეცდომა, როცა ირონიულად წარმოთქვა გადაცემაში, ის რაც თქვა, რადგან მან წინასწარ იცოდა, რომ იესო ქრისტეს სახელი, ქართულ საზოგადოებაში არის ძალზედ სენსიტიური და მის დამაკნინებელ კონტექსტში მოხსენიებას, აუცილებლად მოჰყვებოდა უარყოფითი დამოკიდებულება, ამიტომ მიზანმიმართულ პროვოკაციულ განცხადებად მივიჩნევ მის მიერ გაჟღერებულ სიტყვებს. ამიტომ მან აუცილებლად უნდა მოიხადოს ბოდიში საჯაროდ!
2) ის რაც მოვისმინე და დავინახე, რუსთავი 2 ის შენობასთან, არის მეორე უკიდურესობა და ანტიქრისტიანული ბრბო, რომელშიც ქრისტეს გარდა ყველაფერი დავინახე. როგორ შეიძლება ქრისტიანმა ადამიანმა, ამ მძიმე მარხვაში მეორე ადამიანს, თუნდაც ათეისტს და მტერს მიაყენოს ამ დონის შეურაცხყოფა და დარწმუნებული ვარ, მანქანაში რომ არ მჯდარიყო ბატონი გაბუნია, აუცილებლად მოკლავდნენ სიამოვნებით, მინიმუმ დაასახიჩრებდნენ…
3) მიმაჩნია რომ ბატონი გაბუნიას ნათქვამი იმდენად დიდი სიმძიმის სიტყვა არ იყო, რამდენადაც ე.წ “ქრისტეს დამცველთა” მიერ შეძახილები: “იესო ქრისტეს როგორ აყენებ შეურაცხყოფას შენი დედა…..”, “ქრისტეს როგორ ახსენებ შე თე**ო” და ა.შ, ამის გაგონებაც კი მზარავს…
4) ჭეშმარიტი ქრისტიანები ორმოცეულის მარხვის პროცესში არიან და ელოდებიან უფლის აღდგომის დღესასწაულს, სინანულით და სიხარულით…. რომელ იქ მყოფ ადამიანში ამოიცანით მმარხველი?!
5) გაიჟღერა სიტყვებმა, “ეს რომ მუსლიმანურ ქვეყანაში მომხდარიყო, გაბუნიას ჩამოახრჩობდნენ, ან ცოცხლად გაატყავებდნენ და ჩვენ რატომ უნდა მოვითმინოთ”-ო.
ანუ გესმით თქვენ ეს სიტყვები რას ნიშნავს?! ადამიანებმა ისიც კი არ იციან რატომ არ უნდა მოკლან სხვა ადამიანი… იმიტომ რომ იმ უფალს, რომელსაც თითქოს თქვენ იცავთ, ნათქვამი აქვს თქვენდამი საუკუნეების წინ რომ არა “კაც-ჰკლა”!
თქვენ ვერ იაზრებთ, რომ ქრისტიანობა არ არის ჯიჰადისტობა?!
რომ გჭირდებათ მუსლიმებს ჰბაძავთ, მაგრამ მუსლიმებს კიარა ჯიჰადისტებს და რომ გჭირდებათ, ღორის თავს უკიდებთ მუსლიმებს მედრესეზე!
ღმერთმა შეგვამეცნებინოს ჭეშმარიტი ქრისტიანობა!

მღვდელმონაზონი ანდრია: ქრისტიანული სული და სიყვარული ისე მარტივად ,,ეწირება” ჩვენს შეგრძნებებს, გასაკვირი არ არის იოლად შევამჩნიოთ როგორ დავცილდით უფალს. არასდროს იწვევდა გაკვირვებასა და აჟიოტაჟს ქრისტიანულ წრეში უფლის უდიერად მოხსენიება, პირიქით, მდევნელ სავლეს მოუწოდა ღმერთმა და გახადა პავლე, განა არ გვახსოვს? ჩვენ როგორ ვცდილობთ დაკარგული ადამიანის მოქცევას? გინებით? გასაოცარია ქრისტიანთაგან უფრო უარესი უღმერთობა, უსიყვარულობა, მორწმუნის ბაგიდან ლანძღვისა და გინების მოსმენა. უფალმა აუკრძალა მსგავსი ქმედება და მკაცრად უთხრა მოციქულს ,,ჩააგე მახვილი ქარქაშში, რადგანაც ყველა, ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე დაიღუპება” (მთ. 26.52). სიყვარული და ადამიანის მოქცევის სურვილი უნდა იგრძნობოდეს ჩვენგან. მივუთითოთ და არ ვაგინოთ. ეს უფრო გავს პირადი ინტერესის ამოფრქვევას. ქრისტეზე მეტად, გარწმუნებთ, ჩვენს უღმერთობას ეტკინა!

FB კომენტარები

კომენტარი